„მშვიდობით ბავშვობის სიზმრებო!“ – ემოციური წერილი და მიმართვა სკოლადამთავრებულებს პედაგოგისგან
ავტორი: ქეთი ცირეკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩხოროწყუს რაიონის,სოფ.ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
ეს ქვეყანა შენია! შენ მომავალი ხარ! ძალა ხარ, იმედი და ის ოცნება ხარ, რომელიც შენს, ჩემს, ჩვენს სამშობლოს აუხდი.
გახსოვდეს, ქვეყნად ლორთქო ბალახიც არსებიბს და ჩექმებიანი ფეხიც, იუდაც და ქრისტეც, ერთგულებაც და ღალატიც. ვინ და როგორ გაიზრდები, ახლა შენზეა დამოკიდებული.
გიყვარდეს, რომ შეგიყვარონ, უერთგულე, რომ არ გიღალატონ.
ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოგიდგენია. ბევრი ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდება, ვიდრე ღირებულებების ზღვაში სათანადო არჩევანსა და მტკიცე ორიენტირს მოახდენდე. როცა გააცნობიერებ ყოველივე ამას, როცა გაარკვევ, რომ დაიუფლე თავი და ბრძანებლობ საკუთარ გრძნობებზე, როცა ააგებ სხეულის, სულისა და გონების სამკუთხედს, შეგიძლია თამამად თქვა -მშვიდობით ბავშვობის სიზმრებო!
შენ ჩემი, ჩვენი ქვეყნის ახდენილი ოცნება ხარ!
აქამდე ჩემს ნაკვალევს მოჰყვებოდი, ახლა მე გამოვყვები შენს გაკვალულ გზას. აქამდე შენი დასაყრდენი ვიყავი, ახლა შენ ხდები მთავარი საყრდენი ჩემთვის. აქამდე ერთმანეთისგან ვსწავლობდით, ახლა მე უნდა ვისწავლო შენგან, თან ძალიან ბევრი.
გახსოვდეს, მიყვარხარ და მჭირდები ისეთი, როგორიც ხარ! არასოდეს შეიცვალო, თუ ეს შენი სურვილი არ იქნება! როცა უნდა იყვირო, არ გაჩუმდე, წაიქეცი და გაასმაგებული ძალით წამოდექი. დამარცხდი, რომ გარდაუვალი გამარჯვებისთვის იბრძოლო. ყოველთვის დარჩი განსაკუთრებული, თავის-უფალი და გახსოვდეს, რომ შენ ჩემი, ჩვენი ქვეყნის ახდენილი ოცნება ხარ!
იამაყე შენი სამშობლოს წარსულით და შექმენი ძლიერი მომავალი! იამაყე რომ ილიას, ქაქუცას, ექვთიმეს, მარო მაყაშვილის, იუნკრების, 17 შინდისელი გმირის, ტატუნაშვილის სამშობლოდან ხარ. შენ შეგიძლია და უნდა შექმნა ახალი საქართველო. ვხედავ, უკვე დაიწყე ნათელი მომავლის, ევროპული მომავლის, თავისუფალი, ნაოცნებარი მომავლის ძერწვა და არ შეჩერდე! არ დაიღალო!-რადგან შენ ჩემი, ჩვენი ქვეყნის ახდენილი ოცნება ხარ!
არ დაიბნე, თუმცა იცოდე რომ ყველაზე რთული და საინტერესო გაკვეთილები ახლა გეწყება და აქ მე, შენს მასწავლებელს ახალი მასწავლებელი-ცხოვრება ჩამანაცვლებს. მჯერა რომ ყველაფერს გაუმკლავდები და არასოდეს ჩაიჭრები ყველაზე რთულ პროფესიაში, რომელსაც ადამიანობა ჰქვია.
მე მჯერა შენი უსაზღვრო შესაძლებლობების!
მე მჯერა შენი შექმნილი საამაყო მომავლის!
მე მიყვარს შენი სიყვარული!
ბოდიში! ბოდიში, თუ ერთხელ მაინც გავხდი მიზეზი შენი მოწყენისა. ბოდიში, თუ ვერ გავაკეთე ის, რასაც ელოდი ჩემგან. ბოდიში, თუ ვერ გავითვალისწინე შენი რომელიმე სურვული. ბოდიში, რომ ზოგჯერ დარდები საკლასო ოთახის მიღმა ვერ დავტოვე. ბოდიში რომ ზოგჯერ ვერ დაგიცავი. ბოდიში, რომ ვერ დაგახვედრე ისეთი ქვეყანა, როგორზეც ერთად ვოცნებობდით და როგორშიც მინდოდა გეცხოვრა, თუმცა, არასოდეს დამთავრებულა დღე შენზე ფიქრის გარეშე და არასოდეს დაწყებულა დილა უშენოდ!
გთხოვ, იარე წინ! მე კი აქვე, შენს გვერდით, შენს მხარდამხარ ვივლი და შეგეხიდები, როგორც კი დაგჭირდება.
გახსოვდეს-ეს ქვეყანა შენია!
შენ საქართველო ხარ!
შენ, ჩემი, ჩვენი, შენი ქვეყნის ახდენილი ოცნება ხარ!
ასევე იხილეთ:
დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?