GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია გაიხსნა

გაეროს დღისა და გაერო-საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, 27 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია გაიხსნა.

ლაბორატორია გაეროს გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით თანამშრომლობასა და ცოდნის გაცვლის საერთაშორისო კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და გაეროს მუდმივი კოორდინატორი დოქტორ საბინე მახლი.

შეხვედრა გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის საამაყოა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც შეუერთდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გლობალურ შესაძლებლობებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ლაბორატორიას აქვს გაეროს სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ვიდეომიმართვით მოუსმინეს გაეროს DESA EAPD-ის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერს, დოქტორ ნამსუკ კიმის.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაეროს მდგრადი მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.

„მე მჯერა თქვენი აკადემიური წრის, სულმოუთქმელად ველი თანამშრომლობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გაეროს შორის“, – მიმართა მან დამსწრე საზოგადოებას.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ განუცხადა, ლაბორატორია ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას მდგრადი განვითარებისთვის საჭირო მიზნებზე სამუშაოდ სრულიად ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

„გაეროს მდგრადი განვითარების მისაღწევად 17 მიზანი აქვს, რომელთა მიღწევაც არ არის მარტივი საქმე. ლაბორატორია კი შექმნის სივრცეს მსჯელობისა და საკითხების გამოკვეთისთვის. მაგალითისთვის, გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს შორისაა ცირკულარული ეკონომიკა, ასევე მიზანია ნარჩენებთან ბრძოლა. ყველა მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ღონისძიებებში ჩაერთვებიან გაეროს ექსპერტებიც, ლაბორატორია კი შექმნის სივრცეს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას ამ მიზნებზე სავალი გზისთვის, ის იქნება ღია ყველასთვის და ყველანაირი დისკუსიისთვის“, – განაცხადა ვახტანგ წივწივაძემ.

ლაბორატორიის გახსნის ღონისძიება სიმბოლურად მიეძღვნა გაეროს დღესა და საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური