GE

კითხვები და პასუხები სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ – გამოცდები 2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეების მიერ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს დღეს, 16 ივნისს აქვეყნებს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

სამ ნაწილში რომ გადავლახო ზღვარი, გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩამეთვლება?

– სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია: თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას; მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივე ნაწილში; დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის ერთი, რამდენიმე ან ყველა ნაწილისათვის.

როგორ მივიღოთ მაღალი ქულა ანალიტიკურ წერაში? რას გვირჩევთ?

– ანალიტიკური წერის ტესტი შედგება ორი დავალებისაგან: მსჯელობის ანალიზი და თემა მოცემულ საკითხზე. თითოეული დავალება ფასდება 9 ქულით. თითოეული ნაწერი სწორდება ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: შინაარსი (არგუმენტები, მაგალითები), სტრუქტურა, სტილი და გრამატიკა (სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია). იხილეთ შეფასების სქემა. პირველი დავალების შესრულებისას აპლიკანტმა დავალებაში მოცემული ტექსტი კრიტიკულად უნდა გაიაზროს, კერძოდ, უნდა გააანალიზოს ტექსტში წარმოდგენილ მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი კავშირები, ასევე გამოავლინოს ის ლოგიკური შეუსაბამობა, რომელიც არსებობს ტექსტში გადმოცემულ ამბავსა და ამ ამბიდან გამოტანილ დასკვნას შორის. მეორე დავალების შესრულებისას აპლიკანტმა უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი მოცემული თემის შესახებ, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს პირობაში გამოთქმულ აზრს; აუცილებლად უნდა მოიყვანოს არგუმენტები და მაგალითები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ყოველთვის ვცდილობთ, შევარჩიოთ აქტუალური თემები, რათა აპლიკანტებს გაუადვილდეთ დავალების შესრულება.

ვის შეუძლია საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება?

– საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე (გარდა საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სპეციალობებისა) სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდა/გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში, გამოცდა უცხოურ ენაში და სხვ.). სსგ-ის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო დანარჩენ გამოცდებზე – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩარიცხვის დროს აუცილებელია გქონდეთ ბაკალავრის დიპლომი.

წელსაც იქნება თუ არა დაყოფილი სამაგისტროს ტესტი მიმართულებების მიხედვით?

– 2023 წელს, ისევე როგორც წინა წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი (განსხვავებით 2017-2019 წლებისაგან). შესაბამისად, მოხსნილია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები.

რა შემთხვევაში განულდება დავალება?

– 0 ქულა იწერება იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწერი არ პასუხობს დავალების პირობას; როდესაც ნაწერის (ხელწერის) გარჩევა შეუძლებელია; ან როდესაც ნაწერში არის მაიდენტიფიცირებელი მინაწერი, მაგალითად: სახელი, გვარი და სხვ.

სამაგისტრო გამოცდის შედეგი ინახება?

– არა. თუ იმავე წელს არ გააფორმებთ ხელშეკრულებას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან, სამაგისტრო გამოცდის შედეგს ვეღარ გამოიყენებთ.

სამაგისტრო გამოცდაზე ტესტის რამდენი ვარიანტი იქნება წელს?

– გამოსაცდელთა რაოდენობის მიხედვით, წელსაც ტესტის ორი ვარიანტი იქნება მოწოდებული.

გამოცდის დროს ბაკალავრის დიპლომის წარმოდგენა საჭიროა?

– გამოცდების დროს დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რომელიც უნდა ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან და თან იქონიოთ ყველა გამოცდაზე.

ტესტირების დროს ტექსტი უნდა ავკრიფოთ თუ ხელით ვწერთ?

– ყველა გამოცდა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება. გამოსაცდელი ტესტს ხედავს ეკრანზე და პასუხებს წერს პასუხების ფურცელზე.

ქულა გვაკლდება არასწორი პასუხის შემთხვევაში?

– საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის განკუთვნილი ტესტის სამი ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) თითოეულ დავალებას ახლავს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული ეს დავალება ფასდება 1, 0, ან -0,2 ქულით. სწორი პასუხის გაცემისათვის იწერება 1 ქულა, თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა, ხოლო არასწორად გაცემული პასუხისათვის იწერება (-0,2) ქულა (ანუ, აკლდება 0,2 ქულა).

როგორ გაიცემა დაფინანსება მაგისტრანტებისათვის?

– გრანტის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი. გრანტი გაიცემა კანდიდატის მიერ სსგ-ზე მიღებული აბსოლუტური საგრანტო ქულის მიხედვით. აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი იხილეთ გზამკვლევში.

მაგისტრატურაზე ნაწილობრივი გრანტი გაიცემა?

– სამაგისტრო პროგრამებზე გაიცემა მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება. გრანტის მაქსიმალური თანხა 2250 ლარია. ყოველწლიურად თანხას 900-მდე სტუდენტი იღებს.

თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ცუდი შედეგი ვაჩვენე, აქამდე მოპოვებული 50%-იანი გრანტი გამიუქმდება?

– თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტით არ ფინანსდება დამატებითი სემესტრები).

მაგისტრანტს თუ შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება იმისთვის, რომ დაფინანსება გაიუმჯობესოს?

– არა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება. საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ.

როგორია წლევანდელი რეგისტრაციის სტატისტიკა?

– 2023 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

გამოცდაზე შავი ფურცლების გამოყენების უფლება გვექნება?

– დიახ, შავი სამუშაოსთვის დაგირიგდებათ დანომრილი ფურცლები, რომლებიც ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს პასუხების ფურცელთან ერთად.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური