GE

„ვფიქრობდით, კერძო უნივერსიტეტი აგვერჩია და ახლა ამ საკითხზეც გაურკვევლობაში ვართ“ – აბიტურიენტის მშობელი გორიდან

„ჩემი შვილი წელს აბიტურიენტია. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა, სხვისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმე ფიქრების, შფოთვისა და მოლოდინების მთელი ჯაჭვია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 2026 წლის აბიტურიენტის დედა, ნინელი ბუჟღულაშვილი გორიდან.

ორი შვილის მშობელი გვიხსნის, რომ ახლა მის ოჯახში ყველაფერი ერთი საკითხის გარშემო ტრიალებს – რა ბედი ელის მის შვილს, რომელიც სკოლას ამთავრებს ქვეყანაში, სადაც უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმის პროცესშია.

„ჩემი შვილი ხომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და მისი მომავალიც დიდწილად მიღებულ განათლებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, ყველა დეტალს ვადევნებ თვალს. კიდევ ერთი საფიქრალი პროფესიის არჩევააა. არ მინდა, რომ ჩემი შვილი დილემის წინაშე აღმოჩნდეს და აირჩიოს ის სპეციალობა, რაც ნამდვილად უყვარს და არ მიიღოს გადაწყვეტილება იმის მიხედვით, რომელი ფაკულტეტი იქნება მასთან ახლოს მდებარე ქალაქის უნივერსიტეტში.

როგორც მშობელს, მინდა, რომ მას ჰქონდეს თავისუფლება, მაგრამ დაანონსებული ახალი მოდელი ამის იმედებს მიკარგავს. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი საუნივერსიტეტო მოდელი ჩარიცხვებისა და ფაკულტეტების გადანაწილების თვალსაზრისით, თუმცა ერთ უნივერსიტეტსა და ერთ ფაკულტეტზე არჩევის წესი და ქალაქებში ფაკულტეტების გადატანა პესიმიზმს მიჩენს. ყველას ხომ არ აქვს საშუალება, რომ სხვა ქალაქში აცხოვროს ბავშვი. ასევე, გაურკვევლობაში ვარ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების შეწყვეტის საკითხზეც. ვფიქრობდით, კერძო აგვერჩია და ახლა ამ საკითხზეც ვერ ვთანხმდებით. მოკლედ, დიდი დაბნეულობა შემოიტანა ამ სიახლეებმა“, – უხსნის EDU.ARIS.GE-ს პროფესიით ფსიქოლოგი ნინელი ბუჟღულაშვილი.

43 წლის მშობელი ამბობს, რომ გარკვეულწილად, უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბარი მცირე იმედსაც უჩენს, რადგან სჯერა, რომ ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელია.

„გვესმის, რომ იგეგმება სისტემის გაუმჯობესება, სწავლების ხარისხის ამაღლება, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა… თუმცა, რეფორმის ამოქმედებამდე გაურკვევლობა სუფევს. არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება ჯერ კიდევ, რაც დამაიმედებელი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის. ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც ჯერ პასუხები არ არის შესაბამისი სამსახურებიდან.

განსაკუთრებით მაფიქრებს, თუ რამდენად სამართლიანი იქნება ახალ მოდელზე გადასვლა და ხომ არ აღმოჩნდება ჩემი შვილი გარდამავალ თაობად, რომელიც ექსპერიმენტის ნაწილი გახდება. მე, როგორც აბიტურიენტის მშობელს, ძალიან მინდა, რომ უმაღლესში სწავლა აღარ იყოს მხოლოდ დიპლომის მიღება, არამედ რეალური ცოდნის, კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების შეძენის სივრცე გახდეს. მინდა, რომ ჩემი შვილი მაღალი დონის უნივერსიტეტში სწავლობდეს და იღებდეს ისეთ ევროპულ განათლებას, რომელიც ყველგან გამოადგება. რეფორმის ბუნდოვანებიდან გამომდინარე კი, ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება“, – გვიხსნის მომავალი სტუდენტის დედა.

ასევე იხილეთ:

აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“

ესაუბრა ნიკა გაბლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური