GE

ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი: „თხრობითი ნაწილი 500-600 სიტყვამდე შევამცირეთ, VII ან X კლასელს რაში სჭირდება, ან რა საჭიროა ყველა სულთნის სწავლა?“

განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი ახალი ისტორიის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი, თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოების შექმნას ორი რამ “შეეწირა” და აბსოლუტურად სამართლიანადაც. ერთი არის ის, რომ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ტექსტური ნაწილი შემცირდა და მეორე – სასწავლო მასალა ზედმეტი სავალდებულო დოკუმენტებისგან დაიცალა.

აკადემიკოსის განცხადებით, ისტორიის საგნის სტანდარტი თითქოს ყოველთვის გადიოდა შესაბამისობაში გარკვეულ მიზანთან, მაგრამ მთავარი ყურადღების მიღმა რჩებოდა. მთავარი კი ავტორთა განმარტებით, არის რა მასალის ათვისება შეუძლია სხვადასხვა კლასში მოსწავლეს.

ჯაბა სამუშიას თქმით, ძნელია, სახელმძღვანელოში ყველაფერი შეიტანო, ასევე ბავშვს ყველაფერზე არ უნდა მოუყვე და ამიტომაც გაკეთდა ახალ სახელმძღვანელოებში აქცენტი ძირითადზე.

“რა გვქონდა ჩვენ რეალურად – შეგვიძლია შევქმნათ სახელმძღვანელო და ჩავყაროთ შიგნით ყველაფერი და რეალურ შედეგზე ვერ გავიდეთ იმიტომ, რომ ბავშვი ისტორიამ შეაშინოს. მაგალითად, ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ოსმალეთის ყველა სულთანი იყო ჩამოთვლილი. ვინმეს სჭირდება, ან ვინმეს სჯერა, რომ დღეს საქართველოში თუნდაც სპეციალისტმა ზეპირად იცის ყველა სულთანი? VII ან X კლასელს რაში სჭირდება, ან რა საჭიროა ყველა სულთნის სწავლა? ამიტომ, ჩვენ განვსაზღვრეთ ძალიან მარტივი მომენტი – რა მოცულობის მასალა უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს. გადავწყვიტეთ, რომ თხრობითი ნაწილი დაახლოებით 500-600 სიტყვა იყოს და ამას ემატება წყაროები, ილუსტრაციები. დიდი სამუშაო შესრულდა ფსიქოლოგებთან და პედაგოგებთან. დადგინდა რა რაოდენობის შეიძლება იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში თარიღები”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ 19 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ყველა თემა, რომელსაც მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის – საკითხების ჩამონათვალი

აკადემიკოსი პედაგოგების მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ მოსწავლეებს დიდი რაოდენობით მასალის გამო, ისტორიის საგნის შიში და ერთგვარი ზიზღიც კი ჰქონდათ.

“პედაგოგები ხაზგასმით ამბობენ, რომ მოსწავლეებს ეშინიათ წიგნების, რადგან ზოგ შემთხვევაში 14-გვერდიანი გაკვეთილი აქვთ. არ შეიძლება 14-გვერდიანი გაკვეთილი მისცე ბავშვს. იყო სახელმძღვანელოები, სადაც ერთ პარაგრაფში 17-18 დოკუმენტია მოტანილი, ისეთი დოკუმენტები, რომლებიდანაც ზოგიერთის არსებობა პროფესიონალებმაც კი არ იციან ხოლმე. შესაბამისად, ჩვენ ჯერ განვსაზღვრეთ რა მოცულობის მასალა უნდა მიიღოს ბავშვმა და შემდეგ მოხდა მისი დიფერენცირება. ეს არის: თხრობითი ნაწილი, დოკუმენტები, მეცნიერის მოსაზრება. ამას გარდა, შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც უფრო მეტი აინტერესებს. ამისთვის არსებობს უკვე რესურსები, რომელიც ერთვის სახელმძღვანელოს”, – აღნიშნავს ჯაბა სამუშია.

სახელმძღვანელოს ავტორი აცხადებს, რომ მოსწავლეებს სიახლე აქვთ მსოფლიო ისტორიის ნაწილში, მეშვიდე კლასში, სადაც სრულიად ახალი, ისეთი თემები შემოვიდა, რომლებიც აქამდე საერთოდ არ ისწავლებოდა – ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი, ფინიკია.

“შესაძლოა, ბავშვებს ისე დაემთავრებინათ მსოფლიო ისტორიის სწავლა, რომ ამ ცივილიზაციებზე წარმოდგენა არ ჰქონოდათ”, – ამბობს ჯაბა სამუშია.

სახელმძღვანელოს ავტორს მოლოდინი აქვს, რომ თუკი აქამდე ისტორიას სწავლობდა და შედეგზე გადიოდა კლასიდან 5 მოსწავლე, ისტორიის ახალი სახელმძღვანელოებით ამ საგანს კლასის ყველა მოსწავლე შეიყვარებს და ისწავლის.

ასევე იხილეთ:

ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური