„მასწავლებელს მოსწავლის აზრის მიმღებლობა უნდა ჰქონდეს“, – მასწავლებლობის მსურველი საგნის გამოცდიდან
„მომავალ პედაგოგებს ვეტყოდი, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, ჩათვალონ, რომ კლასში რამდენი მოსწავლეც ეყოლებათ, იმდენი ისტორია უნდა შექმნან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ამას გაიაზრებენ, კარგი მასწავლებლები იქნებიან“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პროფესიით ჟურნალისტმა, მარიამ ირემაძემ, რომელმაც დღეს, 9 ივლისს, მასწავლებლის საგნის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარა.
მარიამის თქმით, მისთვის პროფესიაში შესვლის მთავარი მოტივაცია მოსწავლეებისა და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილია.
„პირველ დღეს სკოლაში ყველას ახლოდან გავიცნობ. იცით, რა სურვილი მაქვს?! მინდა, რომ მოსწავლეებს გაკვეთილზე შემოსვლა უხაროდეთ, რომ აი, რაღაც დახვდებათ. მათ ჩემს გაკვეთილზე აუცილებლად დახვდებათ ის, რაც მე მოსწავლეობის პერიოდში ძალიან მიხაროდა: შექება, საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუნდაც ეს აზრი მცდარი იყოს.
„მთავარია, მასწავლებელს მოსწავლის აზრის მიმღებლობა ჰქონდეს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოსწავლეს არ უნდა შერცხვეს თავისი აზრის ხმამაღლა გამოთქმის. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. შეიძლება, მე დღესაც დავუშვი შეცდომები გამოცდაზე. არ უნდა განვიკითხოთ ისინი, პირიქით, მასწავლებელი იმიტომ არის, რომ მოსწავლეს ასწავლოს და უკეთესი გახადოს. ჩემი მთავარი მოტივაცია იმისთვის, რომ გავხდე მასწავლებელი არის შემდეგი: მიყვარს წერა, ბავშვებიც მიყვარს, კომუნიკაცია და ურთიერთობები მიყვარს და ასევე, მიყვარს, როდესაც ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შემიძლია. თუ შემიძლია, რომ 1 პროცენტით მაინც უკეთესი გაგხადოთ, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. მეც ფერადი მასწავლებელი ვიქნები“, – გვითხრა მომავალმა პედაგოგმა.
მარიამ ირემაძემ EDU.ARIS.GE-ს ის ისტორიაც გაანდო, როგორ და რა ვითარებაში გადაწყვიტა მასწავლებლობა. ამბობს, რომ უყვარს ბავშვები, მათთან კომუნიკაცია და აპირებს, თავადაც „ფერადი მასწავლებელი“ იყოს. აი რატომ:
„მასწავლებლობა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც მაღალ კლასებში, ჩემი ქართული ენის მასწავლებელი გავიცანი. იმდენად საყვარელი და პოზიტიური იყო, შეცვალა ჩემს ცხოვრებაში ყველანაირი წარმოდგენა, რაც კი შეიძლება, მასწავლებელზე მქონოდა. პირველად მის გაკვეთილზე ფერადი ფურცლები რომ დავინახე და მივხვდი, ეს ფურცლები შაბლონური რვეულის ფურცლები არ იყო, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, ბავშვის ცხოვრება ამოაყირავონ – კარგი გაგებით. მე რაც მიყვარს, რაც მსიამოვნებს და ჩემს თავში რასაც კარგს ვხედავ, ამ ყველაფერზე ძალიან დიდი გავლენა სწორედ ჩემი ქართული ენის მასწავლებელმა იქონია. დღემდე ძალიან მიყვარს და მისი მადლიერი ვარ“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი