GE

სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურული ესეების კონკურსს “წიგნიერი”. კონკურსი უკვე მეორედ ცხადდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეების წახალისება.

კონკურსის პირობების თანახმად თითოეულმა მონაწილემ უნდა წაიკითხოს ჟიურის მიერ დასახელებული სამი ავტორის თითო მითითებული ნაწარმოები. შემდეგ კონკურსანტები ამ ნაწარმოებების მიხედვით (თემის სათაურს ჟიური დაასახელებს) დაწერენ ესსეს (დაახლოებით 600 სიტყვა), რომელიც შეფასდება ჟიურის წევრების მიერ და გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

გამარჯვებულები 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიებაზე დასახელდებიან.

გამარჯვებულთაგან პირველ ადგილზე გასულს “ბანკი რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” “ტაბლეტით” დააჯილდოვებს; მეორე ადგილზე გასულს ეროვნული ბიბლიოთეკისგან გადაეცემა ქინდლი; მესამე ადგილზე გასულს ეროვნული ბიბლიოთეკა პლანშეტს გადასცემს. კონკურსანტებს წიგნებით დაასაჩუქრებენ გამომცემლობები “წიგნები ბათუმში” და “ინტელექტი”.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით შეავსონ სარეგისტრაციო ბლანკი (დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, 032 2971618; mchkonia@nplg.gov.ge).

ლიტერატურულ კონკურს “წიგნიერის” წლევანდელმა მონაწილეებმა უნდა წაიკითხონ შემდეგი ნაწარმოებები: დენიელ კიზი – “ყვავილები ელჯერნონისათვის”, “ჯონ აბდაიკი” -“კენტავრი”, რეზო ინანიშვილი – “ცოდვა დიდისა”.

8 აპრილს კონკურსანტები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაწერენ ესსეს ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების თემატიკის გათვალისწინებით შედგენილი სათაურის მიხედვით.

23 აპრილს გამოვლინდებიან გამარჯვებულები და საქართელოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე პრიზებით დაჯილდოვდებიან.

როგორ დავწეროთ კარგი ესე – 14 ნაბიჯი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური