მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის დეტალები – რა წერია დამტკიცებულ დოკუმენტში
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დღეიდან უკვე ძალაშია. თავად სქემაში მასწავლებელთა გადანაწილება კი აგვისტო-სექტემბრის თვეში განხორციელდება. სქემის მარეგულირებელი დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ჟურნალისტებისთვის ახალი სქემის დეტალების გასაცნობად ვრცელი პრეზენტაცია გამართა.
ახალი სქემით რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- მასწავლებლის პროფესია, როგორც რეგულირებადი პროფესია
- მასწავლებლის მომზადების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამა
- პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები
- მასწავლებლსი დაქირავების სამართლებრივი წესი
- მასწავლებლის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა
- პროფესიული განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები
- კარიერული წინსვლის მოქნილი მექანიზმი
- მასწავლებლის შეფასების შიდა და გარე კომპონენტი
სქემის განუყოფელი ნაწილია პედაგოგთა საუნივერსიტეტო პროგრამა. ის პირები რომლებიც ახალ საუნივერსიტეტო პროგრამით მიიღებენ განათლებას, 5 წლის მანძილზე 300 კრედიტს დააგროვებენ და ახალი სქემით პირდაპირ მეორე საფეხურზე აღმოჩნდებიან.
იმ პირების კი, რომლებიც პროფესიაში ალტერნატიული გზით შესვლას გადაწყვეტენ – ანუ სხვა პროფესიიდან შევლენ, სკოლებში 60 – კრედიტიანი საუნივერსიტეტო პროგრამის დაძლევა მოუწევთ. სწავლების პროცესს კი მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.
ახალი სქემით გათვალისწინებულია ისიც, რომ პედაგოგობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.
”დღეს გვყავს ისეთი პედგაგოგები, რომლებიც პირდაპირ სკოლის ატესტატით გახდნენ მასწავლებლები. ახალი სქემის მიხედვით, სწავლების უფლება მომავალში მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, ვისაც ექნება მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი. თუმცა მათაც მოუწევთ 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა. ეს არ იქნება ტრენინგი, აღნიშნული 60 ქულის დაგროვებაც მასწავლებლობის მსურველს საუნივერსიტეტო დონეზე მოუწვეს,”- განაცხადა მინისტრმა.
ახალი სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად დაიყოფიან პირველ საფეხურზე იქნებიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეს – უფროსი პედაგოგები დაიკავებენ, მესამე კატეგორიას- წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები.
პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად;
უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;
წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;
მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას;
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველი დაყოფის შემდეგ, მენტორი მასწავლებლები არ იქნებიან. მესამე საფეხური, ანუ წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ – სკოლების სერტიფიცირებულ დირექტორებს და იმ მასწავლებლებს, ვისაც დოქტორის ხარისხი აქვს. მეორე კატეგორია მიენიჭებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს; პირველ საფეხუზე კი ყველა სხვა მასწავლებელი აღმოჩნდება.
პირველ კატეგორიაზე მყოფ მასწავლებლებს ანუ პრაქტიკოს პედაგოგებს მოუწევთ, ჩააბარონ საგნობრივი გამოცდა კომპეტენციის დასაბუთების მიზნით, შიდა საგაკვთილო დაკვირვება და ტრენინგი პროფესიულ უნარებში. საგნობრივ გამოცდას პედაგოგი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩააბარებს.
სქემის თანახმად, დაინერგება პედაგოგთა შეფასების ახალი სისტემა. პედაგოგების საქმიანობა შეფასდება ორი ფორმით – შიდა და გარე შეფასებით.
გარე შეფასება – მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;
შიდა შეფასება – მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებას და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.
პედაგოგის შესაფასებლად გამოყენებული იქნება პრაქტიკაში დაკვირვების მექანიზმიც. გარე შეფასებას კოორდინაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს. როგორც მინისტრი ამბობს პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება სკოლაში მისვლით და გაკვეთილზე დასწრებით არ მოხდება, არამედ საუბარია ვიდეოგაკვეთილებზე.
შიდა დაკვირვებისთვის სკოლებში შეიქმნება სპეციალური 5 -კაციანი ჯგუფი, რომელიც მასწავლებელთა საქმიანობას შეაფასებს. აღნიშნული ჯგუფები კი შემდეგნარიად დაკომპლექტდება: დირექტორი, მოადგილე, ფასილიტატორი მასწავლებელი და შესაბამისი საგნის პედაგოგები. შეფასება ყველა სკოლაში სტანდარტული იქნება, თავად სტანდარტი კი ივნისის თვეში დამტკიცდება.
პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა კატეგორიიდან კატეგორიაზე გადასვლის და საფეხურზე მოჭიდების პირობებზეც ისაუბრა.
პრაქტიკოს პედაგოგს 4 წელი აქვს იმისთვის რომ საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს. საგნობრივი ტესტის შეთავაზება კი მათთვის წელიწადში ორჯერ მოხდება. საფეხურის შენარჩუნებას 19 კრედიტის დაგროვება სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელმა საგნობრივი ტეტსი 4 წლის მანძილზე ვერ ჩააბარა, მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება, ადგილის შევსებამდე კი ”ჩაჭრილი” მასწავლებელი სკოლაში მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.
”დედაქალაქში ამის პრობლემა შეიძლება არ იყოს და შემცვლელი მალევე გამოჩნდეს, მაგრამ რეგიონებში და განსაკუთრებულად მაღალმთიან რეგიონებში, სკოლას და მოსწავლეებს პედაგოგის გარეშე ხომ ვერ დავტოვებთ?! თუმცა ეს გამონაკლისი მხოლოდ პირველ საფეხურს ეხება. ყველა სხვა საფეხურზე თუ პედაგოგი წლის მანძილზე მისი შენარჩუნებისთვის საჭირო კრედიტქულებს ვერ მოაგროვებს, ქვედა საფეხურზე გადმოინაცვლებს. თუმცა რადგან ჩვენ ამ პედაგოგებში რესურსები გვექნება ჩადებული, მათთვის სკოლა ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმასაც შეიმუშავებს ,”- განმარტა მინისტრმა.
უფროს მასწავლებელს პოზიციის შენარჩუნებისთვის 19 კრედიტქულის დაგროვება უწევს, წამყვან მასწავლებელს 17 კრედიტქულის, ხოლო მენტორ მასწავლებელს 30 ქულის. მიუხედავად იმისა, რომ სქემაში ნათქვამია, რომ კრედიტქულების დაგროვება- შენარჩუნებისთვის პედაგოგებს 4 წელი აქვთ პირველი, საპილოტე პროგრამა ხუთ წლიანი იქნება.
საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა პედაგოგებს დაჩქარებული წესითაც შეეძლებათ. მინისტრის განმარტებით, უწყება ამ მიმართულებით შეზღუდვებს არ აწესებს. იმ მასწავლებლებს, კი რომლებსაც სერთიფიცირება მხოლოდ ერთ საგანში, მეთოდოლოგიაში აქვთ ჩაბარებული მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად დაჩქარებული წესით შეეძლებათ საგნობრივი გამოცდის ჩაბარება.
სავალდებულო აქტივობებს შორის გაწერილია, რომ მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ თვითშეფასება
- შეავსონ თვითშეფასების კითხვარი თუმცა ამ საქმინობაში მათ დამატებითი კრედიტი არ მიენიჭებათ.
- შეაფასონ თავიანთი საქმიანობა, გააკეთონ პროფესიული საჭიროებების ანალიზი,
- შეადგინონ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა.
- გაანალიზონ განხორციელებული პროფესიული საქმიანობა.
შიდა შეფასებაში იგულისხმება, რომ შიდა საგაკვეთილო დაკვირვება პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლებისთვის წელიწადში ორჯერ მოხდება; ხოლო სამოდელო გაკვეთლის შეფასება წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ჩატარდება.
რაც შეეხება გარე შეფასებას, გარე შეფასებაში საგნობრივი გამოცდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება იგულისხმება.
როგორც ცნობილია ახალ სქემაზეა მიბმული პედაგოგის სახელფასო პოლიტიკაც. როგორც Aris.ge-განათლების მკითხველმა უკვე იცის, პედაგოგთა ხელფასების ზრდა მომავალი 2 წლის მანძილზე სამ ეტაპად განხორციელდება.
ხოლო ის დანამატები, რაც პედგაოგებს ამ ეტაპზე აქვთ მომავალშიც შეუნარჩუნდებათ. მათ შორის, ხელფასები და დანამატები შეუნარჩუნდებათ ე.წ ათასლარიან მასწავლებლებს და მათაც, ვინც კომპიუტერისა და უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისთვის იღებს დანამატს.
ახალი სქემით კიდევ ერთი ცვლილება დაინერგება, კერძოდ, თუ სკოლაში ვაკანტური ადგილი გაჩნდა, შემოვა ახალი ცნება – შიდა ვაკანსიის სახით და გამოთავისუფლებული საათები სკოლის შიგნით, პედაგოგებზე გადანაწილდება. რაც ნიშნავს, რომ თუ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს ვერ დააგროვებს, სკოლა ვალდებულია, გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია.
სამინისტროს სქემის სრულყოფისთვის კიდევ რამდნეიმე აქტივობა აქვს დაგეგმილი, კერძოდ: 2015 წლის ივნისისთვის- შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტი დამტკიცდება; ამა წლის აგვისტოში გამოიცემა სქემის გზამკვლევი; სექტემბერში სკოლის დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება; აგვისტოში დასრულება ელექტრონული მონაცემების ბაზის შექმნა; 2015 წლის აგვისტო-სექტემბერში მასწავლებლის სქემაში გადანაწილება მოხდება; სექტემბერში დაკომპლექტდება შეფასების ჯგუფები; დეკემბერში კი ძველი სერტიფიცირებული პედაგოგების პორტფოლიოების გადახედვა მოხდება, რისთვისაც ცალკე კომისია შეიქმნება.
“დღემდე, მასწავლებლის მომზადებისა და შეფასების თანმიმდევრული, ერთიანი სისტემა არ არსებობდა. ახალი სისტემა კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მოემსახურება მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას. სამინისტრო ითვალისწინებს სქემის მასშტაბურობას და 2015-1016 წლებში სქემა იმუშავებს საპილოტე რეჟიმში, თუმცა, პედაგოგების მიერ პილოტირების პროცესში მიღწეული წარმატება შენარჩუნდება და გავლენას იქონიებს მისი საფეხურებში მოძრაობის პროცესზე“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, საჭიროებიდან გამომდინარე სქემაში გარკვეული სახის ცვლილებებიც შევიდეს.
რაც შეეხება მთავრობის მიერ დამტკიცებულ მარეგულირებელ დოკუმენტებს, აღნიშნულზე Aris.ge-განათლებას მკითხველს დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება