GE

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრირებულთა 18% არ გამოცხადდა – 103-ე საგამოცდო ცენტრში მისულების განწყობები

2023 წლის საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთნენ. პირველ სესიაზე გამოცდა მიმდინარეობს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), ისტორია (VII-XII), ქიმია (VII-XII), ბიოლოგია ( VII-XII).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე გამოცხადდა აპლიკანტთა 82% და დაიგვიანა ერთმა აპლიკანტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

EDU.ARIS.GE -სთან საკუთარ მიზნებზე და სამომავლო პროფესიულ სურვილებზე ისაუბრეს 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისულმა აპლიკანტებმა, რომლებიც უმეტესად მასწავლებლობის მსურველებად არიან რეგისტრირებული და პროფესიაში შესვლაც საბოლოოდ ყველას არ გადაუწყვეტია.

გამოცდიდან გამოსული ანა ჯიქია, რომელიც ამბობს, რომ მოქმედი მასწავლებელია, ქართულის გამოცდის ტესტებს აფასებს, როგორც საშუალო სირთულის და მიაჩნია, რომ მასწავლებელს ასეთი სირთულის გამოცდის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეს.

“მე მასწავლებლობა ბავშვობიდან მინდოდა. ძალიან რთული პროფესიაა, მაგრამ ცხოვრებაც რთულია, ასე რომ… ტესტი არ იყო რთული, მარტივიც არ იყო, მაგრამ მასწავლებელმა უნდა შეძლოს ასეთი ტესტის შესრულება, საშუალო სირთულის იყო”.

ჯერ მასწავლებლობა ბოლომდე არ გადაუწყვეტია დავით ქორიძეს, თუმცა გამოცდაზე შემართებით შევიდა:

“მასწავლებლის საგნის გამოცდაზე პირველად გავდივარ და ისტორიას ვაბარებ. მართალია, ჯერ მასწავლებლობა არ გადამიწყვეტია, თუმცა სამომავლო გეგმებში ამ გზით წასვლასაც განვიხილავ და მინდა, მასწავლებლის სტატუსი მქონდეს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი კარგი პროფესიაა, ბავშვებს შენს გამოცდილებას უზიარებ და მათთან ურთიერთობას სწავლობ. დღეს მასწავლებლობა კიდევ უფრო საინტერესო მგონია, რადგან დღევანდელი თაობა მეტად მრავალფეროვანია. თუ ამ მიმართულებით წასვლას გადავწყვეტ, ვეცდები ბავშვებს დიდი სტიმული მივცე“.

ასევე პირველად ჩააბარა მასწავლებლის საგნის გამოცდას ფილოლოგიის ბაკალავრმა, ანა თავაძემ. გვეუბნება, რომ სამსახურის გამო დაკავებული იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ მაინც კარგად მოემზადა და არ ნერვიულობს.

“პირველად ვაბარებ ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2020-2022 ტესტებით საკმაოდ კარგად ვიმეცადინე და მოლოდინიც კარგი მაქვს. მასწავლებლობა ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა გამოცდის ჩაბარება მაინც აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატი დავამთავრე”, – გვითხრა ანამ.

ნანა ონიანი კი, რომელიც ისტორიის გამოცდას აბარებს, გამოცდაზე ინტერესისა და საკუთარი ცოდნის, უნარების შეფასების მიზნით გავიდა: „ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ, მაგრამ გამოცდაზე გასვლა მაინც გადავწყვიტე. უბრალოდ თავის გამოცდა მინდა“.

ასევე იხილეთ:

ცნობილია 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

მოამზადა დავით ოქროპირიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური