GE

მანდატურების მიერ გამოვლენილი დარღვევების აღსარიცხად სპეციალური ფორმა დამტკიცდა – განათლების მინისტრის ბრძანება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციონირების შესახებ სამართლებრივ აქტებში ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ფორმა და ასევე, ცვლილებები შევიდა მანდატურის სამსახურის დებულებაში.

სამართლებრივ აქტებში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში 28 მაისს გამოქვეყნდა. ცვლილებების თანახმად, მანდატურის სამსახურის დებულებაში შემდეგი სახის ჩანაწერი გაკეთდა:

საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“ არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამსახურს აქვს ემბლემა და სხვა სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

რაც შეეხება დარღვევის აღრიცხვის ფორმას, ეს არის დოკუმენტი („საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს N171/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე), რომელსაც მანდატურები სკოლაში დარღვევის აღმოჩენის და მასზე რეაგირების შემდეგ ადგენენ და უწყებაში ელექტრონული ფორმით გზავნიან.

დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს დამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, ასევე შემდგენი პირის ვინაობა. ასევე აღნიშნული უნდა იყოს დარღვევის არსი და გატარებული ღონისძიებები.

საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა, აქედან 2020 წლის მონაცემებით მანდატურის სამსახური 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. გაფართოების გეგმის თანახმად, 2020 წელს მანდატურის სამსახური დამატებით უნდა შესულიყო 130 ახალ სკოლაში, თუმცა გაფართოების პროცესი, Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, შეფერხდა.

იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახურის  არ არის, უსაფრთხოებას სკოლების მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ. მათ გადამზადებას და აღჭურვას მანდატურის სამსახური ახორციელებს. მანდატურების მსგავსად სკოლებში დაფიქსირებულ დარღვევებს ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირებიც აღრიცხავენ.

2020 წლიდან, მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაშია ჩართული. მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური