GE

„მასწავლებელი“ ათი წლისაა

ჟურნალის ,,მასწავლებელი“ ათი წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი-ინში“  გაიმართა და განათლების გულშემატკივარი ადამიანები შეკრიბა, ერთმანეთს ენაცვლებოდა შეჯამება, შეფასება, მილოცვები, დაჯილდოებები.

ათი წელია ჟურნალი ,,მასწავლებელი“ საქართველოს ყველა სკოლაში უფასოდ ვრცელდება. ის მკითხველმა  სასარგებლო, საინტერესო და სანდო რესურსად აღიარა.  „მასწავლებელს“ მომლოდინე მკითხველამდე მიაქვს დარგის შინაური და საერთაშორისო სიახლეები, მეთოდური სტატიები, საგნის სწავლების სამაგალითო  გამოცდილება, კოლეგების ამბები…

EDU.ARIS.GE -სთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი აღნიშნავს: „ათი წლის მანძილზე ჟურნალი „მასწავლებელი“  ჩამოყალიბდა მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელ, სანდო რესურსად. ჟურნალს ხელმძღვანელობს და ქმნის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მკითხველს მრავალფეროვან, პრაქტიკული პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ პუბლიკაციებს სთავაზობს. ცენტრის თანამშრომლებისთვის ჟურნალი და გაზეთი ,,mastsavlebeli.ge” სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. მასწავლებლებისგან მიღებული უკუკავშირი ანალიზსა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში გვეხმარება. ვფიქრობ, რომ ჟურნალი „მასწავლებელი“ თამამად შეიძლება ჩაითვალოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული მრავალი სასწავლო -საინფორმაციო რესურსიდან საუკეთესოდ. რაც მთავარია, ის მუდმივად ვითარდება.“

„მეტი ხმაური ისმოდეს განათლების სისტემის პრობლემეზე“ – ამ საზოგადოებრივი დაკვეთის საპასუხოდ  ჟურნალის მთავარი რედაქტორი ნატალია ინგოროყვა მკითხველს ჰპირდება, რომ მომავალშიც „ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ხმაურის ნაცვლად საჭირო სიგნალებს გაიგონებენ, საზოგადოების დაკვეთას უპასუხებენ არა ხმაურით, არამედ საჭიროებაზე მორგებული, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული პროფესიული და აკადემიური რესურსებით, რადგან ჩვენი გამოცემები საგანმანათლებლო რესურსებია.“

პროფესიული საზოგადოების საჭიროებებზე ეფექტური გამოპასუხების მაგალითები ამ ათი წლის განმავლობაში ჟურნალ „მასწავლებელს“ საკმაოდ დაუგროვდა. ყველაფერი ათი წლის წინ, ბეჭდური ჟურნალის გამოცემით დაიწყო. პუბლიკაციები თანდათან უფრო მრავალფეროვანი და მოთხოვნებზე ორიენტირებული ხდებოდა. პროფესიულმა რეგულაციებმა  მასწავლებელს ახალი ამოცანები დაუსახა და რესურსებით მხარდაჭერაც უფრო ინტენსიური უნდა გამხდარიყო. სოციალური მედია ამ მხრივ შეუდარებელ შესაძლებლობებს ქმნიდა. ამიტომაც ბეჭდური ჟურნალი „მასწავლებლის“ პარალელურად ამოქმედდა ელექტრონული გაზეთი ,,mastsavlebeli.ge” , რომელმაც პედაგოგებს და მთელ საზოგადოებას უკვე ყოველდღიურად განახლებად რეჟიმში შესთავაზა საგნობრივ თუ პროფესიულ უნარებზე ორიენტირებული სტატიები. „ორმილიონნახევარი უნიკალური მკითხველი, ინტერაქცია მათი მხრიდან ამ რესურსის ეფექტურობას ადასტურებს“, – ამბობენ ჟურნალის მესვეურები.

ჟურნალის პროგრამის ფარგლებშივე „მასწავლებლის ბიბლიოთეკის“ სერიით გამოიცა თერთმეტი წიგნი, რომლებიც სწავლა-სწავლებისა და აღზრდის სხვადასხვა საკითხებს უკავშირდება. ეს წიგნები მასწავლებლების, და არამარტო, სამაგიდო წიგნებად იქცა. რაც მთავარია, ისინი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.

ამავე პროგრამის შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსია სამეცნიერო-რეფერირებადი ჟურნალი „განათლების მეცნიერება“. იგი  დარგის მეცნიერებსა და მკვლევრებს ნაშრომების გამოქვეყნებისთვის ახალ სივრცეს სთავაზობს. ჟურნალში გამოქვეყნდა 11 რეცენზირებული სტატია. ასევე, გაიმართა პირველი სამეცნიერო კონფერენცია.

პროგრამის ფარგლებში მწერლებისთვის ყოველწლიური კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, გარდა პროფესიის პოპულარიზაციისა, სამომავლო რესურსსაც ქმნის. მოთხრობებში არეკლილია სკოლის კავშირი გარემოსთან, საზოგადოების მოლოდინები მასწავლებლების მიმართ.  საზოგადოებრივი ურთიერთობების მომავალი მკვლევრებისთვის,  დღევანდელ  სკოლაში (ანუ დღევანდელ ცხოვრებაში)  შემოსახედად,  ეს მოთხრობები  ღია ფანჯრის  ფუნქციას შეასრულებს.

„მასწავლებლის“ ავტორები ჟურნალზე და მის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებებზე:

ქეთევან ოსიაშვილი: „მასწავლებელი“ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელია არა მხოლოდ პედაგოგებისთვის, არამედ მშობლებისა და იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც მომავალში პედაგოგობას აპირებენ.“

ნასტასია არაბული: „ყველაზე მეტად რაც ამ რესურსში მომწონს, მისი მრავალფეროვნება და გახსნილობაა ყველაზე დელიკატურ და ტაბუდადებულ თემებზე დაწერილი მასალების მიმართ.“

მაია ბლიაძე: „სიახლეების ძიებაში ჯერ „მასწავლებლის“ მკითხველი გავხდი, შემდეგ ავტორი. ეს ის ჟურნალია, რომლის წაკითხვის შემდეგ  აღარ იქნები ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყავი. ჩემთვის ჟურნალი პედაგოგიკის, ანდრაგოგიკის და საერთოდ, ადამიანთმცოდნეობის სახელმძღვანელოა…“

ქეთო ნინიძე: „მასწავლებელი“ ის პლატფორმაა, სადაც ძალიან მჭიდროა მკითხველსა და ავტორს შორის ურთიერთობა, სადაც მუდამ გაქვს შესაძლებლობა მკითხველის გამოხმაურებებს ადევნო თვალი, შესაბამისად სკოლის მაჯისცემას მიაყურადო და მკაფიოდ გააცნობიერო, ვისთვის და რას წერ.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური