მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი – „მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალ კონცეფციას ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების სამინისტროში მნიშვნელოვან რეფორმებს აანონსებს.
29 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის წარდგენისას ისაუბრა და თქვა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა ახალი პრინციპით, სამინისტროს გაზრდილ ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
“განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა და ის ცვლილებებით ნოემბერში ისევ იქნება წარმოდგენილი.
ბიუჯეტის პარამეტრების თანახმად, როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, განათლების მიმართულების თანხები ასეთია:
“განათლების მიმართულება გაზრდილი არის 470 მილიონი ლარით და აქვე უნდა ვთქვათ, რომ სკოლის მასწავლებლების ანაზღაურება ბუნებრივია, გაიზრდება შემდეგ წელს. ამ ეტაპზე განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თუ რა ფორმით და მოდელით უნდა მოხდეს აღნიშნული ზრდა სკოლის მასწავლებლებისთვის და უკვე შემდგომ, მეორეთ წარდგენილ ბიუჯეტში, რომელიც იქნება დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსკენ, უკვე კონკრეტულად შეგვეძლება ვთქვათ, რომელი კატეგორიის მასწავლებლებს რა ოდენობითთ ექნება ხელფასების ზრდა. ეს ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილია, რომელსაც ამზადებს განათლების სამინისტრო და რეფორმასთან ერთად იქნება ეს წარმოდგენილი”, – განმარტა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს გათვალისწინებულია საჯარო სკოლებში ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების ზრდა ასევე 10%-ის ოდენობით. ამასთან, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დამატებით გამოყოფილი არის 350 მილიონი ლარი, ხოლო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225 მილიონ ლარზე მეტი. საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა კი მუნიციპალიტეტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
ასევე იხილეთ:
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება