GE

მასწავლებლის სახლის პროგრამა “eTwinning plus”-ის მონაწილე მასწავლებლებისთვის კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა “eTwinning plus”-ის მონაწილე მასწავლებლებისთვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო ისტორიული და კულტურული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კულტურული მემკვიდრეობის თემაზე საუკეთესო საპროექტო იდეების განხილვა.

კონფერენციის ფარგლებში პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს ჩაუტარდათ მასტერკლასი „კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც აგებულია ICOMOS – საქართველოს მიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს – „კულტურული მემკვიდროების ძეგლებისა და ისტორული ქალაქების დაცვა – შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის“ მიხედვით. მასტერკლასი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის რაობა; ღირშესანიშნავი ადგილის აღქმა; კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეები და დაზიანების მიზეზები; კულტურული მემკვიდრეობს დაცვა და მართვა; სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული განვითარება; ინფორმირებულობა და პოპულარიზაცია.

კონფერენციაზე ბრიტანეთიდან მოწვეულმა „eTwinning“-ის ამბასადორმა, სანდრა ანდერვუდმა, პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს ჩაუტარა ვორქშოფი და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.

ასევე, კონფერენციის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ტურისტული გზამკვლევების კონკურსის “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“ მონაწილე მოსწავლეები.

“კულტურული მემკვიდრეობის თემა უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებლებს, რათა შეიქმნას უნიკალური სასწავლო გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურათშორისი საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოყენებას და ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებას” – განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ხატია მატკავამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლის მარტის თვიდან ახორციელებს მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამას (eTwinningplus), რომლის მიზანია ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური