GE

მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის აღება აღარ დაგჭირდებათ – განმარტება 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის მსურველებისთვის

მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის აღება 2022 წლის გამოცდების მონაწილეთათვის საჭირო აღარ იქნება. ამის შესახებ დასმული კითხვის პასუხად EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია 19 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს.

როგორც უწყება განმარტავს, როდესაც 2022 წლის მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის პროცესი დასრულდება, ყველა აპლიკანტის მონაცემების – ქულებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახით გადაეგზავნება ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც მასწავლებლობის მსურველს მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის შესაძლებლობა აქვს და ასევე, მონაცემები მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

როგორც ცნობილია, აქამდე, გამოცდების ჩაბარების შესახებ ცნობა მასწავლებლის მოსამზადებელ 60 კრედიტიან პროგრამაზე გასაგრძელებლად გამოიყენებოდა. ანალოგიურ ცნობას ასევე ითხოვენ მასწავლებლის ვაკანსიების გვერდზე ანკეტის შევსების დროსაც და როგორც ამ საკითხზე გამოცდების ცენტრში გვიპასუხეს, თუ აპლიკანტი საბოლოო ქულების დადებამდე მოინდომებს ვაკანსიის შევსებას, შესაძლებლობა აქვს, სხვა საჭირო დოკუმენტებს დაურთოს საკუთარი ქულების შესახებ ინფორმაცია ფოტოს სახით, რომელსაც საკუთარი, გამოცდებისთვის სარეგისტრაციო გვერდიდან მოიპოვებს და დასაქმების შესახებ მოთხოვნა შეუფერხებლად გააგზავნოოს.

რაც შეეხება სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება მათ ელექტრონულ გვერდზე e sсhool -ის ბაზაში.

იმის გასარკვევად, თუ როდის გამოაცხადებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას, EDU.ARIS.GE საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში 19 აგვისტოს განგვიცხადეს, თითოეული უნივერსიტეტი მიღებას თითქმის ერთსა და იმავე დროს აცხადებს და ინფორმაციაც რეგისტრაციის ვადების შესახებ უნივერსიტეტისგან უნდა მიიღოთ. უმაღლესების ნაწილი აღნიშნულ პროგრამაზე მიღებისთვის შიდა გამოცდას ატარებს, ზოგიერთ უმაღლესში მიღებისთვის კი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის მსურველთან გასაუბრებაც საკმარისია.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ვცადეთ დაგვედგინა რომელ უმაღლეს სასწავლებლებში იქნება 2022 წელს შესაძლებელი მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის გავლა.

როგორც EMIS-ში გვითხრეს, აღნიშნული პროგრამას ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა, გამოაცხადებს თუ არა წელს ყველა მათგანი მიღებას, ამის დასადგენად უმჯობესია, რომ მსურველი შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაუკავშირდეს და ისე შეიტყოს როგორც გამოცხადების ვადა და ადგილების რაოდენობა, ისე სხვა მისთვის სასურველი დეტალები.

(განხლებულია 29/08/2022)
რომელი უნივერსიტეტები ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე ამჟამად გამოქვეყნებული ჩამონათვალი):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”;
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი;
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
შპს – ევროპის უნივერსიტეტი;
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
შპს თბილისის თავისუფალი აკადემია;
შპს „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში.

ასევე იხილეთ:

როგორ გავასაჩივროთ მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები – „ნაეკი“ ინსტრუქციას აქვეყნებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური