GE

მასწავლებლის დღიური, ანუ როგორ მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის

ირმა კახურაშვილი

დიახ, ყველამ ვიცით, რომ ზაფხული არა მხოლოდ დასვენების, არამედ ახალი სასწავლო წლისთვის მომზადების დროცაა. ინგლისელი მასწავლებელი ენდრიუ ჰაუკი, რომელიც ათ წელზე მეტია სკოლაში მუშაობს, ურჩევს პედაგოგებს, რა გააკეთონ ზაფხულში სასწავლო პროცესის გასაადვილებლად. სკოლის მასწავლებლის ყოველდღიური ცხოვრება ხომ საკმაოდ დატვირთულია. ამიტომ სასურველია, ახალი ენერგიით დავიმუხტოთ და ჩვენს საყვარელ სამუშაოს კარგი განწყობით დავუბრუნდეთ. მაშ, დროს ნუღარ დაკარგავთ:

შეისწავლეთ კლასის სია

მათი სია, ვინც თქვენს კლასში ისწავლის, სწავლის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მზადდება. თუ ის უკვე მზად არის, გადაავლეთ თვალი ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ, მათ პირად საქმეებს, ნიშნებს. ეცადეთ, თითოეულის შესახებ ცოტა მეტი გაიგოთ. ნუ მოგერიდებათ, გაესაუბროთ მათ ყოფილ მასწავლებლებს გაკვეთილის მართვის უფრო ეფექტიანი მეთოდების შესახებ. ნებისმიერი ინფორმაცია დაგეხმარებათ, საფუძვლიანად მოემზადოთ ახალი კლასის (ან კლასების) სამართავად.

გაიხსენეთ შარშანდელი წელი

ზოგჯერ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვაში ბევრი დრო გვეხარჯება, ამიტომ ზაფხულშივე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რით შეიძლება არსებული სასწავლო მეთოდების გაუმჯობესება. რასაკვირველია, მთელი შვებულება კომპიუტერთან არ უნდა გაატაროთ, მაგრამ ცოტა რეფლექსიაც არ გაწყენდათ.

მოხაზეთ ზოგადი გეგმა

თუ არ იცით, რა დონე და შესაძლებლობები აქვთ თქვენს მომავალ მოსწავლეებს, რამის დაგეგმვა გაგიჭირდებათ. მაგრამ თუნდაც კარგად შეისწავლოთ კლასის სია, დაბეჯითებით მაინც ვერაფერს იტყვით მოსწავლეთა მომზადების დონეზე – ხომ არ მიივიწყეს ზაფხულის განმავლობაში ის ცოდნა, რომელიც წინა სასწავლო წელს მიიღეს? ამიტომ მოხაზეთ გეგმის ის ზოგადი ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა უმრავლესობისთვის მისაღები იქნება. სასწავლო წლის დაწყების შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეავსოთ ის კონკრეტულ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

ისწავლეთ რამე ახალი

ისეთ სფეროებში, როგორებიცაა STEM, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, თქვენი ცოდნა შეუზღუდავია. დაინტერესდით, როგორ ხდება ამ მეცნიერებათა ელემენტების ინტეგრირება სწავლაში, ესაუბრეთ მოსწავლეებს თანამედროვე მიღწევების შესახებ. ზაფხული იდეალური დროა იმ სემინარებზე დასასწრებად, რომელთა თემაც თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველია.

მეტი იკითხეთ

თუ არ იცით სად ტარდება მსგავსი სემინარები, ხელი მოჰკიდეთ თვითგანათლებას, გაეცანით პროფესიულ ლიტერატურას და სტატიებს. დაუთმეთ ამ საქმიანობას დღეში სულ რაღაც ოცი-ოცდაათი წუთი.

შეცვალეთ საოფისე გარემო

კარგად დაგეგმილი სივრცე ხელს შეგიწყობთ კლასის გაკონტროლებაში, სწავლის სტიმულირებაში. მაგალითად, კლასებში, სადაც ბევრი ჯგუფური სამუშაო ჩატარდება, უმჯობესია, მერხები ისე მოეწყოს, რომ ოთხი თუ ხუთი მოსწავლე ერთად მოხერხებულად იჯდეს.

განაახლეთ მისასალმებელი წერილი

მოსწავლეებს უყვართ მასწავლებლებისგან მისასალმებელი წერილის მიღება – ამ დროს გრძნობენ განსაკუთრებულ კავშირს მასწავლებელთან, მის კეთილგანწყობას. გამოყავით დრო თქვენი მისასალმებელი წერილის გასაახლებლად. შეგიძლიათ, ამობეჭდოთ კიდეც და სათითაოდ ჩადოთ კონვერტში. თუ ეს არასოდეს გაგიკეთებიათ, ახლა შემოიღეთ და ერთგვარ ტრადიციად აქციეთ.

მიალაგეთ კლასი

საუბარი არ არის იატაკებისა და ფანჯრების წმენდაზე. ჩახედეთ უჯრებს, თაროებს, გაათავისუფლეთ ისინი ზედმეტი ქაღალდებისგან, წიგნებისგან, რვეულებისგან. ჩაატარეთ საკლასო ოთახში ერთგვარი რევიზია. ჩამოწერეთ და გადაყარეთ უსარგებლო ნივთები.

დაგეგმეთ თქვენი ექსკურსიები

ყველა ასაკის ბავშვს უყვარს ექსკურსიებზე სიარული და მოწვეული მასწავლებლების მოსმენა. ზაფხული მშვენიერი მოსამზადებელი პერიოდია ამ ღონისძიებების დასაგეგმად. დაიგეგმეთ, სად და რისთვის წახვიდეთ. ეს მხოლოდ სკოლის ყოველდღიური ცხოვრებისგან კი არ დაგასვენებთ, არამედ რაღაც ახალსაც შეგმატებთ. კოლეგებთან ერთად წინასწარ განიხილეთ მოწვეულ მასწავლებელთა სია, გააერთიანეთ თქვენი ძალისხმევა.

კოლეგებთან ურთიერთობა

მასწავლებლობა პროფესია, რომელიც კოლეგებისგან „იზოლირებას“ გაიძულებთ. შეგიძლიათ, ზაფხულში იკონტაქტოთ მათთან, დაურეკოთ, მოიკითხოთ. ისეთი უბრალო რამეც კი, როგორიცაა პიკნიკი პარკში ან ერთად ყავის სმა, ძალიან დაგაახლოებთ. მეორე მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ სკოლაში სამუშაო გარემოს განმუხტვას, გააუმჯობესებს შიდა კომუნიკაციას და სკოლაც უფრო ეფექტიანად იმუშავებს.

ორიგინალი

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური