GE

მაგისტრანტებს ვადა 9 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ – თუ ორ ან რამდენიმე პროგრამაზე ჩაირიცხეთ

მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია მიმდინარე წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.

ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ერივნული ცენტრი დღეს, 2 ოქტომბერს ავრცეკლებს.

ცენტრი არ აკონკრეტებს, თუმცა ინფორმაცია ეხებათ 2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასულ პირებს, ვინც გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას განსაზღვრულ ვადაში – 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე, მაშინ:

მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში მოხდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა გადანაწილდება.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში შესრულდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.

“თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა. შ.
მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება”, – ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური