GE

ლევან მოსიაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური გამოცემა გადასცა

ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან მოსიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საჩუქრად, უნიკალური გამოცემა გადასცა.

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა საცავს, 1703 წელს ბერლინში ლათინურ ენაზე გამოცემული ცნობილი გერმანელი მეცნიერის ანდრეა მიულერის (1630-1694) შრომების კრებულის უნიკალური გამოცემა შეემატა. წიგნში მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის, შესულია ქართული ანბანი და ლოცვა.

“წიგნი, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, უნივერსალური ლინგვისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თეოლოგისა და ისტორიკოსის ანდრეა მიულერის შრომების კრებული ავტორის გარდაცვალების შემდეგაა გამოცემული. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელთა შორისაა მსოფლიოს 14 დამწერლობა, ნუმიზმატიკური და გეოგრაფიული ნაშრომები და მსოფლიოს 70 (მათ შორის ქართულ) ენაზე დაწერილი ლოცვა “მამაო ჩვენო”. ქართული ანბანი დაბეჭდილია სომხურ, ბერძნულ, ეთიოპიურ, იაპონურ და სხვა ანბანთა გვერდით. წიგნში გვხვდება ქართული შრიფტის აქამდე უცნობი სახეობა.

დღემდე, პირველ საანბანო წიგნად, რომელშიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების დამწერლობებთან ერთად ქართული იყო დაბეჭდილი, ითვლებოდა 1743 წელს ლაიბციგში გამოცემული არტურ ფრანსის საანბანო წიგნი. ანდრეა მიულერის შრომების კრებულის აღმოჩენის შემდეგ ეს თარიღი 1703 წლით შეიცვალა.ამდენად, წიგნს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ანბანისა და ქართული ბიბლიოგრაფიის ისტორიისთვის”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური