GE

„მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს“

რესპუბლიკურ საავადმყოფოში  დღეს, 7 მაისს 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის პედაგოგთა  ვაქცინაცია ჩატარდა.

ლალი ჩაგანავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლის მასწავლებელია, ის ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ უფრო დაცულად გრძნობს თავს და  მიაჩნია, რომ საკუთარი შვილებისთვის და მოსწავლეებისთვისაც ამიერიდან უსაფრთხო იქნება.

„რადგან მოვედი აცრამდე კოვიდის გარეშე, ახლა უფრო დაცული მგონია ჩემი თავი შვილებისთვისაც უსაფრთხო ვიქნები, მადლობა სახელმწიფოს პედაგოგებზე ზრუნვისთვის, ისევ ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ. კარგი იქნება, თუ ამას საყოველთაო ხასიათი მიეცემა“, – აცხადებს პედაგოგი.

კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელმაც კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების დასაბრუნებლად მასობრივი ვაქცინაცია აუცილებელია და კარგი იქნება თუ ამ პროცესში ბევრი პედაგოგი ჩაერთვება.

„ვაქცინაცია აუცილებელი და საჭიროა იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რომ ხალხი პირბადის გარეშე დავინახოთ“, – ამბობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მასწავლებელი შავლეგ საითიძე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედაგოგების ვაქცინაციის პროცესს განათლების და ჯანდაცვის მინისტრები დაესწრნენ. მათი თქმით, იმისათვის, რომ სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდეს, სასურველია ვაქცინაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი მსურველი ჩაერთოს.

მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა სოციალური პასუხისმგებლობისთვის, და აღნიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს.

„სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა, რათა მოსწავლეებმა სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ“, – განაცხადა მინისტრმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასწავლებლები საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს და მზად არიან, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესში მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მასწავლებლებს პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური