სწავლა 3-დან 30 კრედიტამდე და სახელმწიფო სერტიფიკატი – ქართულ უმაღლეს განათლებაში მიკროკვალიფიკაციები შემოვა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს
ცვლილებების თანახმად, პირს (მოქალაქეს, სტუდენტს) შესაძლებლობა ექნება, მოკლე დროში გაიაროს 3-დან 30 კრედიტამდე მოცულობის კონკრეტულ უნარებზე ორიენტირებული კურსები და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი მიიღოს, კრედიტების აღიარება კი უნივერსიტეტის დიპლომისთვის კონკრეტული დათქმებით მოხდება.
EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებული კანონპროექტის დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ იმუშავებს მიკროკვალიფიკაციების სისტემა საქართველოში.
პირს, რომელიც ამ პროგრამაზე ჩაირიცხება, ოფიციალურად ერქმევა „მსმენელი“.
მიკროკვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამა იქნება მცირე მოცულობის და მოიცავს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 30 კრედიტს.
კურსის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი პირს მიენიჭება მიკროკვალიფიკაცია და გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
მიკროკვალიფიკაციის პროგრამები იყოფა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეების მიხედვით.
ვის აქვს სწავლის უფლება, რა დათქმებით და რა დონეებზე:
-მე-6 დონის პროგრამაზე (ბაკალავრიატის შესაბამისი) – დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე სრული ზოგადი განათლება (ატესტატი).
– მე-7 დონის პროგრამაზე (მაგისტრატურის შესაბამისი) – დაიშვება პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
– მე-7 დონის მეორე ნაწილის პროგრამაზე – ესაჭიროება მაგისტრის ხარისხი.
კანონპროექტში ნათქვამია ისიც, რომ თავად სასწავლო პროგრამით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი წინაპირობებიც.
ვის ექნება მიკროკვალიფიკაციის პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების უფლება:
მიკროკვალიფიკაციის პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების უფლება ექნება როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (უნივერსიტეტს), ისე სხვა იურიდიულ პირს.
პროგრამების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ განათლების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სწავლის სფეროებში.
სასწავლებლებს ან იურიდიულ პირებს ამ პროგრამების განხორციელების უფლება (აკრედიტაციის საბჭოს მიერ) მიენიჭებათ 3 წლის ვადით.
როგორ მოხდება კრედიტების აღიარება დიპლომისთვის
თუ თქვენ გაივლით მიკროკვალიფიკაციის კურსს და შემდეგ გადაწყვეტთ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლას, თქვენი კრედიტები შეიძლება აღიარონ, თუმცა არსებობს განსაზღვრული ლიმიტი:
– აღიარებული კრედიტების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის მოცულობის ერთ მეოთხედს (1/4-ს).
– კრედიტების აღიარება არ მოხდება რეგულირებად უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე (მაგალითად, როგორიცაა მედიცინა, სამართალი და ა.შ.).
სწავლების ფორმები
საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი სწავლების სხვადასხვა ფორმატებს ითვალისწინებს: პირისპირ (ტრადიციული, ერთ სივრცეში); დისტანციური (სრულად ელექტრონული სისტემით – სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციით); ჰიბრიდული (როცა სტუდენტების ნაწილი აუდიტორიაშია, ნაწილი კი ონლაინ ერთვება); შერეული (რომელიც აერთიანებს პირისპირ და დისტანციურ კომპონენტებს).
კანონპროექტის განხილვას განათლების კომიტეტი დაიწყებს და მისი წარმდგენი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ზვიად გაბისონია იქნება.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
-
ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა – ვის მოუწევს ზოგადი უნარების ტესტის წერა
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის მერია განათლების მიმართულებით 325 მილიონამდე ლარს დახარჯავს – პრიორიტეტული პროგრამები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ არის უკეთესი მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები დაწყებით კლასებში – „მოსწავლე დამოუკიდებელი მეცადინეობისკენ მიგვყავს“
by ARIS.GE-განათლება