„საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი“ – ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები ეროვნული პრემიის მისაღებად
დღეს 7 სექტემბერს, გამოქვეყნდა ჩამონათვალი თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები ეროვნული პრემიის მისაღებად.
ჩამონათვალს განათლების სამინისტროს გვერდი: “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – სასკოლო საზოგადოება” აქვეყნებს და განმარტავს, რომ ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი მასწავლებლების ისტორიებსა და საინტერესო ამბებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ კრიტერიუმებზე:
- საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი სკოლაში, თემში ან/და ქვეყნის მასშტაბით (აქვს თუ არა მასწავლებელს გამორჩეული ნდობა და პატივისცემა მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის და რა კონკრეტული ქმედებები და თვისებები აქცევს მას ასეთ მასწავლებლად. რა სტრატეგიებს იყენებს რათა შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემო);
- მოსწავლეების აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული ზრდის აქტიური მხარდაჭერა (რა სტრატეგიებს მიმართავს მასწვლებელი, რომ მისმა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის პროგრესის დანახვა და სწავლის პროცესის მართვა და როგორ წაახალისებს მოსწავლეებში საკუთარი თავის რწმენისა და კეთილდღეობის განცდას);
- მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია და შემეცნების სურვილის გაღვივება (რა სტრატეგიებით შეუძლია მასწავლებელს გახადოს სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესო და როგორ ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ სწავლის ღირებულება);
- პედაგოგიკური და პროფესიული ცოდნის გაზიარება და პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
- ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელების ინიციატივა (რამდენად ქმნის მასწავლებელი ნაყოფიერ ნიადაგს და მხარდამჭერ გარემოს სასკოლო საზოგადოებისათვის აქტიურად შეიმუშაონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტუალური პროექტი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე);
- საგანმანათლებლო/პედაგოგიკური რესურსების შექმნა და გაზიარება (რამდენად ქმნის და აზიარებს მასწავლებელი საგანმანათლებლო რესურსებს და რამდენად უწყობს ხელს თანამშრომლობითი გარემოს შექმნას გამოცდილების გაზიარებისა და თანაშემოქმედებითი პროცესების რეალიზებისთვის);
- სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობებში სამაგალითო ჩართულობა(როგორია მასწავლებლის საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და რა მაგალითს აძლევს მოსწავლეებს სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. როგორია მისი პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები ზრუნვის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის პერსპექტივიდან. როგორ შეცვალა წარდგენილი მასწავლებლის ქმედებებმა ან თვისებებმა მოსწავლის, სასკოლო საზოგადების თუ სასკოლო თემის ცხოვრება);
- სასკოლო საზოგადოებაში შემოქმედებითი იდეების წახალისება (მასწავლებელი როგორ ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვაში და რამდენად შეუძლია, შექმნას სივრცე, სადაც მოსწავლეები, კოლეგები და სასკოლო თემი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ნოვატორული იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის);
- ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა სკოლის, საზოგადოების ან ქვეყნის/სისტემის კონკრეტული საჭიროებების საპასუხოდ (რამდენად ორიენტირებულია მასწავლებელი კრიტიკული აზროვნების წახალისებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე დაფუძნებული ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის შექმნაზე და როგორ წაახალისებს მოსწავლეებს დაინახონ მოვლენები და სიტუაციები სხვადასხვა პერსპექტივიდან, შეძლონ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება);
- სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი (რამდენად არის მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების ლიდერი სკოლაში პოზიტიური კულტურის განვითარების თვალსაზრისით. რა როლი აქვს მას სასკოლო საზოგადოებაში „ჩვენ“ განცდის ჩამოყალიბებასა და სკოლის მისიისა და ხედვის გაზიარებაში);
- ადამიანების კეთილდღეობასა და ზრუნვაზე დაფუძნებული აქტივობების/ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და განხორციელება (რამდენად არის მასწავლებელი სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული, სკოლის მიღმა რა აქტივობებითა და ღონისძიებებით წაახალისებს სასკოლო საზოგადოებაში უნივერსალურ ეთიკურ ღირებულებებსა და უსაფრთხო, სამართლიანი და მზრუნველი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობას);
- განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი (რა არის მასწავლებლის ყველა ის მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც განათლების სისტემის განვითარებასა და მომავლის განათლების ფილოსოფიის შექმნას ემსახურება).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
ამავე თემაზე:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო