უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
„უფასო ბაღის, უფასო სკოლისა და უფასო უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ“, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ფინანსთა მინისტრისგან უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი დააყენეს.
უმაღლესი განათლების რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე უფასოდ სწავლობენ, დოქტორანტურასა და რეზიდენტურას კი, დაფინანსების მხრივ ცვლილებები არ შეხებია.
თუმცა, მიმდინარე წლის აპრილიდან ვიცით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფასო დოქტორანტურისა და რეზიდენტურის შესაძლებლობას განიხილავდა. როგორც მაშინ განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აცხადებდა, შესაბამისი დავალება განათლების სამინისტროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ჰქონდა მიღებული.
მართალია, ამ მხრივ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, თუმცა რეზიდენტურაზე უფასოდ სწავლის დაშვების თემა საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის პარალელურად გააქტიურდა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ – „ხალხის ძალის“ წევრებმა – ზაალ მიქელაძემ და ზურაბ ქადაგიძემ, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომშემდგომი განათლების სირთულეებზე გაამახვილეს ყურადღება და ფინანსთაა მინისტრისგან რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს.
კანონმდებლებმა, მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებში რეზიდენტურა ნახსენებიც კი არ იყო, პლენარულ სხდომაზე მყოფ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს უთხრეს, რომ „რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსება არა ხარჯი, არამედ ქართულ მედიცინასა და ადამიანურ კაპიტალში სტრატეგიული ინვესტიციაა“ და რომ „უფასო ბაღის, უფასო სკოლისა და უფასო უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ, უკვე დროა, ეს ციკლი სწორად და ადეკვატურად დასრულდეს“.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დგას კრიტიკული გამოწვევის – კადრების დაბერებისა და პროფესიონალთა გადინების საფრთხის წინაშე. ახალგაზრდა ნიჭირი მედიკოსებისთვის დიპლომსშემდგომი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან მათი დატოვება მძიმე ფინანსური ტვირთის ქვეშ პირდაპირ ურტყამს ეროვნულ უსაფრთხოებას. რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსება არის არა ხარჯი, არამედ სტრატეგიული ინვესტიცია ქართულ მედიცინასა და ადამიანურ კაპიტალში. ეს საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას. როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მოავალ ექიმებზე. იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება“, – თქვა დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის სხდომაზე.
ასევე იხილეთ:
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
-
რა არ მოსწონს სახელმწიფო აუდიტს 2027 წლის განათლების ბიუჯეტის დაგეგმვაში – დასკვნა პარლამენტს წარედგინა
by ARIS.GE-განათლება
-
30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გასაორმაგებლად, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
by ARIS.GE-განათლება
-
„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე
by ARIS.GE-განათლება
