GE

კორონავირუსის გამო, მხოლოდ ნოემბრის მონაცემით, სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ სწავლებაზე ათობით სკოლა გადავიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ნოემბრის დასაწყისში საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომელიც სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში წარმართვას გულისხმობდა 25 ნოემბრამდე.

“სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება და 4 ნოემბრიდან 25-ნოემბრამდე ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი გადავა სრულად დისტანციურ ფორმატზე”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და მეორე მხრივ წლევანდელი არჩევნებს დაუკავშირეს, რადგან საარჩევნო უბნების უმეტესი ნაწილი ბაღებისა და სკოლის შენობებშია განთავსებული. თუმცა ფაქტია, რომ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები სოფლის სკოლებშიც ბევრია. მხოლოდ ნოემბრის თვეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 15 სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, – აღნიშნულ მონაცემს ინტერნეტ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

დეტალური მონაცემები კი ასეთია:

2 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, სამი საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. აქ კორონავირუსი მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუფიქსირდათ. დროებით მუშაობა შეწყვიტა კიდევ ერთმა საბავშვო ბაღმა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის განმარტებით, რეგიონში სულ შვიდი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადასული, სამ საბავშვო ბაღში კი დროებით სწავლა შეჩერდა.

2 ნოემბრის მონაცემით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ:

ადიგენის მუნიცპალიტეტში

  • სოფელ უდის N2 საჯარო სკოლა
  • სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლა

ახალციხის მუნიციაპლიტეტში

  • ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა
  • ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
  • სოფელი კლდის საჯარო სკოლა,

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში:

  • ქალაქ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლა
  • ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა

9 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასპინძის, ხერთვისის და ივერიის საჯარო სკოლებში კორონავირუსის დადასტურების გამო დისტანციურად ისწავლიან. საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ასპინძაში COVID-19 მოსწავლეს, ივერიის და ხერთვისის სკოლებში კი მასწავლებლებს დაუდასტურდათ.

ადიგენის სოფლების – ბოლაჯურის, ვარხნისა და სმადის სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ. როგორც ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ინგა ბოჭორიშვილი აცხადებს, სამივე სკოლაში ერთი და იგივე პედაგოგები ასწავლიდნენ. ისინი სასწავლებლები დისტანციურ რეჟიმზე 9 ნოემბერს გადავიდნენ.

10 ნოემბრიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი, ბორჯომის N3 და სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, აქ ვირუსი მოსწავლეების მშობლებსა და პედაგოგებს დაუდასტურდათ. 10 ნოემბრის მონაცემით, ბორჯომში სულ სამი საჯარო სკოლაა დისტანციურ რეჟიმზე გადასული

ქალაქ ახალციხეში N6 და N7, ხოლო სოფლებში ზიკილიისა და ანდრიაწმინდის საჯარო სკოლებში დისტანციურად განაგრძობენ სწავლას. აღნიშნულ სკოლებში დისტანციური სწავლა თანამშრომლების ინფიცირების, ზოგ შემთხვევაში კი საეჭვო სიმპტომების ქონის გამო გადაწყდა. მაგალითად, ახალციხის N6 საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლაზე მშობლების მოთხოვნით გადავიდნენ.

„დაახლოებით 300-მდე განცხადება შემოვიდა. გარდა ამისა, პედაგოგებს აქვთ სიმპტომები და ტესტების პასუხს ველოდებით. დადასტურებული შემთხვევა სკოლაში ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს სკოლის დირექტორი, გია კაპანაძე.

10 ნოემბრის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზე სულ ცხრა სკოლაა გადასული. ესენია: ქალაქ ახალციხის N1; N2; N3; N5; N6; N7, ვალის N2 და სოფლების, ზიკილიისა და ანდრიაწმინდის სკოლები.

მხოლოდ ამ ერთი რეგიონის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ლოგიკურად ისმის კითხვები: რა ხდება სხვა რეგიონებში? რამდენი სკოლაა გადასული ონლაინ სწავლებაზე და რა რამდენად მიუწვდება ასეთი სკოლის მოსწავლეებს ხელი დისტანციურ სწავლებაზე? – განათლების სამინისტროს ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური