GE

გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ

თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრი მე-9 ან მე-10 კლასშია უნდა იცოდეთ, რომ სკოლაში 11-წლიანი სწავლების შემოღების გამო, მათ ვინც ახლა IX და X კლასში სწავლობს, სკოლას ერთდროულად დაასრულებს. ეს კი ნოშნავს, რომ თუკი აქამდე სკოლას დაახლოებით 50 ათასი მოსწავლე ასრულებდა, ახლა მათი რაოდენობა გაორმაგდება, შესაბამისად გაორმაგდება უმაღლესში ჩაბარების მსურველთა რიცხვიც.

განათლების სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ უმაღლესში ჩაბარების მსურველთა გაორმაგებულ რაოდენობას გასული წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობაც დაემატება, რაც რეალურად, გასამმაგებას გამოიწვევს. ანალოგიურ ვითარებას ელოდებიან მაგისტრატურის საფეხურზეც.

ის, რომ 2027-2028 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების გაორმაგებულ რაოდენობასა და გაზრდილ კონკურენციას ელოდებიან, არ უარყოფს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თუმცა საინტერესოა მისი პასუხი კითხვაზე გაზრდიან თუ არა ამ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები ადგილების რაოდენობას:

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

„კონკურენცია ამ ერთ წელიწადში უფრო მაღალი იქნება, ეს ცალსახაა, თუმცა კონკურენციის კომპონენტი, ზოგადად, არის არსებითად გამაჯანსაღებელი იმ პროცესის, რასაც ხარისხიანი სწავლება და ხარისხიანი მაღალი სტანდარტის პროფესიონალების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პროცესი წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კონკურენციის კომპონენტის გათვალისწინებით, სრული სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვით მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში კონკრეტულ პოზიციებზე ის ახალგაზრდები, რომლებიც თავისი ცოდნით დაამტკიცებენ, რომ ისინი მოიპოვებენ ამ ადგილს. რაიმე კვოტის გაზრდაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის, თუმცა ამავდროულად, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა, მიზანი და კონკრეტული ნაბიჯები არის მიმართული პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისკენ…

როდესაც ჩვენ გვექნება ის ერთი წელი, როდესაც მე-11 და მე-12 კლასი გაზრდილი კონტინგენტით დაასრულებს, ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ განვსაზღვრავთ კონკრეტული პროფესიებიდან გამომდინარე, რა საჭიროება გვექნება და სწორედ ამის მიხედვით სამინისტრო წარადგენს ხედვას, რომელსაც მთავრობა შესაბამისი დადგენილების სახით დაამტკიცებს და განსაზღვრავს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში – ეს კერძო უნივერსიტეტებს არ ეხება – 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე რამდენი ადგილი იქნება და ამის მიხედვით, ჩვენ უზრუნველვყოფთ კონკრეტულ მიმართულებებზე ჩარიცხული სტუდენტების მიღებას, მაგრამ მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს ჩარიცხვას, გვექნება სრული მზაობა, რომ შევთავაზოთ სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების, კონკრეტული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა“, – თქვა გივი მიქანაძემ ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს დასმული კითხვის პასუხად.

ასევე იხილეთ:

მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური