GE

კონფერენცია თემაზე – განწყობის თეორია, იმპლემენტაცია და განვითარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის“ 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „განწყობის თეორია, იმპლემენტაცია და განვითარება“ გაიმართა. აქვე, განხორციელდა საერთაშორისო საიუბილეო ალმანახის (ლიცენზირებული რეფერირებადი ჟურნალის) პრეზენტაცია. ჟურნალში წარმოდგენილია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა საკონფერენციო ნაშრომები, რომლებიც ასახავენ განწყობის თეორიის სფეროში ჩატარებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების საერთაშორისო აქტუალობას და სამეცნიერო მნიშვნელობას.

კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში გაშუქდა განწყობის ფსიქოლოგიაში დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის გამოყენების პერსპექტივა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა განათლება, პედაგოგიკა, მედიცინა, კრიმინალისტიკა, სამართალი, ანტისოციალური ქცევის პრევენცია-რეაბილიტაცია, ნეირო (თავის ტვინის შემსწავლელი) მეცნიერება, ენათმეცნიერება და სხვა.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის აღორძინებისა და განვითარების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორია დ.უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური