GE

კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“, რომელსაც EDU.ARIS.GE პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ატარებს, მასწავლებელთა დიდ ინტერესს იწვევს და სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად მატულობს მიღებული ესეების რაოდენობაც. როგორც იცით, ნამუშევრების მიღება 20 სექტებრის ჩათვლით გაგრძელდება. ესეების მიღებასთან ერთად, კონკურსის მონაწილეებსა და მონაწილეობის მსურველებს სხვადასხვა კითხვა აქვთ. გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს:

1. მაქსიმუმ რა ზომის უნდა იყოს ნაშრომი, რა შრიფტით უნდა ვწეროთ და რამდენია დაშვებული გვერდების რაოდენობა?

– კონკურსის წესების თანახმად, საკონკურსო ესე არ უნდა აღემატებოდეს თაბახის ფურცლის ორ გვერდს, 500 სიტყვას. შრიფტი უნდა იყოს 12–იანი.

2. ვარ მასწავლებლობის მსურველი და მასწავლებლის გამოცდაზეც გავედი ერთხელ, შემიძლია თუ არა კონკურსში მონაწილეობა?

– სამწუხაროდ არა. წესების თანახმად, განსაზღვრულია, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ის პედაგოგები, რომელთაც აქვთ ან ჰქონიათ გამოცდილება გაკვეთილის წარმართვის, უშუალო შეხება მოსწავლეებთან. ან არიან სკოლის მმართველები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ, ყოფილ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს, სკოლის მოქმედ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს (რომელთაც შეუძლიათ პროფესიაში ყოფნის დადასტურება).

3. ვარ ყოფილი მასწავლებელი და როგორ უნდა დავადასტურო რომ ვასწავლიდი სკოლაში?

– კონკურსის გარკვეულ ეტაპზე ჩვენ თქვენგან ვიღებთ ინფორმაციას თქვენი სტაჟის შესახებ კონკრეტულ სკოლაში, ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში. თქვენ კი, თქვენის მხრივ, ესესთან ერთად გვიგზავნით მონაცემებს სკოლის დასახელებისა და თქვენი იქ მუშაობის პერიოდის თაობაზე.

4. შემიძლია თუ არა რამდენიმე ესე გამოვაგზავნო?

– ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნის უფლება აქვს, ერთი ელექტრონული ფოსტიდან.

5. ვმუშაობდი დროებით მასწავლებლად (ე.წ. დეკრეტულის შემცვლელ მასწავლებლად) და ამ შემთხვევაში მაქვს თუ არა მასწავლებლის სტატუსი და შემიძლია თუ არა მონაწილეობა?

– ვინაიდან თქვენ გაქვთ გამოცდილება საგაკვეთილო მუშაობის, სრული უფლება გაქვთ მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა. მასწავლებლისთვის სტატუსისა და კატეგორიების მინიჭება ბოლო წლებია რაც დაიწყო, ამიტომ ასეთ მოთხოვნას არ ვაყენებთ.

 

6. ბაგა–ბაღის მასწავლებელს შეუძლია თუ არა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება?

– წესების თანახმად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებსა და აღმზრდელებს ამ კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

7. როგორ დავამტკიცო, რომ პედაგოგო ვარ, როცა სკოლაში 10 წლის წინ ვმოღვაწეობდი?

– აღნიშნულის დამტკიცება თქვენ არ დაგჭირდებათ, ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. თქვენგან კი მივიღებთ ინფორმაციას რომელ წლებში და რომელ სკოლაში მუშაობდით. მონაცემებს სკოლის დასახელებისა და თქვენი იქ მუშაობის პერიოდის თაობაზე ესესთან ერთად გამოგვიგზავნით მისამართზე ese@aris.ge.

8. ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვმუშაობ სკოლაში, მაქვს თუ არა უფლება მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

– თუ გაქვთ გამოცდილება მოსწავლეებთან მუშაობის, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში.

9. კონკურსში მონაწილეობისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ საგანს ვასწავლი სკოლაში?

– არა, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.

10. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგიონიდან ესე არ შემოვა, ან ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ან ჟიური არ მოიწონებს? – ჯილდო გაუქმდება თუ სხვას გადასცემენ?

– როგორც იცით, დაწესებულია 16 ფულადი ჯილდო, ანუ 16 გამარჯვებული ესე საქართველოს რეგიონებისა და რაიონების მიხედვით. თუკი მოხდა ისე, რომ ერთი რომელიმე რეგიონიდან შემოსული ესეებიდან ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა მინიმალური მოთხოვნები, რაც ნაკლებსავარაუდოა, ჟიური იტოვებს უფლებას სხვა რაიონიდან ან რეგიონიდან დამატებით გამოავლინოს გამარჯვებული. შესაბამისად ჯილდო არ გაუქმდება.

სრული ინფორმაცია ესეების კონკურსის – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ შესახებ 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური