GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 7-8 დეკემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის წევრებიც როგორც ქართველი, ისე მედიცინის უცხოელი წარმომადგენლები არიან.

კონფერენციის მთავარი თემაა: „სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების სინერგიული კომბინირებული მკურნალობის უახლესი ტენდენციები, ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში”.

EDU.ARIS.GE დღეს კონფერენციის გახსნას დაესწრო, რომელსაც ჰიბრიდული ფორმატის სახე აქვს და მონაწილეთა გაერთიანებულ სესიას ეთმობა.

კონფერენცია სიტყვით გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, რომელიც დამსწრე უცხოელ აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესი შენაძენია სამეცნიერო, აკადემიური საზოგადოებისთვის.

კახაბერ კორძაიას ჩვენც ვესაუბრეთ. როგორც CIU-ს რექტორმა განგვიცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობენ უცხოელი და ქართველი სპეციალისტები და ასევე, კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებსაც.

„სიმსივნესთან ბრძოლის გენერირების პროცესში ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ აქ მოწვეული გვყავს ქართველი, ინდოელი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების მეცნიერები. ეს კონფერენცია მაღალი სამეცნიერო დონის გახლავთ, თუმცა აქ ვხედავთ ჩვენს სტუდენტებსაც, რომლებსაც კარგად ესმით მისი მნიშვნელობა და საჭიროება”, – განგვიცხადა კახაბერ კორძაიამ.

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქიმიოთერაპიული პრეპარატების სინთეზისა და კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, არჩილ ჭირაქაძე კი EDU.ARIS.GE -სთან ამბობს, რომ ამ ღონისძიებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სიმსივნესთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტს აქვს დიდი მიღწევები. სწორედ ჩვენმა უნივერსიტეტმა გაგზავნა ინდოეთში, მაჰათმა განდის ცენტრში პრეპარატები, რომლებიც სიმსივნის განვითარებას ებრძვის და სულ ორიოდე დღის წინ მივიღეთ დადებითი შეფასებები. იცით, რომ სიმსივნის გამო უამრავი ადამიანი იღუპება. ჩვენ გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა არჩილ ჭირაქაძემ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ხვალ ორი პანელით იმუშავებს და პროცესი კვლავაც ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება. რაც შეეხება თემატიკას, განხილული იქნება ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში და სიმსივრუნი წარმონაქმნების სინერგიული კომბინირებული მომიჯნავე მიმართულებები.

აღნიშნული 2 პანელის ფარგლებში სხვადასხვა თემატური მიმართულების სექციები იქნება გათვალისწინებული.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური