GE

მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული აკრედიტაციის საბჭოს ოქმები ადასტურებს იმ სიახლეს, რომ ქვეყნის 8 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის, ილიას,  ბათუმის შოთა რუსთაველის, სამცხე–ჯავახეთის, აკაკი წერეთლის, გორის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის, თელავის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა  მიიღეს პროგრამული აკრედიტაცია მასწავლებლების მოსამზადებელ სამაგისტრო (ინტეგრირებულ) პროგრამებზე – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

EDU.ARIS.GE-მ სიახლეზე კომენტარი სთხოვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ  სანიკიძეს:

„ახალი პროგრამების ჭრილში, 8 უნივერსიტეტმა მოამზადა და შემოიტანა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროგრამები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებაში არსებული ჩანაწერი საშუალებას აძლევს შეფასებისა და გამოცდების ცენტრს, რომ ეს პროგრამები ანკეტის კითხვარებში დაამატოს. ამჟამად მიმდინარეობს ამ კითხვარების შეთანხმება. შესაბამისად,  სტუდენტების მიღება, მობილობა შესაძლებელი იქნება ახალი სასწავლო წლიდან, თანაც ბევრად გაუმჯობესებულ პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები უნდა მოვამზადოთ. შემოსული პროგრამები  და დარგობრივი მახასიათებლები აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე გვქონდა და არის ახლებურად და სწორად გააზრებული.

ის ფაქტი, რომ პროგრამა მარტო საგნის სწავლებაზე არ არის ორიენტირებული და საგნის სწავლების სტრატეგიებსა და მეთოდოლოგიას მოიცავს, არის ძალიან კარგი, კარგია, რომ ერთწლიანი პრაქტიკაა ჩაშენებული, ეს მნიშვნელოვანია,  რომ დავინახოთ, რამდენად ეფექტურად იგეგმება და მიმდინარეობს ეს პრაქტიკა. ვფიქრობ, ახალი პროგრამები იძლევა შესაძლებლობას მოვამზადოთ  უკეთესი და კვალიფიციური მასწავლებლები.

საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით შემოტანილმა ყველა პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია. მოსამზადებელი პროცესი მიდიოდა ცენტრთან საკონსულტაციო რეჟიმში.  პროგრამებს ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი დონის, რომ ავტორიზაციისთვის ხელი შეეშალა.  უნივერსიტეტებმა მიიღეს რეკომენდაციები, მათ ინტერვენციაზე ჩვენ გვექნება მონიტორინგი და იმედი გვაქვს პროცესი სასურველ შედეგზე გაგვიყვანს.“

–კიდევ რა სიახლეს შეიძლება ველოდოთ ამ მიმართებით?

–ველოდებით, რომ უნივერსიტეტებმა წარმოგვიდგინონ  უკვე საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების საგნობრივი პროგრამები. ამ პროგრამებზე მუშაობა დაწყებულია. ძალიან კარგია, რომ პირველ რიგში, სწორედ დაწყებითის მასწავლებლის პროგრამები წარმოადგინეს, რადგან ყველაზე დიდი დეფიციტი და ჩავარდნა ამ ნაწილში გვაქვს. ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხები ჩვეულ რეჟიმში მიდის, აგვისტოს ბოლოს გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა საბჭოზე.

–აქვე გკითხავთ, ხართ თუ არა ჩართული დაანონსებული განათლების ფართო რეფორმის მოსამზადებელ პროცესში?

თავისთავად, ჩვენი ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში. გარკვეული გამოცდილება ამ მიმართებით დაგვიგროვდა და რამდენადაც ეს სასარგებლო იქნება საქმისთვის, მზად ვართ ამისთვის.

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური