„უმაღლესებში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება მოძველებული ლიტერატურით და არაკომპეტენტური ლექტორებით ხორციელდება“
საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მოამზადა თემაზე – საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე.
სპეციალურ ანგარიშში, რომელიც 16 დეკემბერს გასაჯაროვდა, ასახულია სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის შემოწმების შედეგები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
ომბუდსმენის კვლევამ ცხადყო, რომ შესწავლილი საბაკალავრო პროგრამების უმეტესობაში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ერთი სავალდებულო საგნით ისწავლება.
“როგორც წესი, საგნის შინაარსი მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ასახული უფლებების შინაარსის შესწავლით შემოიფარგლება და ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ანალიზი სტუდენტებს თითქმის არ მოეთხოვებათ. ასევე პროგრამების უმეტესობაში არ ხდება ადამიანის უფლებების შედარებით-სამართლებრივ პერსპექტივაში სწავლება, აშშ-ს, ევროპისა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოთა საკონსტიტუციო/უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გამოყენებით. საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების უმრავლესობაში, სავალდებულო კურსის ფარგლებში არ ისწავლება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი”, – წერს სახალხო დამცველის აპარატი.
ომბუდსმენის განმარტებით, გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა სწავლება, უმეტესწილად ქართულენოვანი და ხშირად მოძველებული ლიტერატურით ხორციელდება. აღნიშნულ პრობლემას კი, რეგიონული უნივერსიტეტების კონტექსტში, განსაკუთრებით ამძიმებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ლექტორთა დეფიციტი.
“კვლევის მიერ გამოკვეთილ გამოწვევათა მეორე მიმართულება პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების პრაქტიკული კომპონენტების ნაკლებობას უკავშირდება. ბუნებრივია, მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებათა მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკისაგან მოწყვეტით სწავლებას განაპირობებს”, – აცხადებს ნინო ლომჯარიას აპარატი.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება