„იქნებ ცხადი და გამჭვირვალე გახადოთ დირექტორების ვადის გაგრძელების კრიტერიუმები“
ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე, საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევის პროცესთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და ამ მხრივ სისტემაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს:
ვიფიქრე, კუალა-ლუმპურელი მასწავლებლის შესახებ ფელეტონს დაწყნარებულ გუნებაზე ჩავუჯდებიმეთქი, მაგრამ… მოგეხსენებათ, სკოლის დირექტორთა მნიშვნელოვან ნაწილს ვადა გაუვიდათ… (რადგანაც ამ სტატუსის საყოველთაოდ გაზიარებას ვაპირებ, დავაზუსტებ: ისევე, როგორც ყველაფერი ამ ცისქვეშეთში, სკოლის დირექტორების დირექტორობის ვადაც იწურება ხოლმე ანუ ბიუროკრატიულ ენაზე რომ ვთქვათ, ვადა გასდით.)
რა ვადაა ეს ვადა? ეს ის ექვსწლიანი ვადაა, რომელიც აითვლება სკოლის დირექტორის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩევიდან. დიახ, სკოლის დირექტორებს ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო… მაგრამ არც მთლად ისეა საქმე, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მშობლების მიერ არჩეული მასწავლებლებისა და მშობლებისგან დაკომპლექტებულმა სამეურვეო საბჭომ მთლად კარგად იცოდეს ვინ უნდა აირჩიოს საკუთარ მენეჯერად. სწორედ ამიტომ, წინდახედული სამინისტრო თავად წარუდგენს სამეურვეო საბჭოებს შესაფერის კანდიდატებს: ერთს, ორს, სამს… და წარდგენილებიდან აღარ კი უნდა გაუჭირდეთ სათანადო არჩევანის გაკეთება… ჰოდა, ხომ ლოგიკურია, რომ ვადაგასული დირექტორების სკოლების სამსაბბჭოებს მინისტრმა წარუდგინოს ასარჩევი კანდიდატები? არა.
საქმე ისაა, რომ ყველა მსურველს ასე უპრაგონოდ კი არ წარადგენს მინისტრი! ამისთვის არსებობს სასერტიფიკატო გამოცდა. დიახ: დირექტორობის მსურველი აბარებს გამოცდას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს სათანადო სერტიფიკატს, რაც აძლევს უფლებას წარდგენილ იქნას სასურველი სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე… მაგრამ არც ესაა საკმარისი. შეიძლება უმაღლესი განათლება აქვს ადამიანს და სასერტიფიკატო გამოცდაც ჩააბარა. განა ეს საკმარისი საფუძველია სამეურვეო საბჭოს წინაშე წარსადგენად? განა არ უნდა გადაამოწმოს კადრი სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ?! ჰოდა სამინისტროში იქმნება კიდეც კომისიები და დირკანდიდატები ამ კომისიებთან გადიან გასაუბრებას — სრულიად უწყინარ გასაუბრებას ფრიად კეთილგანწყობილ კომისიის წევრებთან სკოლის განვითარების სტრატეგიული ხედვის შესახებ… (გამოგიტყდებით, რომ ოთხჯერ მქონდა პატივი ასეთ კომისიასთან გასაუბრებისა. მათგან 50 % წარმატებით დავძლიე, თუმცაღა სკოლების სამეურვეო საბჭოებმა არ ამირჩიეს: ერთგან, გარდაბნის ქესალოში 0 (დიახ, ნული!) ხმა ავიღე, ხოლო თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის სამეურვეო საბჭოსგან — ფრიად საპატიო 1 ხმა…)
ჰოდა, წარადგინოს მერე იმ ვადაგასული დირექტორების ადგილას კანდიდატებიო, იტყვის საქმეში ჩაუხედავი და, მაპატიეთ და, ქარაფშუტა მავანი… საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს სადირექტორო გამოცდები დაანონსდა სერტიფიკატებისთვის და საგამოცდო ფულიც კი გადავიხადეთ ათასობით მსურველმა… მაგრამ კორონაპანდემიის გამო გამოცდები ჩაიშალა. ჩასაფრებული მავანი კი იტყვის, თუკი აბიტურიენტებისა და მასწავლებლების გამოცდები ჩატარდა, რაღა სადირექტორო გამოცდები ჩაიშალაო, მაგრამ დაე, თქვას! ასე და… ჰოდა, რომ ჩაიშალა, ვინ უნდა წარადგინოს მინისტრმა ვადაგასული დირექტორების ადგილას? ვინ და ვისაც მოქმედი სერტიფიკატი აქვსო, იტყვის მავანი. მმმ… კი მაგრამ, ვისაც სურდა სერტიფიკატის აღება და კორონაპანდემიამ შეუშალა ხელი?! განა არ იქნება უფრო სამართლიანი (სამართლიანი, დიახაც!), რომ დაველოდოთ განკორონებას, ჩავატაროთ სადირექტორო გამოცდები და სრულად კონკურენტულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები?! (ისე, კონკურენტულობას ევროპელი დამკვირვებლებიც რომ ვერ გვიწუნებენ, ის კომპეტენციაა და ესეც თუ გამოეცალა ჩვენს არჩევნებს, რაღა დაგვრჩება?!)
მოკლედ, ამ ვადაგასულმა დირექტორებმა განცხადება უნდა დაწერონ მინისტრის სახელზე, რომ, ბატონო მინისტრო, ვადა გამივიდა და გთხოვთ, გამიგრძელოთო (მინისტრს აქვს ამის დისკრეცია თუ რაღაცა ჰქვია… უფლება, მოკლედ.). მინისტრი კი სრულად კონკურენტული პირობების შექმნამდე უგრძელებს ვადას. თუმც კი, ყველას უგრძელებს?! ნურას უკაცრავად! განა ყველა იმსახურებს ვადის გაგრძელებას?! დამეთანხმებით, რომ — არა! (ამას მავანიც კი ვერ გამიპროტესტებს!) ჰოდა, რისი თქმა და თხოვნა მინდოდა და რისთვის ვიწვალე ამ ოპუსის დასაწერად: იქნება და, ცხადი და გამჭვირვალე გახადოთ ვადის გაგრძელების დაკმაყოფილების კრიტერიუმები — იცოდეს ყველა მოქმედმა სკოლის დირექტორმაც და დირექტორობის მსურველმაც: რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს, რათა ვადის გაგრძელება დაიმსახურონ.
(ფოტოზე: სკოლის დირექტორ ეველინა მესტვირიშვილის ულიანა მესხისეული ილუსტრაცია წიგნიდან “დიიიდი ნუნუ”).
გვიანდელი მინაწერი: გაქანებული 1938 წელია და ჭიათურის ერთ მიყრუებულ (უგზო, უშუქო და უინტერნეტო, თორემ სხვა მხრივ, ფრიად საამო) სოფელში რაიკომიდან სტუმრად აღსული პირი ხვდება კოლმეურნეთ და, როგორც წესი, გადაჭედილია დარბაზი, არის მქუხარე ტაში და დამკვრელური ოვაციები. შეაჯამა რა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის აღმაფრთოვანებელი მიღწევები და შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო ასპარეზზე, ტაშ-ოვაციით გაბრუებულმა პირმა ჭიქიდან წყაროს წყალი გაბედულად მოსვა, ულვაშიანი ტუჩები გატკიცინებული ცხვირსახოცით მოიწმინდა და იკითხა: — შეკითხვები ხომ არ გაქვთ, ამხანაგებო?! გაიტრუნა დარბაზი და სრულიად სიჩუმეში ერთმა გლეხმა, სახელად ქიშვარდმა (თუ ქიშვარდიმ), გვარი, სამწუხაროდ არ შემოუნახავს ისტორიის ანალებს, ხელი აიწია. — დიახ, გისმენთო, — მიუგო აღსულმა პირმა, რაზეც ადგილობრივ კოლმეურნეობის თამვჯდომარეს სახე აელეწა და ნერვიულად ჩაახველა. ქიშვარდი წამოდგა, ქუდი მოიხადა და კუთვნილ რეგლამენტში შეკითხვა დასვა: — შარშან რომ ბენიამ (გვარი დაკარგულია.) დასვა შეკითხვა ასეთ კრებაზე, სად არის ახლაო?!
P. S. ჩვენ თუ ევროპელ საზოგადოებად გვინდა ჩამოყალიბება, მინიმუმ ჭიათურელი ქიშვარდისოული სამოქალაქო შეგნება მაინც უნდა გაგვაჩნდეს, ჩვენ ირგვლივ უნდა ვიზრუნოთ პატიოსანი თამაშის წესების დამკვიდრებაზე.