ინგლისურის უფასო კურსები მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის – დეტალები პროექტის შესახებ
გიორგი ყალიჩავა უკვე რამდენიმე წელია ტაქსის მძღოლია, თუმცა სტიკერი “English Speaking Driver” ანუ “ინგლისურად მოლაპარაკე მძღოლი”, მისი მანქანის საქარე მინაზე სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
ათამდე კოლეგასთან ერთად 54 წლის გიორგიმ სპეციალურად ტაქსის მძღოლებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი გაიარა.
როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, კურსი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა, საპილოტე პროგრამა კი 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
“ყველაზე მეტად მისასალმებელი ის ფაქტია, რომ პროგრამა ყველა ასაკის მძღოლისთვის არის განკუთვნილი. პრობლემას არც ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ენა საერთოდ არ ვიცოდი და ნულიდან დავიწყე. ჩემზე უფრო ხნიერებიც ემზადებოდნენ. ჩვენ ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა 37 წლის იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ – ახალი ენა ვისწავლე. პრაქტიკულ გამოყენებას რაც შეეხება, რომ გითხრათ, ყოველ დღე ხუთ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე კლიენტს ვემსახურებითქო, მოგატყუებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც დამჭირდა. მათ გამაგებინეს სად სურდათ მისვლა და მეც გავაგებინე რის თქმაც მინდოდა. ცოტა გაუკვირდათ ინგლისური, რომ ვიცოდი, არ ელოდნენ,”- განუცხადა Aris.ge -განათლებას გიორგი ყალიჩავამ.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სოსელიამ განუცხადა, გარდა იმისა, რომ კურსზე მძღოლები ინგლისურ ენას სწავლობენ, მათ მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებელი ლექციებიც უტარდებათ.
“მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ლექციებზე ისეთ დეტალებს სწავლობენ, რაც მომავალში კლიენტებთან ურთიერთობაში გამოადგებათ. მაგალითად: მანქანაში სიგარეტი არ უნდა მოწიონ, სიმღერა ხმამაღლა არ უნდა ჩართონ.. ანუ ისეთ დეტალებს, რაც შეიძლება ისედაც იცოდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც პატარა ექსკურსს ვუტარებთ,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას ეკა სოსელიამ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ მძღოლის სურვილია საჭირო. ტაქსოპარკის მძღოლობა კანდიდატების შერჩევაში პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ყველას თანაბარი შანსი აქვს.
რამდენად ინფორმირებული არიან ამ სიახლით საქართველოში არსებული ტაქსოპარკები და როგორია მათი შეფასებები?! Aris.ge-განათლება რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.
“ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა, მაგრამ რადგან ახლა გავიგეთ, აუცილებლად დავინტერესდებით. ჩავაყენებ ჩვენს მძღოლებსაც საქმის კურსში. ძალიან საჭირო პროექტია. მივესალმები ამ ინიციატივას,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას “ჯი-აი-ჯი ტაქსის” მენეჯერმა ნინო გოგლიძემ.
თუმცა არიან კომპანიები, სადაც ფიქრობენ, რომ მათ პერსონალი აღნიშნული პროექტით არ დაინტერესდება.
“ჩვენი კომპანიის მძღოლებს შორის არიან ისეთები, რომლებმაც ინგლისური ენა ისედაც იციან და არიან ისეთებიც, რომლებსაც ქართულადაც უჭირთ მეტყველება. ვიცი, ამ პროექტით ჩემი მძღოლები არ დაინტერესდებიან. იცით რატომ ?! – ისინი დილიდან საღამომდე მუშაობენ. მანქანაში ცხოვრობენ, რომ სახლში პურის ფული მიიტანონ და უბრალოდ არ დახარჯავენ დროს სწავლისთვის. ურჩევნიათ, მაგ დროსაც იმუშაონ,”- განგვიცხადა “სითი-ტაქსის” წარმომადგენელმა ნიკა ტყეშელაშვილმა.
დაახლოებით ასეთივეა თბილისში არსებული ტაქსოპარკების უმეტესობის პოზიცია, თუმცა იმ მძღოლების საყურადღებოდ, რომლებიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემოთავაზებით დაინტერესდებიან, საბუთების მიღება უკვე დაწყებულია.
15 ივლისამდე, ნებისმიერ მსურველს ( ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე ) შეუძლია, მიმართოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და პროგრამაში ჩაერთოს. კურსი ივლისსა და აგვისტოში გაიმართება. ჯგუფში სავარაუდოდ, 20 ადამიანი იქნება ჩართული, თუმცა როგორც Aris.ge-განათლებას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, დაინტერესების შემთხვევაში 200- 300 ადამიანის გადამზადებაც შესაძლებელია.
რაც შეეხება იმ მძღოლებს, რომლებმაც უკვე იციან სალაპარაკო დონეზე ინგლისური ენა, მათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და გასაუბრების შედეგად სერთიფიკატი და მანქანაზე დასამაგრებელი სპეციალური ნიშანი მიიღონ.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება