GE

ჟურნალისტი მასწავლებლის „ტყავში“, – რეპორტაჟი პედაგოგთა გამოცდიდან 

ჟურნალისტისთვის თითქმის ყველა გამოცდა გასაშუქებლად ერთმანეთს ჰგავს. მიდიხარ, ეკითხები აპლიკანტებს განწყობებს, ინიშნავ ინციდენტებს, გამოცდიდან გამოსულებს აკეთებინებ შეფასებებს და ა. შ.

სულ სხვაა, როდესაც აპლიკანტი თავად ხარ. პირველ რიგში, ცდილობ, მოძებნო საგამოცდო ცენტრი და ბევრის მსგავსად შენც იმაზე წუწუნებ, რატომ მოხვდი ასე ძალიან შორს საცხოვრებელი ადგილიდან და იწყებ ზრუნვას, იჭერ წინასწარ თადარიგს, რომ გამოცდაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ (ამჯერად, ნოემბერშიც) ტარდება, არ დააგვიანო.

ჟურნალისტი მასწავლებლის ტყავში, – ასე შეიძლება ვუწოდო ჩემს მდგომარეობას. გამოცდაზე გავდივარ როგორც მასწავლებლობის მსურველი, მაგრამ მოვლენებს მაინც ჟურნალისტის თვალით ვაკვირდები.

წელს პირველი გამოცდებია, როგორც უნივერსიტეტში შემსვლელთათვის, ასევე მასწავლებლებისთვის, როდესაც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აღარაა და გამოცდების პროცესს სოფო გორგოძე წარმართავს.

შეიძლება ითქვას, გამოცდების ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ძალაუნებურად ძველ დროს ვადარებ, როდესაც მასწავლებლის სხვა გამოცდებზე ვიყავი გასული. არაფერი განსაკუთრებული. წელს ის შევამჩნიე, საგამოცდო ცენტრის შესასვლელში ლამაზი გოგო-ბიჭები ბარათების შემოწმებისას ღიმილით უსურვებდნენ წარმატებებს ყველა გამოცდაზე გამსვლელს, რაც უდავოდ კარგ განწყობას ქმნიდა.

ყველას ახსოვს, ალბათ, თბილისური სიცხისგან შეწუხებული აპლიკანტები და მათი გულშემატკივრები, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების არარსებობას აპროტესტებდნენ. წელს ყველა ცენტრი აღჭურვილია გასაგრილებელი საშუალებებით.

არც 147-ე საჯარო სკოლაში შევუწუხებივართ სიცხეს. თუმცა აუდიტორია, სადაც უშუალოდ გამოცდა გვქონდა, არაკომფორტული სხვა მხრივ იყო. ასეთი გახეხილი კედლები და ურემონტო საკლასო სივრცე ბოლოს ერთ-ერთ სოფელში, წლების წინ ვნახე (შემდეგ ეს სკოლა დაიხურა). ნამდვილად არასასიამოვნო საყურებელი იყო კედლებიც და იატაკიც, რომელიც ისეთი შავი მომეჩვენა, გაწმენდილი იყო თუ არა არ ეტყობოდა.

დრო გამოცდის დაწყებამდე ყველაფრის დათვალიერების საშუალებას მაძლევდა, აპლიკანტებმა ერთმანეთთან გასაუბრებაც მოვასწარით.

რამდენიმე პედაგოგი მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგებით უკმაყოფილო იყო. ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოქმედ პედაგოგებს გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგები შესთავაზა.

„დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა სამი მოდულისგან, მათემატიკა, ქართული, ბუნებისმეტყველება, შედგება. აქედან ერთ-ერთი უნდა აგერჩია. ანალიტიკური წერის გამო ქართული ავირჩიე. არაფერი უსწავლებია ტრენერს ჩემთვის, სულ ტელეფონს ჩასცქეროდა. არადა, რეგიონიდან სპეციალურად ტრენინგისთვის ვიყავი ჩამოსული. არც შემიფასებია ბოლოს ამის გამო ტრენერი“, -ამბობდა ერთი მასწავლებელი.

„მე მათემატიკა ავირჩიე ტრენინგზე, მაგრამ ძალიან რთულ საკითხებზე გვამუშავებდნენ. დაწყებითი საფეხურის პედაგოგს მათემატიკის ასეთი ძირფესვიანი სწავლება არ სჭირდება. რამდენჯერმე მივეცით ტრენერს შენიშვნა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც ესაუბრა. რამდენიმე კითხვაზე მიგვანიშნა, მაგრამ შემდეგ ისევ მათემატიკის სპეციალისტებისთვის გააგრძელა საუბარი“, – აღნიშნა მეორე მასწავლებელმა.

ამასობაში გამოცდის დროც მოვიდა. განგვემარტა ინსტრუქციები და დავიწყეთ მუშაობა. წელსაც, ისევე როგორც ადრე, საკითხები ელექტრონულად იყო კომპიუტერში წარმოდგენილი, პასუხების ჩასაწერად და სამუშაოდ ე.წ შავი ფურცლები გადმოგვეცა.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა (I-IV) ქართულ ენას და ლიტერატურას, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ტესტი 80-ქულიანია და გამსვლელად 49 ქულა ითვლება.

მათთვის, ვისაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა ჩაბარებული აქვს, ქართულის ნაწილი არ შეიძლებოდა რთულად მოჩვენებოდა. თავიდან ტესტი დახურული კითხვებით დაიწყო. მაგალითად ასეთი კითხვებით:  რომელია იდიომატური გამოთქმა: აკვნის დარწევა, ნალის დაჭედვა, ხელის მოთბობა? იყო ასეთი საკითხიც: სინტაქსის განმარტებაში იყო დაშვებული შეცდომა, უნდა გაგესწორებინა და წინადადება დაგესრულებინა. მოცემული იყო ასევე ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას „ბუნების მგოსნებიდან“ და იმის მიხედვით უნდა გეპასუხა კითხვებზე და გემსჯელა ტექსტის მთავარ სათქმელზე.

საინტერესო იყო აკადემიური უნარებიდან წაკითხული ტექსტის გააზრება. ტექსტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეხებოდა საგანმანათლებლო სფეროში. რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ, თუ რობოტებს შეუშვებენ საკლასო ოთახში. ასევე მის დადებით მხარეებზე იყო საუბარი.

ანალიტიკური წერის ესე კი ბევრისთვის საყვარელი ფილმის მიხედვით უნდა შეგესრულებინა. უნდა გემსჯელა ფილმის, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, გმირის ლიტერატურის მასწავლებლის პროფესორი კიტინგის სწავლების მეთოდებზე. აუცილებელი არ იყო თავად ფილმი გქონოდა ნანახი. ესეს წინაპირობაში კარგად იყო ახსნილი, რას აკეთებდა კიტინგი კლასში და როგორ შთააგონდებდა მოსწავლეებს ყოფილიყვნენ ინდივიდუალურები. მან მოსწავლეებს ის ფურცელიც კი ამოახევინა წიგნიდან, სადაც პოეზიის სტანდარტული განმარტება იყო მოცემული და ურჩია, საკუთარი განცდები და დამოკიდებულება ჰქონოდათ პოეზიის მიმართ.

მათემატიკური ნაწილი მეტ-ნაკლებად რთული იყო. ტოლგვერდა სამკუთხედის პერიმეტრი, საკოორდინატო სისტემა, ამოცანების ამოხსნა, მოსწავლის ნამუშევრის გასწორება და ა. შ. ეს საკითხები მოვიდა მათემატიკურ ნაწილში.

საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ბუნებისმეტყველების ნაწილი, სადაც თავმოყრილი იყო საკითხები, როგორც ბუნებიდან, ბოტანიკიდან, ასევე ბიოლოგიიდან, ქიმიიდან და ფიზიკიდან.

შესაბამისობის დავალება მოვიდა პლანეტების შესახებ. უნდა გეპასუხნა, რომელია მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, რომელ პლანეტას ჰყავს ორი თანამგზავრი, რომელია დედამიწის სიდიდის პლანეტა და. აშ.

აღსაწერი იყო ცდა ნიადაგში ჰაერის არსებობის დასამტკიცებლად. მოცემული იყო: ნიადაგი ქოთანში, წყალი, შტატივი, სპირტქურა და უნდა აგერჩია, რომელი გამოდგებოდა ცდის ჩასატარებლად.

იყო ასეთი კითხვებიც: სხეულის რომელი ორგანოები მონაწილეობენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაში: ფილტვები, თირკმლები თუ გული? რომელი თესლი გადააქვს ქარს და მოცემული იყო მცენარეების ფოტოები და ა. შ.

ტესტის შესრულების შემდეგ აღარ გამკვირვებია, რატომ იჭრებოდა ყველაზე მეტი პედაგოგი დაწყებითი საფეხურის გამოცდაში. ერთად თავმოყრილი სამი სხვადასხვა საგნის დავალებების გააზრება და მისი ამოხსნა/პასუხის გაცემა მართლაც დამღლელი აღმოჩნდა. თუმცა იყო ისეთი დავალებებიც, რომლებსაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც რომ იოლად გაართმევენ თავს.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური