კვლევა: „საქართველოს უნივერსიტეტებში სავალდებულოდ არ ისწავლება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი“
2021 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“. ანგარიშში სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის შემოწმების შედეგებია ასახულია და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად ნაკლებად მიიჩნევა. შესწავლილი საბაკალავრო პროგრამების უმეტესობაში კი ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ერთი სავალდებულო საგნით ისწავლება. საგნის შინაარსი მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ასახული უფლებების შინაარსის შესწავლით შემოიფარგლება და ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი სტუდენტებს თითქმის არ მოეთხოვებათ და პროგრამების უმრავლესობაში, სავალდებულო კურსის ფარგლებში არ ისწავლება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი.
ომბუდსმენი წერს, რომ არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება, უმეტესწილად ქართულენოვანი და ხშირად მოძველებული ლიტერატურით რომ ხორციელდება. აღნიშნულ პრობლემას, რეგიონული უნივერსიტეტების შემთხვევაში კი განსაკუთრებით ამძიმებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ლექტორთა დეფიციტი.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვას ახალგაზრდების მხოლოდ 10-12% მიიჩნევდა მნიშვნელოვან მიმართულებად. 2020-2021 წლის პერიოდში საქართველოში მხოლოდ სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე კი 14 653 ათასი სტუდენტი სწავლობდა.
სახალხო დამცველის ანგარიშში ახსნილია, რომ სამართლის პროგრამების გარდა, სამართლის სტუდენტებს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში, მათ ოჯახებში, მეგობრებსა და ნაცნობებში ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში. ამავე დროს, მომავალი იურისტები, მათი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, პოტენციური საჯარო მოხელეებიც არიან და საქმიანობას სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში განაგრძობენ. ასევე, მათი ნაწილი მომავალში კერძო სექტორში დასაქმდება და ადამიანის უფლებებთან ექნება კავშირი სხვადასხვა ფორმით.
ჩატარებული კვლევაში კი შესწავლილი და შეფასებულია რამდენად სათანადო ცოდნას იღებენ მომავალი იურისტები სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ მონაცემები შეგროვდა საქართველოს 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის საბაკალავრო პროგრამების მაგალითზე. კვლევის საანგარიშო პერიოდად აღებულია სამართლის საბაკალავრო პროგრამის ერთი სასწავლო ციკლი (2012-2015 წლების ჩარიცხვებისა და 2016-2019 წლების კურსდამთავრებულთა რაოდენობები). შესაბამისად, ანგარიში არ მოიცავს იმ რეალობას, რომელიც COVID 19-მა და დისტანციური სწავლების რეჟიმმა განაპირობა. სახალხო დამცველის აზრით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ონლაინ სწავლების ფორმატი კიდე უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესს, განსაკუთრებით კი პრაქტიკული საგანმანათლებლო აქტივობების წარმართვას.
კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლის საბაკალავრო პროგრამა რეალურად ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას და ეს კომპონენტი უფრო მეტად ფორმალური ხასიათისაა. ამის მიზეზი კი იმ დამსაქმებელი ორგანიზაციების სიმწირეა, რომლებიც სტაჟირების შესაძლებლობას შესთავაზებდა სტუდენტებს, შესაბამისად არ არის შესაძლებელი, რომ ყოველ წელს, ყველა სემესტრში, თითოეულმა ინსტიტუციამ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სრული რაოდენობით მიიღოს სამართლის სტუდენტები სტაჟირებაზე.
კვლევაში მონაწილე ლექტორების ნაწილი კი ქართულენოვანი ლიტერატურის დეფიციტზე საუბრობს. მათი განმარტებით, ადამიანის უფლებებში არსებული ლიტერატურა არ არის მრავალფეროვანი და მოძველებულია. ლიტერატურის სიმწირე ნათლად ჩანს სავალდებულო კურსებში, სადაც როგორც წესი, მეორდება კურსის სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა. ზოგ ლექტორს კი რესურსების სიმწირის გამო უწევს საგნის წაკითხვა, იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა სამართალში არ არის სპეციალიზებული. განსაკუთრებით მწვავეა კადრების სიმწირე რეგიონულ უნივერსიტეტებში.
რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველმა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მისცა, შემდეგია:
– სამართლის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო კურსებში ადამიანის უფლებების სწავლება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;
– სამართლის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო კურსებში ადამიანის უფლებების სწავლებისას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სტუდენტის მიერ კითხვისა და კრიტიკული ანალიზის უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებულ სწავლის მეთოდებსა და დავალებებს;
– სამართლის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო კურსებში, შესაბამისი ქართულენოვანი ლიტერატურის სიმწირის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების სწავლებისას მეტად უნდა იყოს ინტეგრირებული უცხოენოვანი ლიტერატურა, მინიმუმ დამხმარე ლიტერატურის სახით;
– სამართლის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო კურსებში სტუდენტები მეტად უნდა ეცნობოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს – სახალხო დამცველის წლიური და სპეციალური ანგარიშების, ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიშების შესაბამისი ნაწილების კურსებში დამხმარე ინფორმაციის წყაროების სახით ინტეგრაციის გზით, ასევე შესაბამის აქტუალურ საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატისა და უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებიდან თანამშრომლების მოწვეული მომხსენებლის ფორმით ჩართვის გზით;
– სამართლის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო კურსებში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანის უფლებათა სამართლის შედარებით პერსპექტივაში შესწავლას. ეს შესაძლებელია, როგორც კურსით გათვალისწინებული საკითხების შედარებით პერსპექტივაში განხილვისა და სწავლების გზით, ისე ცალკე სავალდებულო კურსების საფუძველზე.
– სამართლის საბაკალავრო პროგრამებში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესწავლა უნდა განხორციელდეს როგორც თეორიული, ისე უნარების განვითარებაზე ორიენტირებული და პრაქტიკული კურსების საფუძველზე;
– სამართლის საბაკალავრო პროგრამები სავალდებულო სახით უნდა ითვალისწინებდეს ე. წ. გამოცდილების მიღებაზე ორიენტირებული კურსების საფუძველზე ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით სავალდებულო სასწავლო კრედიტების დაგროვების შესაძლებლობას; შესაბამისად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს უნდა ჰქონდეს ვალდებულება დააგროვოს სავალდებულო სასწავლო კრედიტები უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ე. წ. რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კურსებში როგორიც არის ე. წ. რეალური კლიენტების კლინიკა, რომელიც ადამიანის უფლებათა სამართალშია სპეციალიზებული; ან ადამიანის უფლებებში სპეციალიზირებული სამართლის სტაჟირების პროგრამა; ან ადამიანის უფლებების სამართალში სპეციალიზირებული იმიტირებული სასამართლო პროცესების კურსი.
– რეგიონულ უნივერსიტეტებში მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადგილზე არსებული უნივერსიტეტის გარეთ არსებული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლების პროცესში.
„იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული კვლევა დაეხმარება უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, რათა გააუმჯობესონ ადამიანის უფლებების სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“, – წერს სახალხო დამცველი.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება