პარლამენტში მარჩენალდაკარგული ბავშვების ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვენ – „მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 11 ნოემბერს, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას იხილავდნენ და დოკუმენტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე მსჯელობდნენ, მარჩენალდაკარგული ბავშვების ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხი დაისვა.
დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ სასესიო დარბაზში მყოფ ფინანასთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისგან მოითხოვა პასუხი, თუ როდის მოიმატებს ამ მიზნობრივ სოციალურ ჯგუფში შემავალი ბავშვების დახმარება:
„ბატონ გიორგისთან [კაკაურიძე] ჩვენ დავსვით რამდენიმე საკითხი და ვხედავ, რომ ეს ვერ იქნა გათვალისიწინებული [ბიუჯეტის პროექტის] განმეორებითი შემოტანის დროს. თქვენგან მინდა პასუხი და მოლოდინი, რომ თუ ეს ახლა ვერ განხორციელდება, იმის მინიშნება მაინც, რომ რამდენად შეიძლება, შემდეგ წლებში მოვახერხოთ ამ თემის გააქტიურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ადამიანებისთვის. ეხება მიზნობრივ სოციალურ ერთ პატარა ჯგუფს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ესენი არიან მარჩენალდაკარგული ბავშვები, რომლებზე ზრუნვაც, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია. მადლობა, როდესაც 2012 წელს მოხდა გაორმაგება, თუმცა მას შემდეგ გავიდა წლები და ის დარჩა 100 ლარი, როცა [ბავშვს] ერთი მშობელი არ ჰყავს და 150 ლარი – ორივე მშობელი არ ჰყავს. დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის ჩვენი მხარდაჭერა“.
კანონმდებელს ფინანსთა მინისტრისგან სხდომის განმავლობაში კითხვაზე მკაფიო პასუხი არ მიუღია. იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ ამ საკითხზე კონკრეტული ინიციატივით გამოსვლას, ან რა ოდენობის თანხით წარმოუდგენიათ მარჩენალდაკარგულთა დახმარების ზრდა, EDU.ARIS.GE დაუკავშირდა თავად ზაალ მიქელაძეს, რომელმაც საკითხზე დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.
ასევე იხილეთ:
პარლამენტმა პროექტი აღარ დაახარვეზა – „უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი განხილვის ეტაპზე გადავიდა“
-
30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გასაორმაგებლად, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
by ARIS.GE-განათლება
-
„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე
by ARIS.GE-განათლება
-
საუკეთესო შედეგების მაგისტრანტები თბილისის მერიისგან 1000 ლარს მიიღებენ – მონაცემების წარდგენა დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულებაა
by ARIS.GE-განათლება