GE

„კარგი დედა არ დაივიწყებს, რომ ოდესღაც თავადაც იყო ბავშვი“ – დედის სურვილები დედებს

ავტორი თაკო მათეშვილი, 6 წლის შვილის დედა

კარგი დედა დაბადების წამიდან აღიქვამს შვილს სრულფასოვან ადამიანად, პატივს სცემს მის სურვილებს და არ მოექცევა როგორც საკუთრებას;
შეეცდება, მისცეს ლაღი ბავშვობა და აჩვენებს, რომ ამისთვის სიმდიდრე არ არის საჭირო;
არ დაივიწყებს, რომ ოდესღაც თავადაც იყო ბავშვი;

არც ერთ ასაკში არ ეტყვის ისეთ რამეს, რაც მას დაამცირებს;
ეყოფა მოთმინება, ყველაზე კრიზისულ სიტუაციებშიც კი მონახოს ძალა, რათა აუხსნას და არა უყვიროს, ან დააძალოს;
არ აგრძნობინებს, რომ მისით იმედგაცრუებულია;
მისით იამაყებს არა მხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის დროსაც;
მისცემს შეცდომების დაშვების უფლებას;
მხარს დაუჭერს მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება;
არასოდეს ეტყვის და აგრძნობინებს, რომ მას რაიმე არ გამოუვა;

ენდობა და დაიჯერებს მის სიძლიერეს;
არ ჩაერევა მის არჩევანში და სულერთია, რას უკავშირდება ეს არჩევანი – ბაღში წასაღებ სათამაშოს, თინეიჯერობისას შერჩეულ ვარცხნილობას, პროფესიას, თუ ცხოვრების წესსა და თანამგზავრს;
არ ჩაუნერგავს უნდობლობას ადამიანების მიმართ;
ასწავლის სამყაროს სიყვარულსა და მადლიერებას;
დარწმუნებული იქნება მისი შვილის უნიკალურობაში და არასოდეს შეადარებს მას და მის მიღწევებს სხვისას;
არასოდეს დააყენებს საზოგადოებრივ აზრს შვილის ბედნიერებასა და ინტერესებზე წინ;
არ მიიღებს გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად;
იამაყებს მისი განსხვავებულობით;
არ დაჩაგრავს და ასწავლის დაჩაგრულის დაცვას;
ასწავლის შრომას და სხვისი ნაშრომის დაფასებას;

არ გაარჩევს შვილებს სქესის მიხედვით და არ ეტყვის, რომ კაცები არ ტირიან და ქალებს „კაცის პროფესიებში“ არაფერი ესაქმებათ;
სახლს უქცევს ისეთ ადგილად, სადაც ნებისმიერ ასაკში შეძლებს გაექცეს ცხოვრებისეულ სირთულეებს. სადაც მუდამ ელიან და მუდმივად დახვდება უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა;
კარგი დედა საკუთარ თავს შეცდომებს აპატიებს.

ამავდროულად, ჩვენ არ ვიქნებით ცუდი დედები, თუ ჩვენს შვილებთან, ხანდახან, მოთმინება გვიღალატებს;
თუ თავს სიზარმაცის უფლებას მივცემთ;
თუ გავაგრძელებთ ძილს მათი გაღვიძების მერე;
თუ ზოგჯერ პირად ინტერესებს უფრო წინ დავაყენებთ;
თუ არ მოვუსმენთ ჭკუის დამრიგებლებს, ვეტყვით, რომ არ გვაინტერესებს როგორ გაზარდეს მათ თავიანთი ურიცხვი რაოდენობის შვილები და არ გვჭირდება მათი რჩევები;
თუ არ გვექნება იდეალურად დალაგებული სახლი და დაუთავებული ტანსაცმელი;
თუ ფულს საკუთარი თავისთვის დავხარჯავთ;
თუ ყველა სასუსნავს მისთვის არ გადავინახავთ და ზოგჯერ მხოლოდ ჩვენთვის გამოვიზოგავთ;
თუ ვიწუწუნებთ, ვიტყვით, რომ დავიღალეთ და ვაღიარებთ, რომ ზოგჯერ უბავშვოდ ყოფნა გვსიამოვნებს;
თუ საკუთარ თავს გავანებივრებთ;
თუ გასართობად, დასასვენებლად, სამოგზაუროდ ბავშვების გარეშე წავალთ;
თუ არ ვიტყვით უარს კარიერაზე;
თუ ყოველთვის ვერ ვიქნებით ჩვენი შვილების გვერდით მათთვის მნიშვნელოვან მომენტებში;
თუ ზოგჯერ ვერ შევძლებთ დავიცვათ;
თუ ვერ შევუსრულებთ ყველა სურვილს;
თუ ვერ მივცემთ ყველაფერს, რასაც იმსახურებენ და რასაც სხვა მშობლები აძლევენ თავიანთ შვილებს;
თუ სისუსტეს გამოვიჩენთ;
თუ შეცდომებს დავუშვებთ…

გილოცავთ დედის დღეს!

დაე, მუდამ ვეცადოთ, ვიყოთ უკეთესი დედები და ვაპატოთ საკუთარ თავს, თუ ხშირად არ გამოგვივა ეს…

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური