ისტორიის გამოცდიდან გამოსული რეპეტიტორი საკითხებს იხსენებს და აბიტურიენტებს რჩევებს აძლევს – რას უნდა გადახედოთ გამოცდამდე
დღეს ქუთაისში ისტორიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტებთან ერთად რეპეტიტორი გავიდა. პედაგოგმა ამ უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზად მოსწავლეების მხარდაჭერა და იმ ტესტების სტრუქტურისა და სირთულის გაგება დაასახელა, რომელიც აბიტურიენტებმა უნდა წერონ.
ისტორიის მასწავლებელმა, გალაქტიონ სვანიძემ, რომელმაც აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ყველა პროცედურა გაიარა და ტესტი 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში წერა, EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, რომ ისტორიაში ტესტირებაზე გასვლის გადაწყვეტილება, გამოცდების ცენტრის მიერ ტესტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ნიმუშის არგამოქვეყნებამაც განაპირობა.
სპეციალისტი გამოცდის დაწყებიდან ნახევარ საათში გამოვიდა და ჩვენთან საუბარში გაიხსენა როგორც საკითხები, ასევე ის თემატიკა, რაზეც მეორე და მესამე სესიის აბიტურიენტებმა წერისას მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
„მიუხედავად იმისა, რომ არაპროგრამული მასალები გამოცდებზე არ მოდის, მოსწავლეებისთვის კონკრეტული ნიმუშის ნახვა მაინც აუცილებელია. კეთდებოდა ცვლილებები ტესტის აგებულებაში და გვაძლევდნენ ნიმუშებს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საგამოცდო ტესტი. წელს არ გვქონდა. 7 დავალებიდან 3 გამოაკლდა. დარჩა 4 და აქედან პირველი დავალება არის ე.წ. შემოსახაზი ტესტები. წინა წელს ილუსტრაციები რაც იყო, ის ამოიღეს და ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ტესტურ ვარიანტში იქნებოდა გადატანილი კონკრეტული ილუსტრაცია რომელ ეპოქას ეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს დავალება არც ტესტებში ჩანს, მაგრამ ისიც არაა გამორიცხული, რომ მეორე და მესამე ვარიანტში მოვიდეს“, – ამბობს პედაგოგი.
რაც შეეხება დავალებებს, რეპეტიტორი გვიყვება, რომ ისტორიული რუკის ანალიზში მოსწავლეებს პასუხის დაწერა სავარაუდო პასუხებიდან უწევთ. პირველი სესიის ტესტებში მსოფლიო ომები ნახსენები არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მომდევნო სესიებზე გამსვლელებს შეხვდეთ.
„როგორც აღმოჩნდა, ისტორიული რუკის ანალიზის ტესტის სტრუქტურა შეიცვალა. წელს დაემატა, რომ შეკითხვას აქვს სავარაუდო პასუხები. იყო მეთერთმეტე საუკუნის რუკა, გიორგი პირველის ეპოქა და გვეკითხებოდნენ – რომელი ქართველი მეფის პერიოდის რუკა არის, ასევე, რუკის მიხედვით სახელმწიფოს დედაქალაქი რომელია. პირობითი აღნიშვნების მიხედვით, ამ დავალებას აბიტურიენტები მარტივად გაართმევენ თავს. რუკის ფარგლებში იყო როგორც ცოდნაზე დამყარებული შეკითხვა, ასევე გასააზრებელი შეკითხვები. კიდევ არის ასეთი დავალება – ისტორიული მოვლენის შეფასება. აქ საუბარი იყო ნაპოლეონის შესახებ. 1799 წლის მოვლენა, როცა ნაპოლეონი გახდა პირველი და სამუდამო კონსული. ამ დავალების მეოთხე შეკითხვაა ყოველთვის საინტერესო. მე-17 საუკუნიდან უნდა მოგვეყვანა რაიმე მსგავსი და ეს ანალოგი უნდა დაგვედასტურებინა ორი არგუმენტით.
„რაც შეეხება მეოთხე დავალებას, ეს არის ისტორიული წყაროს ანალიზი. მე-17 საუკუნის წყაროს ეხებოდა და პირველი შეკითხვა იყო მხოლოდ ცოდნაზე დამყარებული. რომელი საუკუნის მოვლენებია ასახულიო და, შესაბამისად, დაუდ ხანი იყო ნახსენები, თეიმურაზ მეფე იყო ნახსენები და ეს უკვე მოსწავლეს აძლევს საშუალებას, რომ უპასუხოს ამ შეკითხვას. დანარჩენი 13 ქულის აღება შეუძლიათ წყაროდან, ისტორიული დოკუმენტიდან“, – ამბობს პედაგოგი.
გალაქტიონ სვანიძე ისტორიაში მომდევნო სესიებზე გამსვლელებს ურჩევს, გადახედონ საქართველოს მეფეების მოღვაწეობის პერიოდებს და ყურადღება გაამახვილონ ისტორიულ გეოგრაფიაზე.
„მომდევნო სესიის აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შეკითხვები იყო როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიიდან, მაგრამ ვურჩევ, მაინც გადახედონ საქართველოს მეფეების მოღვაწეობის პერიოდს. ასევე, კარგი იქნება, თუ ისტორიულ გეოგრაფიას მიაქცევენ ყურადღებას – რომელ საუკუნეში, რომელ ტერიტორიაზე რომელი სახელმწიფო მდებარეობდა. რუკაზე იყო ასეთი შეკითხვა: რომელი სახელმწიფო არის მწვანე ფერით აღნიშნული. ცოდნაზეა ეს ნაწილი დამყარებული და თუ არ იცის, ვერ დაწერს პასუხს. ძალიან დაეხმარებათ დედაქალაქების ცოდნა. მაგალითად, რომ იციან, ბიზანტიის დედაქალაქი არის კონსტანტინოპოლი, მარტივად მიხვდებიან რომ ეს არის ბიზანტიის იმპერია“, – ამბობს გალაქტიონ სვანიძე.
პედაგოგის განმარტებით, პასუხების არჩევისას აბიტურიენტებს გამორიცხვის მეთოდის გამოყენებაც ძალიან გამოადგებათ, რადგან ისტორიული მასალა ვრცელია, ზუსტი პასუხი კონკრეტულ მომენტში აბიტურიენტს შეიძლება, არ გაახსენდეს, მაგრამ სავარაუდო პასუხების ანალიზი დაეხმარებათ სწორ პასუხამდე მისვლაში.
გალაქტიონ სვანიძე 10 წელია პედაგოგია და ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი აბიტურიენტების გამხნევებას სხვადასხვა ფორმით ცდილობს. წელსაც, გამოცდაზე მოსწავლეების საგულშემატკივროდ „ვენი, ვიდი, ვიცი – მივედი, ვნახე, გავიმარჯვე!“ – იულიუს კეისარის სწორედ ამ სიტყვებით გაფორმებული მაისურით მივიდა.
„შარშან მოსწავლეებსაც ეცვათ ასეთი მაისურები, წელს მხოლოდ მე მოვედი, ჩემთვის სიმბოლურია, წარმატების სიმბოლოა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს“, – ამბობს მასწავლებელი.
გალაქტიონ სვანიძე წელს 30 აბიტურიენტის სტუდენტობის მოლოდინშია. მისი აბიტურიენტების ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს სწორედ ისტორიის გამოცდით დაასრულებს.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ანა ჯიქიამ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება