ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფი განმარტავს, რომ დიაგნოსტიკური შეფასება სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მისი მეშვეობით ხდება მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად.
დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება დაგეგმილია ქვეყნის ყველა საჯარო სკოლის IV-IX კლასების მოსწავლეებისთვის და როგორც 19 აპრილს EDU.ARIS.GE-ს სკოლის მოსწავლეებმა უთხრეს, პროცესში მონაწილეობას ის მოსწავლეებიც მიიღებენ, ვინც სწავლას ონლაინ ფორმატში აგრძელებს. სამინისტროს რეფორმების ჯგუფი ასევე განმარტავს, რომ ეს შეფასება არ ახდენს ზეგავლენას მოსწავლის ნიშანზე და აქვს მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფუნქცია. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გამოცდას, ან ტესტირებას, რომლის ფარგლებში მოსწავლე ნიშნით ფასდება.
18 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეო ლექციაში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტზე საუბრისას პედაგოგებს უხსნის, როგორ უნდა მოხდეს მათი მხრიდან მოსწავლის შეფასება.
სილაგაძე ამბობს, რომ მაგალითად, ისტორიის მცოდნედ შეიძლება ჩაითვალოს ის მოსწავლე, რომელსაც უყალიბდება კულტურა, კომპეტენცია, რომ ნებისმიერი მოვლენის შესახებ საუბრისას დასვას კითხვები: საიდან გვაქვს ინფორმაცია, რა ტიპის წყაროდან? რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის შედარება სხვა ტიპის წყაროებიდან მომდინარე ინფორმაციასთან?…
სილაგაძის განმარტებით, მოსწავლეს უნდა შეეძლოს სამიზნე ცნებების ერთმანეთთან დაკავშირება და თუ ის ამ სამიზნე ცნებებით და მის უკან მდგომი კომპეტენციებით ოპერირებს, ასეთ მოსწავლესთან მუშაობა მასწავლებელს შეუძლია წარმატებულად ჩათვალოს. სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტი შეამოწმებს იმას, თუ რამდენად ღრმად შეუძლია მოსწავლეს მოცემული საკითხის გააზრება.
„სამიზნე ცნებების გააზრება შეგვიძლია ჩავთვალოთ სინონიმად საკითხის ღრმად გააზრებისა. მოსწავლეს ვაძლევთ ერთ კონკრეტულ საკითხს და, შესაბამისად, იმ საკითხის ღრმად გააზრების უნარს ვამოწმებთ დავალების საშუალებით… პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე, არის ერთიანი პროდუქტი და მოსწავლემ უნდა შექმნას ერთიანი ქსოვილი დავალების სახით, რომელშიც გამოიყენებს ყველა ცოდნას. იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გადის ის სამიზნე ცნებებზე, კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ იმ რამდენიმე კონკრეტულ სიტყვაზე, რომელიც მოცემულია იმისთვის, რომ გაანალიზდეს, რამდენად აღწევს მოსწავლე სასურველ შედეგებს“, – ამბობს ექსპერტი.
ნიკო სილაგაძის განმარტებით, თუ მასწავლებელი ხართ, უნდა წაიკითხოთ მოსწავლის მიერ დაწერილი თემა და ყურადღება მიაქციოთ, რამდენად იყენებს – შეცდომით თუ სწორად, კონტექსტით თუ მის გარეშე – იმ ტერმინებს, რომელიც მოცემული იყო დავალების სახით. ამის ანალიზი იძლევა იმის შეფასების საშუალებას, თუ რამდენად სწორად არის მოსწავლე მისული სასურველ შედეგამდე. სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის გამოყენება კი გულისხმობს მასწავლებლის მხრიდან კომენტარს მოსწავლის ნაშრომთან მიმართებით.
რაც შეეხება სადიაგნოსტიკო, კომპლექსურ და გარე შეფასებებს, სილაგაძე პედაგოგებს ასეთ ინსტრუქტაჟს აძლევს:
სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტს შემაჯამებელი დავალებისთვის ვერ გამოიყენებთ, რადგან შემაჯამებელი დავალება ფასდება ნიშნით. სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტთან მიმართებით კი ნიშნის დაწერა არ შეიძლება.
სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტი გამოგადგებათ განმავითარებელ შეფასებაზე მუშაობისას, თუმცა სრულყოფილ ინსტრუმენტად მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან განმავითარებელი შეფასება გულისხმობს არა მხოლოდ მოსწავლის მიღწევების აღწერას, არამედ სათანადო კომენტარის გაკეთებას, რჩევების მიცემას მომავალი პროგრესისთვის და იმის ანალიზს, თუ რამ გამოიწვია ხარვეზების წარმოქმნა.
რაც შეეხება კომპლექსურ დავალებასთან მიმართებას, ის უმეტესობა საგნებში სრულდება ერთ ან ორ სამიზნე ცნებაზე, სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტი კი მიზნად ისახავს ყველა სამიზნე ცნების მიმართულებით ცოდნის შემოწმებას და იმის დიაგნოსტირებას, თუ სად არის მოსწავლე სწავლების საფეხურის შედეგებთან მიმართებით.
სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტი არ უნდა აგერიოთ გარე შეფასებასთან, ანუ ტესტირებასთან, რომელიც გარე შეფასების ფორმატით ტარდება. სადიაგნოსტიკო შეფასება ინსტრუმენტი თავად მასწავლებლის ხელშია და მასწავლებელი და სკოლა თავად ახდენენ ამ პროცესების ადმინისტრირებას.
ასევე იხილეთ:
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება