GE

CIU – ში ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, დევიდ შულცის საჯარო ლექცია გაიმართა

21 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 102 წლის იუბილეს აღსანიშნავად, CIU -ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, პოლიტოლოგის, ჰამლაინის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის დევიდ შულცის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ფიქრები საქართველოს კონსტიტუციაზე და დემოკრატიის სამომავლო პერსპექტივებზე მთელ მსოფლიოში“.

შეხვედრას მოდერატორობა გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ, რომელმაც ღონისძიების მსვლელობისას, CIU -ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტის „ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ საგამომცემლო პროცესში შეტანილი წვლილისთვის, სტუდენტებს დიმიტრი ცანავას, ლიკა ჯაფარიძეს, რევაზ ბერულავას, ელენე ბაღათურიას, ლანა ონიანს და ნინო ხურციძეს სერტიფიკატები გადასცა და დაასაჩუქრა.

ღონისძიებაზე შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, CIU-ს პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის დაარსებიდან დღემდე არსებობის მნიშვნელობასა და განვითარების შესახებ ისაუბრა. ასევე, მსმენელებს მიესალმა, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ბექა ქანთარია.

დევიდ შულცმა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის არსზე და მის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. ღონისძიებისთვის მომზადდა პროფესორ დევიდ შულცის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

შეგახსენებთ, რომ დევიდ შულცი 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის კვლევით ჯგუფთან. მისი სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ პირველ და მესამე ტომებში. იგი არის 28 წიგნის, 12 იურიდიული ტრაქტატის და 90-ზე მეტი სტატიის ავტორი/რედაქტორი.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური