GE

კონფერენციები თსუ-ში

სექტემბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

4 სექტემბერი, 11.00 საათი – თსუ-ს დაარსებიდან 95 და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 45 წლისთავისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“.

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს გამოყენებითი მათემატიკის სფეროში წარმოებულ კვლევებსა და სიახლეებზე.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ, ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში, საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში. ღონისძიების სპონსორია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონფერენცია 7 სექტემბერს დაიხურება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

11 სექტემბერი, 10.00 საათი – მე–5 საერთაშორისო კონფერენცია პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ურბანულ გეოგრაფიაში: „ურბანული კვლევები, ურბანული თეორია და გეგმარებითი პრაქტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში“.

ღონისძიება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ორგანიზებით და შვეიცარიის სამეცნიერო აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით გაიმართება. კონფერენციაში საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის 70-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციის პლენარული სხდომები თსუ პირველი კორპუსის 06 აუდიტორიაში, პარალელური სესიები და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები კი თსუ პირველი კორპუსის 02 და 03 აუდიტორიებში გაიმართება. კონფერენცია 13 სექტემბერს დასრულდება. სამუშაო ენა იქნება ინგლისური.

10 სექტემბერს თსუ პირველი კორპუსის 02 აუდიტორიაში გაიმართება წინასაკონფერენციო სემინარი თემაზე: „Socio-spatial aspects of vulnerability and resilience in transitional cities“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 06 აუდიტორია

14 ოქტომბერი, 10.00 საათი – მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“.

კონფერენცია ტრადიციულია და თსუ-ში 2001 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“. მას შემდეგ, რაც 2009 წელს დიდი ადრონული კოლაიდერი გაიშვა, კონფერენციას შეეცვალა სახელი და დაერქვა „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“. კონფერენციაზე მაღალი ენერგიების ფიზიკა (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა) და მისი თანმდევი საკითხები განიხილება, ამასთან, დაკავშირებულია ფიზიკასთან, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე სრულდება.

კონფერენციაში საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, მათი უცხოელი კოლეგები, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობენ.
კონფერენცია 19 ოქტომბრამდე გასტანს.

კონფერენციის შესახებ ვრცელი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1 , თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური