მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – კიდევ რაზე დაიხარჯება მილიონი
საქართველოს მთავრობამ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებას ეხება, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა და 18 სექტემბერს, წამყვან კომიტეტებს – განათლებისა და მეცნიერების, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მისი განხილვა ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით დაევალათ.
მთავრობის კანონის პროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებს ემატება, სამინისტროს წარდგინებით, “მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის“ დამტკიცების უფლებამოსილება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2023 წლისთვის მასწავლებლის ეროვნულ პრემიას მიიღებს 10 (ათი) მასწავლებელი, ხოლო გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე – 10 000 ლარის ოდენობით. წელს კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება პროგრამის „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საშუალოვადიანი პერიოდის ბიუჯეტი დაახლოებით შეადგენს 3,6 მილიონ ლარს. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 600 ათასი ლარით, რაც მოიცავს 10 მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადებისა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.
რაც შეეხება მომდევნო წლებს, სახელმწიფო ბუიჯეტში გათვალისწინებული იქნება ახალი მიზნობრივი პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული დღე“ და 2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავს მასწავლებლების ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადებისა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.
ანუ, თუ კანონპროექტის შენაარსი ჩვენ სწორად გავიგეთ, მომავალ წლებში მასწავლებლების დაჯილდოებისთვის დაახლოვებით 100 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო 900 000 ლარი, ანუ 9-ჯერ მეტი, სამკერდე ნიშნების დამზადებასა და პომპეზური ღონისძიებების მოწყობას მოხმარდება.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – კანონპროექტის სრული ვერსია
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება