GE

მასწავლებლობის მსურველი ქუთაისიდან – „იმედია, როცა სწავლას დავასრულებ, სამსახურის პოვნა არ გამიჭირდება“

“ვფიქრობ, კარგ ქულას მივიღებ და, საბოლოოდ, ვიმუშავებ მასწავლებლად”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველი მარიამ ყურუა, რომელიც გამოცდაზე უკვე მეორედ გავიდა.

“მეორედ ვარ ისტორიის გამოცდაზე, რთული არ იყო. პირველად რომ გავედი, ძალიან ვნერვიულობდი და ამან შემიშალა ხელი, დღეს უფრო მშვიდად ვიყავი. ჯვაროსნულ ომებზე იყო რუკა, ღია და დახურული კითხვებიც არ გამიჭირდა. ვფიქრობ, კარგ ქულას მივიღებ და, საბოლოოდ, ვიმუშავებ მასწავლებლად. მთავარი რჩევა გამოცდების ყველა მონაწილისთვის იქნება, რომ არ ინერვიულონ”, – გვითხრა ისტორიის მასწავლებლობის მსურველმა.

ნათია ქუთათელაძე კი მიიჩნევს, რომ მისთვის, როგორც მომავალი პედაგოგისთვის, დღევანდელი ტესტირება რთული არ ყოფილა, მაგრამ ფიქრობს, რომ მოქმედი პედაგოგები კიდევ უფრო კარგად ჩააბარებენ.

მისთვის მნიშვნელოვანი ჯერ გამოცდის წარმატებით ჩაბარება, შემდეგ კი ამ პროფესიით დროულად დასაქმებაა.

“იმედია, როცა სწავლას დავასრულებ, სამსახურის პოვნა არ გამიჭირდება. ჯერ არ ვარ მასწავლებელი. სამუშაო გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ გამოცდის წერა არ გამიჭირდა. ილუსტრაცია იყო იოლი. იულიუს კეისარი იყო გამოსახული. წყაროს თუ დააკვირდებოდით, პასუხები, ყველაფერი იქვე იყო მოცემული. ღია კითხვებში უფრო სიღმისეულ ცოდნას ითხოვდა ტესტი, რადგან თუ არ იცოდი, ვერ დაწერდი. ზოგიერთი მეფის შესახებაც იყო კითხვა. საერთო ჯამში, ჩემთვის, როგორც მომავალი პედაგოგისთვის, არ იყო რთული გამოცდა და პედაგოგებისთვის, ალბათ, უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა ჩემს სექტორში იყვნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც დღეს მეორედ გადიოდნენ გამოცდაზე”, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ნათია ქუთათელაძემ.

დასაქმების თემას ახსენებს ქართულის გამოცდიდან გამოსული სტუდენტი და მასწავლებლობის მსურველი თამუნა ჭყოიძეც, რომელიც გამოცდაზე შარშანაც იყო გასული და ფიქრობს, რომ წელს ცვლილება დაინახა.

“მასწავლებელი ჯერ არ ვარ, მაძიებელი ვარ. ზოგადად, არ იყო რთული გამოცდა. ჩვენ, მაძიებლებს, შეიძლება რამე გაგვიჭირდა, მაგრამ ეს საკითხები პედაგოგებს არ უნდა გაუჭირდეთ. ჩვენგან განსხვავებით, ყოველდღე აქვთ შეხება. სერტიფიცირების გარეშე, რთულია ჩვენი მოხვედრა სკოლებში. შესაბამისად, ვინც ვამთავრებთ, ახლა დიდი შრომა გვიწევს სკოლაში მოსახვედრად. ან, შეიძლება, სულ ვერ მოვხვდეთ. გამოცდას შარშანაც ვაბარებდი, მაგრამ ცოტა დამაკლდა, მოუმზადებლად ავიღე ქულა და ამით კმაყოფილი ვიყავი. ცოტა შეცვლილი იყო გამოცდა წელს. ნაწარმოები გვქონდა ლეონიძის “ბულბულა”. თემა ეხებოდა იმას, თუ როგორ შეცვალეს ტელევიზიებმა ქართული ენა  – წიგნი რომ დაავიწყა ადამიანს. მწერლის ენა, რაც სწორ ქართულ ენას გვიჩვენებს, დაივიწყეს, დამახინჯებულად საუბრობენ”, – თამუნა ჭყოიძე, 41-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი. ქართულის მასწავლებლობის მსურველი

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ივლისს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდები დაიწყო.

ასევე იხილეთ:

ცნობილია 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური