GE

„ისტორიის განახლებული ტესტი იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“ – რა დაწერეს I და II სესიის აბიტურიენტებმა

ისტორია არჩევით საგნად 2024 წლის აბიტურიენტებიდან 21 400-ზე მეტმა აირჩია. ისტორიის ერთიან ეროვნულ გამოცდას სამი სესია დაეთმობა და აქედან ორი დღეს, 15 ივლისს უკვე ჩატარდა.

ისტორიის გამოცდიდან გამოსული რეპეტიტორი საკითხებს იხსენებს და აბიტურიენტებს რჩევებს აძლევს – რას უნდა გადახედოთ გამოცდამდე

როგორც პირველი და მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს უხსნიან, მიუხედავად იმისა, რომ ტესტში შესული ცვლილებების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტის ახალი ნიმუში არ გამოაქვეყნა, სამუშაოს თავი კარგად გაართვეს და საამისოდ მომზადებულებიც იყვნენ. უმრავლესობის საერთო შეფასებას თუ მოვიშველიებთ: “სახეცვლილი ტესტი იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენ”. თუ რატომ, არგუმენტებიც აქვთ.

I სესია

“წესით, რთული არ იყო, უფრო ძნელი ტესტების მოლოდინი მქონდა. ერთადერთი, 5-ქულიანი დავალება ვერ დავწერე, ნაპოლეონ ბონაპარტზე იყო, კონსული რომ გახდა 1799 წელს. მიზეზი ვერ გავიხსენე და გული ძალიან მწყდება, მაგრამ დანარჩენი 35-ქულიანები და ანალიზი არ იყო რთული, არ გამიჭირდა. რაც შეეხება რუკას, მეგონა რომ უფრო მარტივი იქნებოდა, ერთ კითხვაზე გავიჭედე, მაგრამ ბოლოს მაინც დავწერე. რუკა ბაგრატ IV-ის პერიოდზე იყო, მე-11 საუკუნის საქართველოზე. უფრო მეტად საქართველოზე იყო საკითხები”, – ამბობს აბიტურიენტი ნინი დარბაძე, რომელმაც ტესტი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში წერა.

თორნიკე კობახიძე 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “უფრო მეტი კითხვა საქართველოს ისტორიაზე იყო. დახურულიდან მოვიდა კითხვები – ბაგრატ მეფეზე, გიორგი ბრწყინვალეზე. რომზე და ძველ ანტიკურ პერიოდზე არ ყოფილა, წინა წლების მსგავსად და ბევრად მარტივი იყო, ვიდრე გასულ წლებში. ჩვენგან როგორც თეორიის ცოდნას, ისე აზროვნებასაც მოითხოვდა, ვფიქრობ, ისტორიის ტესტი გაამარტივეს, რადგან არჩევით პასუხებშიც ძალიან ლოგიკურად მოვძებნიდით სწორ პასუხს, ასე უფრო მეტი შანსი გვაქვს მაღალი ქულების აღების”.

მარი მიმინოშვილი: “ისტორიას მეოთხე საგნად ვაბარებ. ნაპოლეონ ბონაპარტის კონსულობაზე იყო ისტორიული მოვლენის ანალიზი, კითხვები იყო ძალიან მარტივი. რაც შეეხება ისტორიულ წყაროს, მეფე თეიმურაზ პირველზე შემოვიდა. არჩევითპასუხიანი დავალება უფრო ძველი პერიოდიდან იყო და შუა საუკუნეებიდან შემოვიდა, ხეთებზეც მახსოვს შეკითხვა”.

მარიამ ტუღუში: “წყარო იყო მეფე თეიმურაზზე, მე-16 საუკუნეზე, ციხესიმაგრის აგებაზე. დახურული კითხები იყო ძალიან მარტივი, პასუხი თავად ტექსტში იყო მოცემული. პიროვნების ანალიზი ვწერეთ ნაპოლეონზე. წლებს არ ითხოვდნენ, თავად ეწერა ტექსტში, არც საუკუნის ამოცნობა მოუთხოვიათ. უფრო ნაკლები დრო დამჭირდა. საბჭოთა კავშირზე იყო ერთადერთი კითხვა. საინტერესო ტესტი იყო, მაგრამ არა რთული”.

ლაშა ხიზუშვილი: “მე-11 საუკუნე ბიზანტიის ლაშქრობებზე იყო რუკა. უფრო მეტი კითხვა მსოფლიოს ძველი ისტორიიდან იყო. შუამდინარეთიდანაც შემხვდა. ბაბილონი, ეგვიპტე, მესოპოტამია. როგორც საგამოცდო კრებულში იყო თემები, ზუსტად ასე მოვიდა. გამორიცხვის მეთოდითაც გავაკეთებდით. რაც რთული კითხვებია ხოლმე, ის არ შემოსულა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში კარგად ვიყავით მომზადებული”.

ანა ირემაძე 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “პირველ და მეორე მსოფლიო ომზე არ მოსულა კითხვები, თუმცა გავლილი მასალიდან თითქმის ყველაფერი იყო, შარშანდელ ტესტებთან შედარებით, ბევრად მარტივი იყო”.

ავთო იოსებაშვილი: “გამიადვილდა. არც ისე რთული საკითხები იყო. დროის მაქსიმალურად გამოყენება მინდოდა, თუმცა დასრულებამდე ცოტა ადრე გამოვედი. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე. წყარო ცოტა მაშინებდა, მაგრამ ეგეც ადვილი აღმოჩნდა”.

თემურ სოლომიძე: “ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მარტივი იყო. ძირითადად, საქართველოს ისტორია ჭარბობდა საკითხებში. წყარო თეიმურაზ I-ზე იყო, კერძოდ შაჰის შემოსევაზე”.

II სესია

ისტორიის მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტებს უფრო ვრცლად იხსენებენ. გიორგი თოდუა, რომელმაც ტესტირება 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაიარა, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მესამე სესიის აბიტურიენტებისთვის გზავნილი აქვს:

“წყაროს ანალიზი იყო ლევან დადიანსა და როსტომ ხანზე. ლევან დადიანის და უნდა მიეთხოვებინათ როსტომ ხანისთვის. ტექსტიდან გამომდინარე გვთხოვდნენ პასუხებს. რა შედეგის მომტანი იქნებოდა ეს გარიგება ჩვენი ქვეყნისთვისო. კითხები რაც შემოვიდა, ყველა გვთხოვდა ლოგიკურ ანალიზს. რაც შეეხება რუკას, პირველ მსოფლიო ომზე შემოვიდა, როგორც ვვარაუდობდით. რუკაზე იყო თარიღი და საბრძოლო სვლები, რადგან პირველი მსოფლიო ომის თარიღები იყო რუკაზე დატანილი, მივხვდი, რომ ამ ომს ეხებოდა. ანალოგიებში, გვთხოვდნენ, რომ ტექსტში მეთექვსმეტე საუკუნეში მომხდარი აჯანყების მაგავსი მაგალითი მოგვეყვანა, ეს დავალება კარგად ვერ შევასრულე. კითხვები საქართველოს ისტორიიდან იყო არჩევითი. რომაელებზე იყო კითხვა, გიორგი მესამეზე, დავით მეოთხეზე – ერთქულიანებში. კიდევ ასეთი კითხვა მახსენდება: ჩამოთვლილთაგან რომელი მეფე მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობაშიო. საბჭოთა კავშირზეც იყო ასეთი შეკითხვა, 1956 წელს რა მოხდაო. დამპყრობლებზე კითხვები ნაკლებად იყო. ხვალ ვინც გადის, ვურჩევ, რომ მეორე მსოფლიო ომი კარგად გადაიმეორონ და ევროპა შუა საუკუნეებში”.

ისტორიის ტესტის მეორე ვარიანტი წერა ნიცა ლეჟავამ და გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ აგვიხსნა, რომ აბიტურიენტებს წყაროს ანალიზის დავალების კომპიუტერთან შესრულება უჭირთ:

“უნდა აღვნიშნო, რომ წყაროს ანალიზს, როცა ვაკეთებთ კომპიუტერთან არის უდიდესი დისკომფორტი და იქნებ შეცვალონ ეს მიდგომა. დავიტანჯეთ ბავშვები, თვალები მტკივა ახლაც.

“ძალიან მარტივი ტესტი იყო. მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ისტორია გაამარტივეს. რუკაზე გვეკითხებოდნენ, რომელი ომიდან არისო. სწორი პასუხი იყო პირველი მსოფლიო ომი. ასეთ კითხვებს გვისვამდნენ რუკის მიხედვით – რომელმა ქვეყნებმა დაიხიეს უკან რუკის მიხედვით, რა ტერიტორიები მოიპოვეს, რომელი ქვეყნები არ იყვნენ ჩართული ომში. რუკაზე იყო წელიც და გეოგრაფიული დასახელებები, ბევრი ქვეყანა იყო მითითებული.

“ყველაზე რთული დავალება იყო ანალოგიები. საფრანგეთის ისტორიიდან რომელიღაც წელი იყო მოცემული და გვთხოვდნენ, რამ გამოიწვია ეს კონფლიქტიო, თუ არ იცოდი ისტორიულად როგორ იყო, ვერ გამოიცნობდი. ძალიან რთული იყო, რადგან თან მსგავსი ანალოგი უნდა დაგვეწერა, იგივე შემთხვევა თუ იყო სადმე მომხდარი, გახსენება კი გამიჭირდა. არჩევითპასუხებიანში შერეული კითხვები იყო, დაწვრილებით გვთხოვდნენ შუა და ანტიკური პერიოდის ისტორიას. იყო კითხვები აღმოსავლეთზე, ევროპულ რევოლუციებზე, ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპასთან არ ყოფილა”.

საბა გიორგაძე 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არჩევითბოლოიანში შერეული კითხვები იყო. შევეცდები მაქსიმალურად გავიხსენო: ეგვიპტიდან იყო კითხვა ჰიქსოსებზე – რით იყვნენ გამორჩეულნიო; კიდევ ჰამურაბის კანონებზე იყო კითხვა, რას უკავშირდებოდა ამ კანონების მიღებას. ასეთი კითხვა იყო: რომელია მართებულიო და დარიოს პირველის რეფორმებს შეეხებოდა. ეგრისის დიდი ომიანობის პერიოდზე გვეკითხებოდნენ და კოლხაზეც იყო კითხვა, რა იყო მართებული კოლხას დაცემის შესახებო.

“რაც შეეხება რუკას, იყო პირველი მსიფლიო ომიდან, რომელი დედაქალაქი აიღესო, ფრონტი სად გადიოდაო. წყაროს ანალიზში, ლევან დადიანზე რაც იყო, იქ გვთხოვდნენ, რომელი სამთავროს მეფე იყო ლევანიო და რა ადასტურებს, რომ გორში იმყოფებოდა წყაროს ავტორიო. ანალოგიები იყო მეთექვსმეტე საუკუნიდან. რა იყო საფრანგეთის აჯანყების მიზეზიო. ვისთვის იყო დადებითი და ვისთვის იყო უარყოფითი, ეს უნდა შეგვეფასებინა. არაბებმა რა გადასახადები დაუწესესო, ასეთი კითხვაც მახსოვს. ასევე. შაჰ-აბასის მმართველობის დროს რა მოხდა საქართველოშიო, ამასაც გვეკითხებოდნენ. ვფიქრობ, კარგად დავწერე”,

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

„აუცილებელია, გამოცდების ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღოს“ – რა აქვთ სათქმელი აბიტურიენტების მშობლებს NAEC-ისთვის

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ზეო შველიძემ და მარიამ ბარამიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური