მასწავლებლების ნაწილს უფროსის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება – კანონების ცვლილებათა პაკეტში ცვლილება შევიდა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომლის მიღებაც ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის საჭიროებით არის გამნოწვეული. კანონპროექტის თანახმად, სსსმ მოსწავლეებისათვის განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნება მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ სპეციალური მასწავლებელი გახდეს.
დღევანდელ სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის ზოგადი განათლების ნაწილში ორი დამატებითი ცვლილება შეიტანეს. მთავარი ცვლილება უკავშირდებათ ბაკალავრის ხარისხის მქონე იმ პირებს, ვინც გადაწყვეტს რომ სპეციალური მასწავლებელი გახდეს და გარდა სხვა აუცილებელი კომპეტენციების დადასტურებისა ის ვალდებული იქნება კიდევ ერთი დათქმა შეასრულოს. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ყველა ბაკალავრის ხარისხის მქონე პირი ვალდებულია, სპეციალური მასწავლებლის ხარისხის მისაღებად გაიაროს 1 წლიანი გადამზადება, 60 კრედიტიანი პროგრამის სახით.
„შეიძლება ბაკალავრდამთვრებულს ჰქონდეს სრულიად სხვა პროფესია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არცერთ პროფესიას არ ვაკნინებთ, მაგრამ შესაძლოა ასეთ კანდიდატს არ ჰქონდეს გამოცდილება და უნარები ამ მიმართულებით. ამიტომ, განათლების სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ბაკალავრდამთავრებულმა გაიროს 60 კრედიტიანი სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამა’’, – განაცხადა დაზუსტებისას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.
კანონპროექტების წარმდგენმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ დამატებით დააზუსტა, რომ 1 წლიანი გადამზადების გავლა არ მოუწევთ იმ მაგისტრებს, რომლებსაც გავლილი აქვთ 5 წლიანი, 300 კრედიტიანი სპეც მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამა.
„რაც შეეხება მაგისტრებს, ჩვენ გვაქვს სპეციალური ინტეგრირებული პროგრამა 300 კრედიტიანი, ანუ 5 წლიანი, რომელიც პირდაპირ ანიჭებს სტუდენტს მაგისტრის ხარისხს, სპეციალურად მასწავლებლებისთვის. ამ პროგრმაში მოხდება ამ მოდულის ინტეგრირება და ვინც გაივლის ამ პროგრამას, ანუ მოიპოვებენ მაგისტრის დიპლომს, აღარ ექნება ვალდებულება, ცალკე გაირონ 60 კრედიტიანი მომზადების პროგრამა’’, – განმარტა ვალერიან გობრონიემ.
კიდევ ერთხელ ითქვა ისიც, რომ 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის ვალდებულება არ ექნებათ იმ დოქტორანტებს, რომლებსაც აქვთ კვლევა და გამოცდილება ინკლუზიური ხარისხის მიმართულებით, იგივე უპირატესობა ექნებათ ფსიქოლოგებსაც.
მეორე ცვლილება, რომელიც ცვლილებათა პაკეტს დაემატა ეხებათ იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომელთაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ, სკოლაში ხელშეკრულებით არიან დასაქმებული, მაგრამ ახალი კანონის ამოქმედებამდე არ გააჩნიათ სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
როგორც ვალერიან გობრონიძემ განმარტა, ასეთი მასწავლებლები ავტომატურად მიიღებენ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსს.
გავიგეთ, რომ ცვლილებები შეეხებათ იმ სპეციალური მასწავლებლებსაც რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ კვლავაც ექნებათ შესაძლებლობა 2025 წლის 1 იანვრამდე დარჩნეს სისტემაში, პრაქტიკოსი სპეც მასწავლებლის სტატუსით.
„მესამე მუხლით გვინდა, დავარეგულიროთ მოქმედი სპეციალურ მასწავლებლებთან დაკავშირებული გამოწვევები: კონკრეტულად კი, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ დასაქმებულია სპეციალურ მასწავლებლად, მისი სტატუსი გაუთანაბრდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს და მიეცეს შესაძლებლობა, დარჩეს სისტემაში, ოღონდ 2025 წლის პირველ იანვრამდე ჩააბაროს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა იმისათვის, რომ დარჩეს სისტემაში.
და ასევე, სისტემაში არიან პედაგოგები, რომლებმაც ჩააბარეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და შემოსული არიან სისტემაში, თუმცა ამ კანონის ამოქმედებამდე, ისინი არიან ხელშეკრულებით დასაქმებულები და არ აქვთ სპეცმასწავლებლის სტატუსი. ვინაიდან ისინი არიან სისტემაში, ჩვენი ცვლილების მიხედვით, ისინი უნდა ჩაითვალონ უფროს სპეციალურ მასწავლებლად, ვინაიდან ახალი კანონის შესაბამისად, ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც შესაბამისია უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის’’, – განმარტა განათლების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ.
პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს ჯერ მეორე მოსმენით უყრის კენჭს და საბოლოოდ მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება