GE

ინტერდისციპლინური გაკვეთილის საჭიროების შესახებ – „ჩვენ უნდა შევქმნათ ამგვარი სასკოლო სისტემა…“

ავტორი: მზეო შველიძე, სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია ,,AIA-GESS’’, სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შემდგომ მისი განხორციელება არც ისე მარტივი პროცესია. მასწავლებლებს, რომლებსაც ამ პროფესიაში მუშაობის დიდი სტაჟი აქვთ, შესაძლოა ჩვენზე, ახალგაზრდა მასწავლებლებზე ნაკლები დრო და ინტელექტუალური მობილიზება სჭირდებათ, თუმცა ე.წ. თემატური მატრიცების შექმნის ეტაპი მათთვისაც შრომატევადი და დამღლელი საქმეა. ცალკე საკითხია რამდენად ეფექტურ სტრატეგიას ვქმნით ისეთი გაკვეთილის ჩატარებისთვის, რომელიც მოსწავლეების მხრიდან დიდ ინტერესსა და საგაკვეთილო პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობას გამოიწვევდა.

თუ წარსულში პედაგოგს ნაკლები პროცედურული შრომა უწევდა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვგულისხმობ შედარებით ნაკლებს წერდა, დღეს უკვე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, ყველა საგნის მასწავლებელი თანაბრად ვალდებულია უფრო მეტი იმუშაოს პროცედურულ საკითხებზე და დაივიწყოს, რომ მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მოსწავლეთათვის გადაცემა არ შეიძლება იყოს თანამედროვე, გაკვეთილის ფორმატი. ახლა უკვე წინა პლანზე წამოვიდა პრაქტიკული სწავლება, რომელიც გულისხმობს გაკვეთილის იმგვარად დაგეგმვასა და განხორციელებას, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეში საბაზისო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. შემოქმედობითობა და გამომგონებლობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საინფორმაციო წიგნიერება, მოქნილობა და ადაპტაცია, ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები, პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება, ლიდერობა და პასუხიმგებლობა – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც უნდა ფლობდნენ ჩვენი მოსწავლეები. ეს მოთხოვნები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი, რა თქმა უნდა, ზედმეტად ამბიციურია, თუმცა რიგი ფაქტორების მიუხედავად, ჩვენი პასუხისმგებლობაა გავითვალისწინოთ ის გარემოებები, რომელთა გვერდის ავლითაც უბრალოდ ნაკლებად გვექნება უფლება ჩვენს პროფესიონალიზმზე საუბრის.

სამწუხაროდ, ვიცით ისიც, რომ ქართული სკოლების უმეტესობა, განსაკუთრებით კი საჯარო სკოლები, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლისთვის სათანადო განათლების მიცემას. რაც შესაბამისად, მათ აკადემიურ მოსწრებაზეც უარყოფითად აისახა. ამას ადასტურებს გასულ წელს ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის მიერ (NDI) გამოქვეყნებული კვლევაც, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის შეფასებას. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: „სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს’’. ამგვარი არასახარბიელო დასკვნის მიზეზი მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება, ამასთან, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თვითონ პედაგოგებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ნაკლებობაცაა, რაც ცალსახად უარყოფით შედეგს იძლევა.

აქტუალურია მასწავლებლებმა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩაატარონ ისეთი გაკვეთილი, რომელიც ერთი მხრივ, შექმნის მოსწავლეზე ორიენტირებულ კომფორტულ გარემოს, მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე იქნება მორგებული, მეორე მხრივ, თავად ჩვენც სიამოვნებას მოგვანიჭებს, რომ მასწავლებლის პროფესია კვლევის ხუთეულშია, სადაც საუბარი პროფესიულ დეპრესიასა და სუიციდთა მაჩვენებლებზეა.

გამოწვევა შემდეგია, ჩვენ უნდა შევქმნათ იმგვარი სასკოლო სისტემა, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც საჭირო და აუცილებელია, რომ ხელი შევუწყოთ თავად მასწავლებლებსაც, რათა შრომა, რომლის შესრულებაც მათ უწევთ არ იყოს ზედმეტად რთული და შესაძლებლობებთან შეუსაბამო. ბიძგის მიმცემი დეპრესიისა და შფოთვისათვის.
ევროპულმა და ამერიკული სკოლებმა პასუხი ამ გამოწვევებს 2000-იან წლებში გასცეს და ინტერდისციპლინური გაკვეთილის საჭიროებას დაუკავშირეს, რაც გულისხმობდა რამდენიმე საგნის, დისციპლინის გაერთიანებას მუშაობის პროცესში, რაც ერთი მხრივ, გაკვეთილს უფრო საინტერესოს, სახალისო და მრავალფეროვანს გახდიდა და ასევე მასწავლებელს მიცემდა შესაძლებლობას საკუთარი ჰობი, ინტერესი თუ მისწრაფებები დაეკავშირებინა ყოველდღიურ საქმიანობასთან.

ამერიკის საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს მფლობელი, ხელოვნების მასწავლებელი, ლიზა ჩესერი, რომელიც ავტორია წიგნის, „50 გზა ხელოვნების საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციისთვის’’ ამბობს, რომ უნივერსალური დისციპლინა, რომლის ინტეგრაციაც ყველა საგანთან შეიძლება ესაა ხელოვნება. ჩესერი ხელოვნებას განსაზღვრავს ყველა მეცნიერების სათავედ, რადგან ის არის შთაგონება ადამიანებისთვის. ამიტომ მისი დაკვირვებით, მხატვრული ელემენტების დამატებით ყველა გაკვეთილი შეგვიძლია, გავხადოთ საინტერესო და მიმზიდველი, რადგან არ არსებობს მოსწავლე, რომელიც გულგრილია ხელოვნების ყველა ჟანრის მიმართ. მთავარი რჩევა, რომელსაც ჩესერი მასწავლებლებს აძლევს ესაა სასკოლო ოთახისა და შეფასების სისტემის გარდაქმნა, რათა მოსწავლეებმა თავი იგრძნონ უფრო მშვიდად და განსაკუთრებულად.

სწორედ ზემოთაღნიშნულმა გამოწვევებმა, რეკომენდაციებმა და საკუთარმა ჰობმა, მიზიდულობამ ხელოვნების მიმართ დამაკავშირებინა ის ჩემს საგანთან (სამოქალაქო განათლება). ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, როცა ჩემს მეგობარ კოლეგასთან ერთად ჩავატარე კვლევა იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო ამ ორი საგნის ინტეგრაციით ჩატარებული გაკვეთილი. კვლევამ აჩვენა დადებითი დინამიკა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასავე თავად მასწავლებებისთვისაც.

ინტეგრაციული გაკვეთილის ჩატარებისას მასწავლებლებს შეუძლიათ საკუთარი ჰობი თუ ინტერესი მოარგონ პროფესიულ საქმიანობას. ეს ჩვენს საინტერესო, თუმცა მაინც დამღლელ, შრომატევად სამუშაოს სულ სხვა ბიძგს აძლევს და ხელს უწყობს როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი მოსწავლეების, პოზიტიური ფსიქო-სოციალური განწყობის ჩამოყალიბებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური