GE

მასწავლებლების რობოტებით ჩანაცვლება 2027 წლიდან დაიწყება (+ვიდეო)

2027 წელს პირველი რობოტი მასწავლებლები გამოჩნდებიან. ამის შესახებ ბრიტანეთის მეცნიერების ფესტივალზე განათლების ექსპერტმა ენტონი სელდონმა ისაუბრა. იგი პირველია ვინც სკოლებში ხელოვნური ინტელექტის შემოყვანის შესახებ აკეთებს დასკვნებს, თუმცა ეს უკვე გასაკვირიც აღარაა, რადგან მაღალტექნელოგიურ პროდუქტებს ადამიანების უმუშევრად დატოვება და მათი ადგილების დაკავება უკვე დაწყებული აქვთ. მაგალითად იაპონიაში მიმტანი რობოტები უკვე გამოჩნდნენ.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რობოტები მხოლოდ „შავი მუშების“ როლს მოირგებენ და კაბინეტური სამუშაოები მათთვის არ იქნება, მაგრამ მათ აქვთ პოტენციალი შეცვალონ ფინანსური ექსპერტები, ექიმები და პედაგოგებიც კი. განათლების ექსპერტების აზრით, ამას შეიძლება რამდენიმე დადებითი მხარე ჰქონდეს – ხშირად ადამიანის ფსიქოლოგია ვერ უმკლავდება კლასში ერთმანეთისგან რადიკლაურად განსხვავებული ბავშვების ბუნებას და მათ გამორჩევას იწყებს, რასაც მოზარდი მარტივად ამჩნევს ,  ცუდად აისახება მის ფსიქიკასა და აკადემიურ მოსწრებაზე.  უემოციო მანქანას კი არც ნერვები მოეშლება და არც ხელით შეეხება ბავშვს.

2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულმა ორგანიზაციამ (იუნესკო), მიიღო მდგრადი განვითარების 2030 წლის პროგრამა, სიღარიბის აღმოფხვრის გეგმა მდგრადი განვითარების გზით. მისი მიზანია, მსოფლიოში ყველა ადამიანს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს. ასევე, პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულია მთლიანად უფასო  დაწყებითი და საშუალო განათლება, განახლებული სასწავლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური პედაგოგები.

ზოგიერთ ერს ამის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე სხვებს. 2014 წლის მდგომარეობით, იუნესკოს ანგარიშის თანახმად, სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაახლოებით 9% (5 დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები)  სკოლაში არ დადის. ზედა საშუალო ასაკის ბავშვებისთვის (12-დან 14 წლამდე ასაკის), იგივე მაჩვენებელი 16 პროცენტს შეადგენს. მათი 70 % სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და საჰარის სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. ამ უკანასკნელ რეგიონში სკოლების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი ელექტროენერგიით ან სასმელი წყლით, ხოლო ხარისხის დონის მიხედვით მასწავლებელთა 26-დან 56 პროცენტამდე არ არის მომზადებული.

იუნესკოს განცხადებით, მსოფლიოს ბევრად უფრო მეტი კვალიფიციური პედაგოგი სჭირდება. მათ არ უნდა ჰქონდეთ პროფესიული გადაცდომები და არ უნდა იყვნენ მიკერძოებულნი. მსგავს შენიშვნებს რობოტების მიმართ ვერ გამოვთქვამთ.

რა თქმა უნდა, პროფესიის ავტომატიზირებას  დიდი დრო და ფული დასჭირდება, მაგრამ ასეთ მანქანებს არ დასჭირდებათ რამდენიმე დღე ნაშრომების გასასწორებლად და ობიექტური ქულების დასაწერად.

იუნესკოში იმასაც აცხადებენ, რომ დღევანდელი რობოტები უბრალოდ ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის განათლებას და ამას მომდევნო ათწლეულში ვერც შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანებს შეუძლიათ სხვადასხვა სპეციფიკური ამოცანების შესრულება, ხელოვნური ზოგადი ინტელექტთან (AGI) ჯერ არც ისე ახლოს ვართ –ისეთი ტიპის მანქანა, რომელიც კითხვებს პროგრამის გარეშე პასუხობს, ჯერ არ არსებობს. დღევანდელ  რობოტებს არ გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რობოტს არ აქვს პოტენციალი გახდეს  კარგი პედაგოგი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: weforum.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური