ლეკვი, ფული, მანქანა, დასვენება, მხარდაჭერა – რას დაპირდნენ მშობლები აბიტურიენტებს უმაღლესში ჩაბარებისთვის
და თქვენ რას დაგპირდნენ მშობლები თუ უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარებდით? – სწორედ ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად ჩავატარეთ აბიტურიენტების მშობლების გამოკითხვა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას საგამოცდო ცენტრებთან.
შვილების წარმატება მშობლებისთვისაც არანაკლებ სასიხარულო ამბავია. ამიტომ, ბევრი მშობელი ცდილობს, რომ ახალგაზრდებისთვის რაიმეს მიღწევის სურვილი საჩუქრებით ან დაპირებებით წაახალისოს.
ავტომობილი, ფულადი ჯილდო, შინაური ცხოველი, დასვენება – EDU.ARIS.GE-მ აბიტურიენტების გულშემატკივრებისგან მრავალფეროვანი დაპირების შესახებ მოისმინა:
ცეზარ რაზმაძე, მამა: თვითონ კი არ უთხოვია, მაგრამ მაინც დავპირდი ჩემს შვილს, რომ თუ კარგად ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, დასასვენებლად წავიყვან ბათუმში. ამდენი მეცადინეობის მერე, თუ ამან მართლა შედეგი გამოიღო, ნამდვილად დაიმსახურა ეს პატარა საჩუქარი.
ამით უფრო მეტი ხალისი და სტიმული მიეცა ბავშვს, რომ უკეთესად გაუკეთოს მობილიზება საკუთარ გონებასა და ჭკუას, რომ უფრო წარმატებული იყოს ყველა გამოცდაზე. როცა რაღაცა სხივს ხედავს ბავშვი, რომ გარკვეული წარმატების მერე, მშობლებისგან, ოჯახისგან დამატებით საჩუქარს მიიღებს, უფრო მეტი სტიმულია ჩემი აზრით.
ნანა ხეცურიანი, დედა: მე ცოტა უცნაური პირობა მივეცი ჩემს შვილს, მაგრამ თვითონ უნდოდა და რა ვქნა. მე ესეთ რამეს დავპირდი, თუ კარგად ჩააბარებს, ანუ მხოლოდ ჩააბარებს კი არა, მაღალ ქულებს მიიღებს და 70%-იან სასწავლო გრანტს მაინც აიღებს, მივხვდები, რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს და ავდგები და მარტო დავტოვებ სახლში. ანუ, მარტო ცხოვრების შესაძლებლობას მივცემთ, მე და მამამისი კი მეორე სახლში გადავალთ საცხოვრებლად.
თვითონ დამიყენა ეს პირობა და მეც შევუსრულებ, რატომაც არა? თუ ეს მისცემს მოტივაციას და სურვილს, რომ უკეთესად ისწავლოს, კი ბატონო. თან კარგ ქულასაც მიიღებს, თან მარტო ცხოვრების გემოსაც გაიგებს და გარკვეულწილად ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც დააგროვებს.
მე მგონია, რომ დაპირება ზუსტად ასეთი უნდა იყოს, რომელიც ისედაც სასარგებლო იქნება მისთვის. თან ზუსტად ვიცი, ერთთვიანი მარტო ცხოვრების შემდეგ, თვითონ გვთხოვს უკან დაბრუნებას, მას ახლა ჰგონია მარტო ცხოვრება ჯილდო, მაგრამ ყოველდღე სახლის დალაგების, საჭმლის გაკეთებისა და ტანსაცმლის გარეცხვის წინაღობებს რომ შეეჯახება, მერე ასე აღარ ეგონება.
თამარი, დედა: ჩვენ თვითონ გვთხოვა რასაც დავპირდით, ლეკვი უნდოდა ძალიან. ერთ დღეს მოვიდა და გამოგვიცხადა, რომ ლეკვს თუ ვუყიდიდით, ლეკვთან მოფერება დააწყნარებდა, დაამშვიდებდა და უკეთესად იმეცადინებდა.
ჰოდა, ვუყიდეთ ლეკვი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ უკეთესად იმეცადინებდა და ამ დრომდე პირნათლად ასრულებს თავის პირობას. ასე რომ, ჩვენი შეთანხმება ორმხრივი იყო და მშობლების მხრიდან უკვე შესრულდა დანაპირები, მისი მხრიდანაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია პირობა, კარგად კი მეცადინეობდა, მაგრამ ახლა ქულებს უნდა დაველოდოთ და მერე გადაწყდება საბოლოოდ, დავუტოვებთ ლეკვს თუ ჩვენს ნათესავებს გავუგზავნით სოფელში.
მშობელი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან: ერთი აბარებს აქ დღეს, იმას არაფერს არ დავპირებივარ, თვითონ აბარებს, თავისი მოტივაციით და სურვილით. მაგრამ, აი, მეორე შვილს კი შევპირდი ტელეფონის ყიდვას. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამოცდა ჩააბაროს კარგად, ისედაც სჭირდება და ამიტომ.
მე, ზოგადად მგონია, რომ წახალისებისთვის ასეთი აქტები არ არის მაინცდამაინც საჭირო, თავად ბავშვს უნდა უნდოდეს სწავლა და ეს უნდა იყოს მისი მთავარი მოტივაციაც. საჩუქარი, თავად მშობელს თუ უნდა რომ აჩუქოს, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს მთავარი ბიძგი სწავლისთვის.
ქეთი ძინძიბაძე, მშობელი: მე ჩემს შვილს იმას დავპირდი, რომ სანერვიულო არ ექნებოდა თუ წელს ვერ ჩააბარებს და არ გავუბრაზდებოდი. არ მიღირს ეს გამოცდები მაგის ნერვების ფასად.
ჩემმა შვილმა იცის, რომ თავისი თავისთვის სწავლობს, თავისი მომავლისთვის და არა ჩემთვის, ამიტომ მგონია, რომ ეს მატერიალური ტიპის დაპირებები უადგილო იყო ჩემს შემთხვევაში, მე არ მივიჩნიე უბრალოდ სწორად.
ზაქრო ოსეფაშვილი, ბაბუა: კი, დავპირდი რაღაცას, აბა რა ვქენი. შეიძლება, რომ თუ გამოცდებს კარგად ჩააბარებს და მერე უნივერსიტეტშიც კარგად მოიქცევა, მანქანა ვუყიდო. თვითონაც ვუთხარი ამაზე და ძალიან გაუხარდა. მაგრამ, ჯერ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია, ისწავლოს, ჩააბაროს და მერე მიიღებს დანაპირებს.
191-ე საჯარო სკოლასთან მომლოდინე მშობელი: არ ვიცი ეს რამდენად ჩაითვლება პირობად, რადგან ჯერ მისთვის არ მითქვამს, რასაც ვაპირებ. ბოლო პერიოდია სულ ნატრობს, რომ სადმე, კარგ ქვეყანაში დაისვენოს. აქამდე არ არის საზღვარგარეთ ნამყოფი და წელს გადავწყვიტე, რომ თუ კარგად ჩააბარებს, იმ შემთხვევაში გავუშვებ.
რომ არ ელოდები და მოულოდნელად გიკეთებენ სიურპრიზს კარგად გაკეთებული საქმისთვის, ბევრად უფრო გასახარი ამბავია, ვიდრე რაღაცა, რაც წინასწარ იცი რომ გექნება. თან, მომავალ საქმეებშიც უფრო დიდი მოტივაცია ექნება. რა იცის, კიდევ როდის ჩავიფიქრებ ასეთ საჩუქარს?! ამიტომ, ყველა გამოცდა კარგად უნდა დაწეროს.
ბეჟან ბერუაშვილი, მამა: ეგეთი დაპირებები ხშირია ჩვენთან. მე, მაგალითად ფულად ჯილდოს დავპირდი ჩემს შვილს. ისეთი დიდი არაფერი, მაგრამ ვუთხარი, რომ კონკრეტულ თანხას ვაჩუქებდი თუ კარგად ჩააბარებდა.
მგონია, რომ ასეთი საჩუქრები საჭიროა ბავშვების წახალისებისთვის, რატომაც არა. ყველაფერს წახალისება სჭირდება. ვთქვათ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამსახური რომ დაიწყოს, იქ თუ რაღაცა შემოსავალი არ ექნა, თუ ვერ მიიღო ნორმალური პირობები, ხომ არ ექნება აზრი ეგეთი საქმის კეთებას. მერე მოტივაციასაც დაკარგავს და აღარც პროფესიას მიყვება და აღარც არაფერს. ამიტომ ჩავთვალე, რომ ჩემი ფულადი ჯილდოც იგივეა, ეს არის გასამრჯელო იმისთვის, რომ რაღაც საქმეს კარგად აკეთებს.
ჩვენი გამოკითხვის ყველაზე საყვარელი რესპონდენტები ერთ-ერთი აბიტურიენტის ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. მივხვდით, რომ მათ ახალგაზრდა მშობლებზე მეტად ფასეული დაპირება მისცეს შვილიშვილს.
„ჩვენი დაპირება არ იყო ფინანსური სახის, ან მანქანის ან სახლის ჩუქება. ჩვენ, გამოცდის წინა დღეებში დავისვით შვილიშვილი და დავპირდით, რომ გვერდში დავუდგებოდით ყველა სიტუაციაში. ჩაბარებითაც, არ აქვს მნიშვნელობა სად ჩააბარებს და რამდენი ეღირებოდა იქ სწავლა, ჩვენ ვუთხარით, რომ ყველა სიტუაციაში დავეხმარებოდით და ნებისმიერი რაოდენობის გადასახადს გადავუხდიდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ მართლა უნდა სწავლა, თუ არა და, არც ჩვენ შევიწუხებთ თავს, ეგ არის ჩვენი მთავარი პირობა ბავშვისთვის“, – გვითხრა აბიტურიენტის ბაბუამ, ზაზა გოგოლაურმა.
EDU.ARIS.GE კი უკლებლივ ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებს, მათ შორის მშობელთა დანაპირების შესრულებაშიც.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება