GE

კომაროვის 350 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის ასაშენებლად 11 მილიონი ლარი დაიხარჯება

კომპანია, რომელმაც დიღომში კომაროვის სკოლის მშენებლობა უნდა დაიწყოს, მიმდინარე წლის 29 ივლისის შემდეგ გამოვლინდება. სამუშაოებზე კი 11 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი.

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა, რომ კომაროვის ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმებოდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდება და რომლის აქტიური მშენებლობაც მარტში დაიწყება, ეს არის მომავალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. ეს არის 15 ჰექტარზე განთავსებული მომავალი ქალაქი. ასევე გაფართოვდება კომაროვის სკოლა. დარჩება ძველი კომაროვის სკოლაც და დაემატება ახალი. შესაბამისად, გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი დონის განათლება”, – აცხადებდა მინისტრი, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სკოლა სულ 350 ბავშვზე იქნება გათვლილი.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია  ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,,ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 11`737`149.00 ლარი. წინადადებების მიღება  2019 წლის 24 ივლისს იწყება  და 2019 წლის 29 ივლისს დასრულდება.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, 350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა  ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  იფუნქციონირებს ლიფტი,  საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი და განხორციელდება სკოლის ტერიტორიის გამწვანება. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

მათივე განმარტებით, მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება  ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში. აღნიშნული მასალების გამოყენების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული „სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის“ თანახმად ენიჭება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური