„აუცილებელია, გამოცდების ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღოს“ – რა აქვთ სათქმელი აბიტურიენტების მშობლებს NAEC-ისთვის
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა დაგვიანების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. აღსანიშნია, რომ დაგვიანების შემთხვევებმა იმატა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ.
როგორც ცნობილია, აბიტურიენტთა რეგისტრაცია ერთ საათს გრძელდება, მისი დასრულების შემდეგ, საგამოცდო ცენტრის კარი იხურება და 1 წუთით გვიან მისულ აბიტურიენტსაც კი ტესტირებაზე შესვლის უფლება აღარ აქვს. ასეთია დადგენილი წესი. ჩვენმა ჟურნალისტებმა წელსაც ნახეს საგამოცდო ცენტრიდან უკან გაბრუნებული, ატირებული აბიტურიენტები.
დაგვიანების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. მსგავსი პრობლემის მქონე გამოსაცდელებისთვის კი ალტერნატივა არ არსებობს, მათ კიდევ ერთი წელი უწევთ ლოდინი, ვიდრე ხელახლა გავლენ გამოცდაზე. ტესტირებაზე დაშვების გამონაკლისი მხოლოდ დაუძლეველი ძალის ნაწილს ეხება.
დაგვიანების შემთხვევებზე EDU.ARIS.GE-ს მომზადებულ ინფორმაციებს მუდმივად ეხმაურება მკითხველი და მათი უმრავლესობა მეტი ლოიალობის მომხრეა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ასეთი შემთხვევები გასათვალისწინებელია და უფრო ლოიალური იქნება, აბიტურიენტი დაუშვან გამოცდაზე, თუმცა ტესტზე სამუშაო დრო არ გაუხანგრძლივდეს.
რა არის სწორი ალტერნატივა, ნაცვლად უკან გაშვებული დაგვიანებული აბიტურიენტისა? – ამ თემაზე პოზიციები EDU.ARIS.GE-მ უშუალოდ საგამოცდო ცენტრებთან მყოფი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისგან მოისმინა.
თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი მშობლების აზრით, აუცილებელია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღოს გადაწყვეტილება და იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც დააგვიანეს, ერთი დღე დაამატოს.
„ვფიქრობ, უნდა დაამატონ ერთი დღე და მეორე შანსი უნდა მივცეთ აბიტურიენტებს. ეს მშობლის პასუხისმგებლობაც არის. შეიძლება, შვილს ჩაეძინა, მაინც ბავშვები არიან, უნდა გააღვიძოს”, – ამბობს როზა მარუქიანი.
მშობლების ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ დაგვიანებულ ბავშვებზე კონტროლი თავად საგამოცდო ცენტრებს შეუძლიათ და 2-3 წუთი არაფერს წყვეტს მაშინ, როდესაც „სასწორზე ადამიანის მომავალი დევს“.
„ადამიანური საკითხია. რომ ხედავ 2 წუთით აგვიანებს და გზაზე გადმოდის, შეუშვი გამოცდაზე”, – ერთ-ერთი მშობლისგან მსგავსი მოსაზრებაც მოვისმინეთ.
შესაფერის ალტერნატივად დამატებით დროს გვისახელებს ლალი შეყელაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია, დაგვიანებულმა ბავშვებმაც მოახერხონ გამოცდაზე შესვლა:
„არსებობს ათასი რაღაც. დილით ადრე გაღვიძებულ, გამზადებულ ბავშვს შეიძლება, პრობლემა შეექმნას. მე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვარ და ვიცი, რომ ადამიანის ორგანიზმი ნერვიულობაზე სხვანაირად რეაგირებს, კუჭ-ნაწლავის სისტემა მაგალითად. შეიძლება ვერ დაიკავა თადარიგი, ოჯახის წევრი გაუხდა ცუდად, ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევაა. უნდა იყოს ნახევარსაათიანი დამატებითი დრო და პირნათელი იქნება სახელმწიფოც ბავშვის მიმართ, რადგან მისცა რაღაც პერიოდი მოსასვლელად. მივესალმები დაგვიანებულისთვის დამატებითი დღის დანიშვნას. ერთი წელი არის უბრალოდ აბიტურიენტის დასჯა, ეს ხომ არ არის ცოდნის ვერ გამომჟღავნება. 12 წელი შეიძლება იდეალურად სწავლობდე და დაისაჯო ერთი შემთხვევითობის გამო“.
მშობლების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს აბიტურიენტების პასუხისმგებლობაზეც და აღნიშნავს, რომ როდესაც ახალგაზრდას ესმის გამოცდის მნიშვნელობა, სახლიდანაც ადრე უნდა გამოვიდეს, არც საჭირო ნივთები დატოვოს და დროც სწორად გათვალოს.
EDU.ARIS.GE გამოცდის ჩასაბარებლად რეგიონიდან თბილისში ჩამოსულ აბიტურიენტსაც ესაუბრა, რომელიც გვიხსნის, რომ გარემოებები მართლაც იქმნება:
„ცოტა მეტად უნდა დავაფასოთ მთელი წლის შრომა და ენერგია, რაც გამოცდებისთვის მოსამზადებლად ჩავდეთ. მეორე მხრივ, შეიძლება ბავშვს მატერიალური პრობლემების გამო დააგვიანდეს, ტაქსით წამოსვლა ვერ მოახერხოს, ავტობუსს ვერ მიუსწროს. ხელი უნდა შეუწყონ მაქსიმალურად”.
გამოცდიდან გამოსული ლიზა კალაძე კი ფიქრობს, რომ დაგვიანებული აბიტურიენტის უკან გაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს:
„ჩემი აზრით, საგამოცდო ცენტრმა აბიტურიენტებს არანაირი ალტერნატივა არ უნდა შესთავაზოს! აბიტურიენტებს პასუხისმგებლობა სულ სამჯერ აქვთ დაკისრებული – სამი გამოცდის სახით და ისე უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რომ შეძლონ, არ დააგვიანონ. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მიზეზები იკითხონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი იტყვის ტყუილს, ამიტომ მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, არანაირი სხვა ვარიანტი არ არსებობს!”.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება