„კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი“ – რა წერია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში განათლების მიმართულებით
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის თვეში უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია უკვე პარლამენტშია და მისი დამტკიცებისთვის დეპუტატებს აქტიური განხილვები მიმდინარე თვეში მოუწევთ, საბოლოო სახით კი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში განათლების მიმართულებით უკვე ასახულია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული მასწავლებლის სახელფასო მატების საკითხიც და განმარტებულია, რომ 500 ლარით ხელფასი მოემატება იმ მასწავლებელს, ვისი საგაკვეთილო საათებიც კვირის განმავლობაში 18 საათს შეადგენს, თუმცა ჯერ უცნობი რჩება აღნიშნული სახელფასო მატების დრო და დეტალური კონცეფცია. ეს მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრმა სექტემბერში განაცხადა: „მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალ კონცეფციას ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ“
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში ვკითხულობთ: “განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 160 მლნ ლარით (ჯამურად იზრდება 580 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა – სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით. ამ მიზნით პირველად ვარიანტთან შედარებით დამატებით გამოიყო 30 მლნ ლარი”.
დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია:
- საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%- იანი ზრდა;
- საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450 მლნ ლარამდე – ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104 მლნ ლარით;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225 მლნ ლარზე მეტი;
- გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.
დაფინანსება და თანხის ოდენობები პროგრამული მიმართულებების შესაბამისად
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან
შედარებით გაზრდილია 160 მლნ ლარით და განისაზღვრა 2 500 მლნ ლარით. თანხები
ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 575,0 მლნ ლარი (გაზრდილია 48,1 მლნ ლარით), აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით.
ამავე პროგრამის ფარგლებში 70 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო
სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო
61 მლნ ლარამდე პირველკლასელი და წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით
უზრუნველსაყოფად;
- პროფესიული განათლება – 113 მლნ ლარი (გაზრდილია 15 მლნ ლრით);
- უმაღლესი განათლება – 166,3 მლნ ლარი (გაზრდილია 3,9 მლნ ლრით);
- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 78,2 მლნ ლარი;
- ინკლუზიური განათლება – 56,2 მლნ ლარი;
- ინფრასტრუქტურის განვითარება – 424,2 მლნ ლარი (გაზრდილია 87 მლნ ლარით)
მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება –
333 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 469 მლნ ლარზე მეტი);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 62,4 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 15 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში კი წერია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800 მლნ ლარზე მეტი (ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 104 მლნ ლარით);
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება