GE

კოლეჯი, სადაც სტუდენტების 90% უმაღლესდამთავრებულია – IT აკადემია დასაქმების 100%-იანი მაჩვენებლით

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, რომელიც სწავლებას მხოლოდ ერთი  – IT მიმართულებით ახორციელებს, დასაქმების უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვს – 98-100%. აღნიშნული პროფესიული კოლეჯი  გამორჩეულია იმითაც, რომ  იგი თავად არის თავისი კურსდამთავრებულების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი.

იმდენად, რამდენადაც 21-ე საუკუნე ტექნოლოგიის ხანაა, სფერო მუდმივად მზარდი და მოთხოვნადია, კოლეჯის ხელმძღვანელი მამუკა ჯანჯალია ამბობს, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ სტუდენტს სამსახურის შოვნა გაუჭირდა. მეტიც, თითქმის ყველა,  სტუდენტობის პერიოდშივე საქმდება წამყვან კომპანიებში, ან ხდება თვითდასაქმებული.

სასწავლებელში 7 პროგრამა მოქმედებს -ქსელის ადმინისტრირება, 3D გენერალისტი, ვებ-დეველოპერი, ვებ დიზაინერი, საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი, ინფორმაციის ტექნოლოგია და  ქსელისა და სისტემის ტექნიკოსი. ყველა პროგრამა მოდულურია და მათი ხანგრძლივობა 1-დან 2,5 წლამდეა.

მამუკა ჯანჯალია: სტუდენტების წელიწადში ორჯერ ვიღებთ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თითოეულ მიღებაზე 250 აპლიკანტს. ამჯერად, საშემოდგომო მიღებისათვის 333 ადგილია გამოცხადებული და კონკურსი საკმაოდ მაღალია. ზოგიერთ პროგრამაზე ერთ ადგილზე 6-7 აპლიკანტი მოდის ხოლმე.

–ატარებთ თუ არა კოლეჯის გასაცნობად კამპანიებს?

–ჩვენი სარეკლამო სახე ჩვენი სტუდენტები არიან. აპლიკანტები წერენ, რომ კოლეჯის შესახებ მეგობრებისაგან გაიგეს, რომლებიც ჩვენი სტუდენტები, ან კურსდამთავრებულები იყვნენ.  ფართო სარეკლამო კამპანიასაც ვაწარმოებთ მაგალითად ტელევიზიების მეშვეობით და ა.შ

იხილეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამები

–რა ხვდება სტუდენტს კოლეჯში მოსვლის შემდეგ? როგორია სწავლების ეტაპი?

–სწავლა ნულიდან იწყება. ანუ, ადამიანი შეიძლება ამ სფეროში სრულიად გაურკვეველი იყოს, ელემენტარულის სწავლას იწყებს და უმაღლეს დონეზე ადის.

კოლეჯში საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს – გაცდენა არ შეიძლება გადაუდებელი სიტუაციების გარდა. თუ სტუდენტი მოდულს ვერ დაძლევს და საჭირო ქულებს ვერ დააგროვებს, ავტომატურად ირიცხება.

–ასეთი შემთხვევა ხშირია?

–საკმაოდ. ქვეყანას პროფესიონალები სჭირდება. სახელმწიფოს ფულს ტყუილად არ გამოვართმევთ. ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული. როდესაც ჩვენი სტუდენტი სწავლას დაამთავრებს და დამსაქმებელთან წავა, კოლეჯის იმიჯი არ უნდა შელახოს. ერთი რომ იმედს გაუცრუებს დამსაქმებელს, ის შემდეგ სხვას აღარ აიყვანს. ამიტომ, იმ ნიშანს არ ვკარგავთ, რა ნიშნითაც დღემდე მოვდივართ. ამიტომაც არის ჩვენი დასაქმების კოეფიციენტი 98-100 %! მოქმედი სტუდენტებიც  კი დასაქმებულები არიან.

–სწავლების რა ეტაპზე იწყება პრაქტიკა?

–დასაწყისიდანვე. პრაქტიკა და თეორია შერწყმულია. თეორიულ სწავლებას ძირითადად  30% უკავია, პრაქტიკას კი 70. ამიტომაც არის პროფესიული სასწავლებლის დასრულება მოკლე გზა დასაქმებისაკენ.

–პრაქტიკას კოლეჯის ბაზაზე გადიან თუ პარტნიორ კომპანიებში?

–სწავლის პროცესში პრაქტიკას კოლეჯის ბაზაზევე გადიან. აქ ამისათვის ყველა პირობაა შექმნილი. მოდულის დასრულების შემდეგ კი საწარმოო პრაქტიკა იწყება, რომელსაც უკვე პარტნიორ ობიექტებზე გადიან. ჩვენ თავადაც ვართ საწარმოო პრაქტიკის ობიექტები. ამ ეტაპის წარმატებით გავლაც მნიშვნელოვანია, რადგან დიპლომს ამის გარეშე ვერ აიღებს.

–სწავლება რამდენად ითვალისწინებს კლასგარეშე აქტივობებს?

–წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა პროგრამის მიხედვით, ოლიმპიადები ტარდება. პირველ სამ ადგილზე გასულ სტუდენტებს წამახალისებელი პრიზებით ვაჯილდოებთ  – ტექნიკის ვაუჩერებით. გვაქვს სპორტული ღონისძიებები. გარდა ამისა, ინტენსიურად ვხვდებით სტუდენტებს, ვიკრიბებით და ვაწყობთ დისკუსიებს იმ დროისათვის აქტუალურ თემებზე. პერიოდულად ვიწვევთ წარმატებული კომპანიების წარმომადგენლებს მასტერკლასების ჩასატარებლად.

–როგორც თქვით, დასაქმების მაჩვენებელი 98-100 პროცენტია. მათ შორის დასაქმებულები არიან სტუდენტებიც. როგორ ახერხებენ ამის სწავლასთან შეთავსებას?

–დღეს რომ მითხრათ, რომ რომელიმე ჩვენი სტუდენტის მიწვევა გინდათ სამუშაოდ, არ მყავს. თითქმის ყველა სტუდენტი დასაქმებულია. მათი ნაწილი თვითდასაქმებულია. მაგალითად ვებ-დეველოპერის სპეციალისტს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს- მიიღოს შეკვეთა და  შეასრულოს. შესაბამისად, თავისუფალი გრაფიკი აქვთ. მუშაობენ არა მხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სტრუქტურებშიც ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი დამსაქმებელი თავადაც ვართ, ვინაიდან ჩვენი პედაგოგების 50% ჩვენივე კურსდამთავრებულია.

–რამდენად ზრდადი და მოთხოვნადია სფერო?

–ძალიან მოთხოვნადია. იმდენად, რომ ხშირად მიწოდებას ვერც ვაკმაყოფილებთ. ამიტომაც არ ჭირს დასაქმება. 21-ე საუკუნეა, ახალი ტექნოლოგიების ერა. ჩვენი პროგრამები ყოველდღიურად ვითარდება.

–ასეთ პირობებში როგორ უნდა მოახერხოს კურსდამთავრებულმა, რომელიც შესაძლოა დღეს სრულყოფილ ცოდნას ფლობს, რომ მუდმივად აითვისოს სიახლეები და მიღებული განათლება არ „დაუძველდეს“?

–ჩვენ ვაძლევთ იმ ცოდნას, რაც საფუძველს წარმოადგენს და სწორ გზას აჩვენებს. საკუთარი თავის განვითარებაზე კი ადამიანმა ყოველთვის უნდა იზრუნოს. ასეთ შემთხვევაში ჩამორჩენის საშიშროება მას არასოდეს დაემუქრება. ჩვენს სტუდენტებს შორის 80-90% უმაღლესდამთავრებულია. მათ შორის არიან ისინიც, ვინც იგივე სპეციალობით დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი.

–როგორ ფიქრობთ, რა ხიბლავთ უმაღლესდამთავრებულ ადამიანებს პროფესიულ განათლებაში? რატომ მოდიან უმაღლესის დასრულების შემდეგ თქვენთან?

–როდესაც მათ ამ კითხვას ვუსვამთ, გვპასუხობენ, რომ მათი განვითარებისათვის ასეა საჭირო. პროფესიულ განათლებაში პრაქტიკულ ნაწილს ძალიან დიდი ადგილი აქვს დათმობილი და აქედან გამომდინარე მათ უნდათ ამ ცოდნის მიღება. ჩემი შვილიც ჩვენი სტუდენტია. ახლა გადავიდა მე-11 კლასში და მალე კოლეჯის დიპლომს აიღებს. სკოლის დასრულების შემდეგ კი უმაღლესშიც ჩააბარებს. მან თავად გადაწყვიტა კოლეჯში ჩაბარება და უმაღლესი ქულები აიღო.

–გარდა იმისა, რომ სწავლა უფასოა, სარგებლობს თუ არა დევნილი მოსახლეობა, ან სოციალურად დაუცველი ადამიანები დამატებითი შეღავათებით?

–რა თქმა უნდა. თბილისის მერია ტრანსპორტირებასაც აფინანსებს.

–ინტერესდებიან თუ არა IT სფეროთი გოგონებიც?

–მითი, რომ ეს სფერო მამაკაცებისთვისაა, ჩვენთან დიდი ხანია დაირღვა. გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა  დაახლოებით 50/50-ზეა.  სწორედ ახლა ვუწევთ ორგანიზებას გოგონათა ბანაკს. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოწყვლადი მოსახლეობიდან 15-15 გოგონას შევარჩევთ და 10 დღიან ბანაკში გაემგზავრებიან. იქ ვებ-დეველოპერის პროგრამას გაივლიან და მაქსიმალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ამ პროგრამის საფუძვლების შესახებ. იმედია კიდევ უფრო მეტ გოგონას მოვიზიდავთ  სფეროში ჩასართავად.

–რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობს აკადემია?

–დაახლოებით 50 კომპანიასთან. მათ შორისაა „ახალი ქსელები“, „სილქნეტი“, ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სახლი, მომსახურების სააგენტო, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, „სოლუშენ დეველოპერი“ და ა.შ. ისინი მუდმივად მოგვმართავენ არსებული ვაკანსიებით და გვთხოვენ ჩვენი კურსდამთავრებულების, ან სტუდენტების მათთან დასაქმებას.

–რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ სფეროში არსებული ხელფასების შესახებ? დაახლოებით რამდენს გამოიმუშავებენ თქვენი სტუდენტები ან კურსდამთავრებულები თვეში?

–მაგალითად ვებ-დეველოპერს, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ წავიდეს რომელიმე კომპანიაში სამუშაოდ და კერძო  შეკვეთების მიღება არჩიოს, თვეში 2-4 ათასი ლარი შეუძლია გამოიმუშაოს. ისინი თავიანთ ნამუშევრებს ათავსებენ ინტერნეტში, მისით ინტერესდებიან, უკავშირდებიან და შეკვეთას აძლევენ. იგივე შეიძლება ითქვას ვებ-დიზაინერზეც. აქაც ანაზღაურება ინდივიდუალურია. ჩვენი ვებ-გვერდიც ჩვენივე სტუდენტების შექმნილია, რომლებმაც ჩვენთან სწავლების პერიოდში გადაწყვიტეს თავიანთი კომპანია შეექმნათ. ამაში მათ ხელი მეწარმეობის სწავლებამ შეუწყო. დღეს მათი კომპანია ერთ-ერთი წარმატებულია საკმაოდ კარგი შემოსავლით. ასეთი შემთხვევები ხშირია.

–ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დიდი ხნის მანძილზე ვერ ეშოვნა სამუშაო?

–არა. ეს ნამდვილად არასდროს მომხდარა.

დამატებითი ინფორმაცია კოლეჯის შესახებ: საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში სტუდენტთა პირველი მიღება 2007 წელს განხორციელდა. ამ დროის განმავლობაში IT ტექნოლოგიებში მომზადდა 10 ათასამდე სპეციალისტი. 2007 წლიდან სასწავლებელში ფუნქციონირებს “CISCO”-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს. 2007 წლის 2 ივნისიდან პროფესიული აკადემია “აიტი“ რეგისტრირებულია „UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში.

იხილეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამები

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური