მაია მიმინოშვილმა ვიდეოგაკვეთილის მეშვეობით მასწავლებლის შეფასების დეტალებზე ისაუბრა
„არც ერთმა პედაგოგმა არ უნდა იფიქროს, რომ მის გაკვეთილს მოულოდნელად გადაიღებენ“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში, მასწავლებელთა საკლასო დაკვირვების ნაწილზე საუბრისას განაცხადა.
ვიდეოგაკვეთილით პედაგოგის შეფასება ნებაყოფლობითია და წინასწარ იქნება შეთანხმებული პედაგოგთან.
„მასწავლებელთა საკლასო დაკვირვების ნაწილი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შესაძლოა, ძალიან კარგი ფიზიკოსი იყო მაგრამ გაკვეთილი ვერ ჩაატარო. მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვების საშუალება, რომელზეც ჩვენ შევჯერდით, ეს არის ვიდეოგაკვეთილი. ჩანაწერი, რომელსაც წინასწარ მომზადებული ექსპერტები შეაფასებენ. მაგრამ ჩვენ ეს პროცესი ასე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც მივა სრულიად მოულოდნელად პედაგოგთან, გადაიღებს გაკვეთილს და წამოვა. ეს რა თქმა უნდა ასე არ იქნება. შესაძლოა, ძალიან კარგი პედაგოგი იყოს, მაგრამ ერთი გაკვეთილი არ გამოუვიდე ისეთი, როგორიც მას სურდა და ეს ბუნებრივია“,-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისი თქმით, გაკვეთილის ჩაწერა სკოლაში არსებულ შესაბამის ოთახში განხორციელდება, რომელიც ვიდეოტექნიკით იქნება აღჭურვილი. გაკვეთილების ჩატარების განრიგს კი, პედაგოგებთან შეთანხმებით, თავად სკოლის დირექცია შეადგენს.
„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ინტერვალით 10 დღის ან ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე გაკვეთილის ჩაწერა ხდება. შემდეგ უკვე პედაგოგი თავად ნახულობს ამ გაკვეთილების ჩანაწერებს და თავადვე იღებს გადაწყვეტილებას, ამ ათი დღის განმავლობაში რაც ჩაიწერა, რომელ გაკვეთილს გააგზავნის შესაფასებლად. აღსანიშნავია, რომ შესაფასებლად მხოლოდ ერთი გაკვეთილი არ იგზავნება, შეუძლია 2 და 3 გაკვეთილი ამოარჩიოს. რაც მთავარია, არ იქნება მხოლოდ ჩანაწერის შეფასება, პედაგოგმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგაკვეთილო გეგმა და ე.წ რეფლექსის დოკუმენტი – ანუ დოკუმენტი, სადაც ის აღწერს, რომ – მე მქონდა საგაკვეთილო გეგმა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ეს გეგმა ბოლომდე ვერ შევასრულე. რაღაცის ვერ მოსწრება ბუნებრივია, რადგან გაკვეთილი ცოცხალი პროცესია“,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
სქემით გათვალისწინებული გარე დაკვირვების ნაწილის განხორციელება სექტემბრიდან დაიწყება. იქამდე კი, პედაგოგებს საშუალება აქვთ, ე.წ მუშა ვიდეოგაკვეთილების შექმნისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება